ავტორი:

25 აგვისტოდან მკითხველი "ფენიქსის“ 4 ალტერნატიულ დასასრულს გაეცნობა

25 აგვისტოდან მკითხველი "ფენიქსის“ 4 ალტერნატიულ დასასრულს გაეცნობა

25 აგვისტოდან „ფენიქსის“ 4 ალტერნატიული დასასრული გამოდის: „გათავისუფლება“, „ლაბირინთი“, „სიჩუმე“ და „ელიტები“, შესაბამისად, მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს როგორც „გადატვირთვის“, ისე „ჩაფერფვლის“ ისტორიების გაგრძელებას და შეიტყოს, რა მოსდით ინტერაქციული რომანის გმირებს, როგორ ვითარდება მათი ცხოვრება.

„ფენიქსი“ პირველი ქართული ინტერაქციული წიგნია, რომელშიც მკითხველი გაგრძელებასა და დასასრულს თავად ირჩევს, საკვანძო მომენტებში თავად წყვეტს, როგორ გაგრძელდეს ამბავი, ვისთან ერთად წავიდეს მთავარი გმირი და როგორ გააგრძელოს მოქმედება.

მკითხველისთვის საინტერესოა ისიც, რომ წიგნი არ იკითხება თანმიმდევრობით, არამედ თავად შეგვიძლია, შევარჩიოთ, რომელი გაგრძელება გვსურს და ამის მიხედვით ავაწყოთ რომანი. ეს ერთგვარი ფაზლია, რომლის აწყობაც სრულ სურათს დაგვანახებს.

„ფენიქსის“ თითოეულ ნაწილს სხვადასხვა ავტორი ჰყავს, რომელთაც ისტორიები თავისებურად განსხვავებულად და საინტერესოდ განავითარეს. ავტორებს მკითხველი უკვე კარგად იცნობს და მათი რომანები ბესტსელერებადაც იქცა. ელის დოჯსონი, თეა ინასარიძე, ტორესა მოსი და ნიკოლას მაჩაბელი „ფენიქსის“ სხვადასხვა ნაწილის, მაგრამ ერთი ამბის ავტორები არიან, რომელთაც მკითხველს საშუალება მისცეს, პერსონაჟის ცხოვრება თავიანთი შეხედულების მიხედვით განავითარონ.

ყველაფერი კი იწყება პირველი ნაწილით - „ასტროიდით“, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირის - სალის შესახებ მოგვითხრობს. გოგონა პროფესიით ქიმიკოსია, სწავლის პარალელურად კი კაფეში ბარისტად მუშაობს. მისი თითქოს მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება მალე სულაც არ იქნება ისეთი ჩვუელებრივი, როგორც ყოველთვის იყო.

„ასტროიდში“ ის ორი ადამიანს ხვდება: ახალგაზრდა სიმპათიურ, მუდამ მკაცრი დრესკოდის მქონე მამაკაცს ვატოს, რომლის სპორტული საათი - „გარმინის“ „ფენიქსი“ სალის ყურადღებას იპყრობს და გიგას, რომელიც გოგონასთან დაახლოებას ცდილობს და მას კინოში დაპატიჟებს. გიგასთან შესახვედრად წასული სალი კი გზად, მეტროს ბაქანზე ვატოს ხვდება და მისგან დახმარების თხოვნას იღებს, აი, აქ უნდა გადაწყვიტოს მკითხველმა, როგორ გაგრძელდეს სალის ისტორია!

„ასტროიდის“ ორ ალტერნატიულ გაგრძელებაში მოვლენები სალის არჩევანის მიხედვით ვითარდება. თუ გსურთ, რომ სალი ვატოს გაჰყვეს, „გადატვირთვა“ უნდა წაიკითხოთ, ხოლო თუ გიგას - „ჩაფერფვლა“. „გადატვირთვა“ საიდუმლო ისტორიების, ორმაგი ცხოვრების, მისტიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, ხოლო „ჩაფერფვლა“ - დეტექტივი, კრიმინალური ისტორიები.

თუ „გადატვირთვის“ ხაზს მიჰყვებით და „კულტი“ და „გაქცევა“ უკვე წაიკითხეთ, მაშინ „სიჩუმე“ და „ელიტები“ დაგაინტერესებთ. „ჩაფერფვლის“ ისტორია კი „ზღვარზე“ და „დაბადების დღით“ გრძელდება, რასაც მოსდევს „გათავისუფლება“ და „ლაბირინთი“.

ეს მისტიკით, კრიმინალით, უცნაური და საინტერესო ისტორიებით სავსე ინტერაქციული წიგნი ქართველი მკითხველის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. მისი ბოლო ნაწილები დღის შუქს მალე იხილავენ და შევიტყობთ, როგორია პირველი ქართული ინტერაქციული რომანის ყველა ალტერნატიული დასასრული.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-18)

24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა

"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ