ავტორი:

"იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როცა ადამიანი უკვე გარდაცვლილია" - რაგბიდან სამაშველო სამსახურში წასული მყვინთავის ისტორიები

"იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როცა ადამიანი უკვე გარდაცვლილია" - რაგბიდან სამაშველო სამსახურში წასული მყვინთავის ისტორიები

არაერთი კამპანიის მიუხედავად, სასწავლო წლის დასრულებას ყოველთვის თან ახლავს ტრაგედიები... ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილს რჩევის მიღებაც უჭირს, რაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ.

სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი მაიორი, ვარაზი წოწონავა იმ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც მასა და მის კოლეგებს, ლამის საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუწია დაკარგული ადამიანის ცხედრის ძებნა და ამოყვანა. იყო შემთხვევები, როდესაც მისი კოლეგები ამ საქმეს შეეწირნენ...

ვარაზი წოწონავა, მაიორი:​

- დაახლოებით 20 წელია ამ პროფესიას ვემსახურები. წლების წინ, შესაბამისი ეკიპირების გარეშე, ლამის შიშველი ხელებით გვიწევდა დავალების შესრულება. უამრავი მძიმე შემთხვევა მახსოვს, მაგრამ ჩემს გამოცდილებაში განსაკუთეებით მძიმე იყო ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩავარდნილი გოგონას ცხედრის ამოყვანა.

ოთხკაციანი ჯგუფი წავედით. სრული ეკიპირებით ვიყავით... როდესაც იმ დღეს ვიხსენებ, არ შემიძლია ლაგოდეხის მოსახლეობის თანადგომაზე, თავდადებასა და მონდომებაზე არ ვისაუბრო. ამდენი წელია ამ სამსახურში ვარ და ასეთი ერთობა არ მინახავს. მეგონა, ყველა დაკარგული ბავშვის ნათესავი იყო, უბრალოდ იქაურები ყოფილან. ასეთ დროს სახლში რა გაგვაჩერებდაო...

ჩანჩქერამდე გამთენიას მივედით. განათება რომ ჩავრთეთ, მივხვდი, საკმაოდ მძიმე რელიეფური მდებარეობა იყო. ჯერ იმ მხრიდან მოვსინჯეთ შესვლა, სადაც ადგილობრივები მაჩვენებდნენ ბავშვის ჩავარდნის ადგილს, მაგრამ ჩანჩქერი ქვებზე ისეთი სიმძლავრით და სისწრაფით ეცემოდა, ლამის ფეხი მომაწყვიტა... არადა, წყალი ღრმა არ იყო, 1-2 მეტრამდე იქნებოდა. უბრალოდ, ჩანჩქერის გამკლავება იყო შეუძლებელი იყო. მოსახლეობასთან ერთად, წყლისთვის მისამართის შეცვლა გადავწყვიტეთ, რათა დარტყმის ძალა შეგვემსუბუქებინა.

ქვებით კედელი ამოვაშენეთ და ჩანჩქერს მიმართულება შევუცვალეთ. წყლის დაცემის ძალაც ცოტათი შემცირდა. რამდენიმე ჩაყვინთვის შემდეგ, ვითარება რაღაც დონეზე შევისწავლე. წყლის ქვეშ, ქვების გარშემო, ხეებიც იყო ჩახერგილი, რაც სიტუაციას ართულებდა... მყვინთავებისთვის ერთი დაუწერელი კანონი არსებობს, - სიფრთხილე და უსაფრთხოების წესების დაცვა - თუ შენი თავი არ დაიცავი, ვეღარც სხვას დაეხმარები.

- ქვების ქვეშ გიწევდათ ძებნა?

- დიახ. საბოლოოდ, ჩანჩქერის დაშვების საპირისპირო მხრიდან შევედი. ძალიან ძლიერი დინება იყო და შიგნით ანუ ქვების ქვეშ ვეღარ შევდიოდი... გარშემო ტერიტორია შევამოწმე, იქნებ რამე მოსაჭიდი ვიპოვო, რისი დახმარებითაც შევაღწევ-მეთქი... ჩასვლამდე მაჩვენეს დაახლოებითი ადგილი, სადაც ბავშვი ჩავარდა, მაგრამ ვარაუდით ამბობდნენ და შეიძლებოდა, დინებასაც წაეღო. ცხედრის პოვნის შემდეგ, ამოყვანის გეგმას შევადგენდით... რამდენიმე ხნიანი ძებნის შემდეგ, ხელის ცეცებით ვიპოვე ცხედარი. ზემოთ მყოფებს ვუთხარი, - სავარაუდოდ ვიპოვე, მაგრამ უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის-მეთქი. იმ ადგილიდან ქვების გატანა დავიწყეთ. თან მეშინოდა, წყლის დინებას ცხედარი არ წაერთვა.

ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა მოსასმენად, შესასრულებლად ათასჯერ საშინელი, მაგრამ ასეთ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, საქმე ბოლომდე მივიყვანო. გოგონას ძმაც იქვე ტრიალებდა. მის თვალებში უდიდესი ტრაგედია იკითხებოდა...

ძლიერი დინების გამო თოკით კვანძს ვერ ვაკეთებდი. ზემოთ მყოფებმა ჩანჩქერსა და ქვას შორის, დიდი მორი ჩააგდეს და წყლის შემოდინება შემცირდა... საუბარია, 15-20 მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ძალზე საშიში ადგილია. ქვების ქვეშ შევძერი, მაგრამ მოტრიალება ვერ მოვახერხე. ბავშვისსხეულს ხელი დავავლე და უკუ სვლით წამოვედი... როდესაც წყლის ზედაპირზე ამოვედი, შვებით ამოვისუნთქე, რადგან ამის გაკეთება შევძელი. არ მინდა, ოდესმე ვინმეს იმ რამდენიმე საათის გავლა მოუწიოს. ეს კოშმარი იყო.

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- მაშველობაზე არასდროს მიოცნებია. მორაგბე ვიყავი. მაშინ ეს სპორტი ასეთი პოპულარული არ იყო. მერე მეგობარმა მითხრა, სამაშველო-სამსახურში დაგაწყებინებ მუშაობასო და დავთანხდმი... ფიზიკური მონაცემებიც მიწყობდა ხელს. არაერთი ხიფათის და სარისკო ვითარების მიუხედავად, დღემდე მოვედი. წყალქვეშ მუშაობა, სხვა სამყარო იყო ჩემთვის.

მით უფრო, რომ მღვრიე წყალში მიწევს მუშაობა, სადაც ხილვადობა არ არის. წყლის შიში არ უნდა ჰქონდეს, თორემ დაიბნევი. მე სერთიფიცირებული მყვინთავი ვარ, მაგრამ ყველანაირი წვრთნა სუფთა წყლებში, ზღვაზე და ან თუნდაც მდინარეებში გავიარე, მუშაობა კი, მღვრიე, ბინძურ წყლებში მიწევს, სადაც ბნელა... ვცადე ეს სხვებისთვის მესწავლებინა, თავად მთხოვეს, მაგრამ ვერ შეძლეს. თუმცა, მთაში, პროფესიონალები არიან. ზოგი ადამიანი წყალში მუშაობს კარგად, ზოგიც მთაში...

მე ვცდილობ წყლისქვეშ “ჩემი ფსიქოლოგია” შევქმნა, ჩემს თავს ვეუბნები, არაფერი დაგემართება, ჟანგბადი გაქვს, დაცული ხარ და იმუშავე, სიბნელეზე არ უნდა იფიქრო-მეთქი.

- მღვრიე წყალში მუშაობისას, ხმელეთიდან ვიღაც გაკონტროლებთ, არა?

- დიახ, მარტო მუშაობა შეუძლებელია, რადგან გააჩნია, რამდენი ხანი გიწევს იქ ყოფნა და რა სიღრმეზე ხარ... თოკით ვარ ჩაბმული მეორესთან. სამი სახის სიგნალი გვაქვს – ერთი ჩამოქაჩვა ნიშნავს, - გამაჩერე! ანუ მოძრაობის საშუალება არ მოგცენ, ორჯერ ჩამოქაჩვით ვანიშნებთ, რომ ამომიყვანონ; სამზე მეტი კი, SOS - სიგნალს ნიშნავს, ანუ მყვინთავს პრობლემები აქვს და სასწრაფოდ ამოიყვანონ.

- ალბათ არაეთხელ მოგიწიათ SOS - სიგნალის გამოყენება.

- დიახ. ერთი ასევე გამოცდილი მყვინთავი გვყავს, ბზეკალავა და მასთან ერთად, რუსთავისკენ, მტკვარში მომიწია მუშაობა. ქაფიანი წყალი იყო, თეთრი, მღვრიე და ბინძური... ადამიანი იყო გადავარდნილი და ვერ პოულობდნენ. ჭირისუფალიც იქვე იყო... არ მეგონა, თუ ისეთი მძიმე ვითარება დაგვხდებოდა, თუმცა, მათი შემყურე, იმის თქმა, ვერ ჩავალ, გამოუცდელი ვარ-მეთქი, მომერიდა.

არადა, მყვინთავად მუშაობის ორწლიანი სტაჟი მქონდა. ბზეკალავამაც გამაფრთხილა - არ ჩახვიდეო, მაგრამ დავუჯერე, თოკზე ვარ ჩაბმული, რა უნდა მომივიდეს-მეთქი, იხტიბარი არ გავიტეხე და დინებამ მაშინვე წყლის ქვეშ ნანგრევებში შემითრია. თოკი ისე დაიჭიმა, როგორც არ უნდა დამექაჩა, სიგნალს ვერ მივცემდი. ბევრი ვიწვალე. ხელები რაღაც ნანგრევებში გამეჭედა. ბევრი წვალების შემდეგ, როგორღაც გავთავისუფლდი და ამოვედი... მერე ბზეკალავა ჩავიდა და ამოიყვანა ცხედარი.

- ალბათ მუდმივი ფსიქოლოგური სტრესის გადალახვა გიწევთ.

- შევეჩვიე... ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ნორმატივებს მუდმივად ვაბარებ. იმდენნაირ ვითარებაში, ისეთი რთულ პირობებში ამომიყვანია ცხედარი, არ ვიცი, რამ უნდა გამაოცოს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაც ყოველთვის მაკვირვებს, არის ჭირისუფლის დამოკიდებულება, სანამ ჩავალთ, ისე განიცდიან, პირჯვარს გვწერენ ხოლმე, ღმერთმა მშვიდობით ამოგიყვანოსო. შემდეგაც უამრავ მადლობას გვიხდიან... ძნელია, ამ ყველაფერს ემოციის გარეშე უყურო...

რამდენიმე წლის წინ, ისევ ლაგოდეხის სოფელ ცხრაგორში, ნადირობისას დაკარგული მონადირეების ძებნა მოგვიხდა. ზაფხულში, თოვლი რომ დადნა, ორი ვიპოვეთ, ერთი დღემდე დაკარგულია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირდაპირ უთქვამთ, ქალაქელი მაშველები მთაში ვერ ივლითო, მაგრამ შედეგით გაოცებულან. იმ შემთხვევაშიც ასე იყო - ბიჭების ახლობლებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- წვრთნებს მხოლოდ საქართველოში გადიხართ, თუ უცხოეთშიც?

- ხანდახან უცხოეთშიც გვიწევს. ამასწინათ ყირგიზეთში ტბა ისიკურში გავიარეთ სწავლებები. საქართველოშიც მუდმივად გვიწევს მომზადებები.

- ალბათ ოჯახიც შეეგუა თქვენი პროფესიის რისკებს, არა?

- ოჯახში დეტალურად არასდროს ვყვები სამსახურის ამბებს. მოკლედ ვამბობ, ამოვიყვანე-მეთქი და მორჩა. საერთოდ, თითქმის 20 წელია რაც ამ სამსახურში ვარ. ბოლო წლებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, ზღვაში ნასვამი შესვლა არ შეიძლება, გარკვეული მანძილის შემდეგ აკრძალული ზონაა; მაშველები სანაპიროზე მუდმივად იმყოფებიან და დამსვენებლებს თვალყურს ადევნებენ... ის, რომ თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი გახდა, ერთგვარი პრევენცია აღმოჩნდა. წინა წლებში, ყველაფერი მიშვებული იყო და ტრაგიკული შემთხვევებიც მეტი ხდებოდა... ამას ისიც ემატებოდა, რომ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვქონდა, თუმცა, მუშაობას როგორღაც ვახერხებდით... იმ წლებში ჩვენი სამსახური საგურამოში იყო, იქიდან დავდიოდი.

- პრაქტიკაში ალბათ უამრავი მძიმე შემთხვევა გქონიათ.

- ბევრი რამე მახსოვს... რამდენიმე წლის წინ, მანქანით მიმავალი სასულიერო პირი თბილისის ერთ-ერთი ხიდიდან მტკვარში გადავარდა. ადრიანი გაზაფხული იყო. ასეთ დროს, მტკვარი ადიდებულია და ჩასვლა რისკია. ტექნიკური აპარატის, ანუ ექოლოტის საშუალებით შევამოწმეთ წყლის სიღრმე. მისივე დახმარებით ვარკვევთ დაახლოებით სად უნდა ვეძებოთ ობიექტი.

თუმცა, კონკრეტულად, ადამიანია, მანქანა თუ სხვა რამე, ვერ “კითხულობს". როგორც გითხარით, - მდინარე ადიდებული, სწრაფი და მღვრიე იყო... იმ დღეს ვერ ვიპოვეთ. მეორე დღესაც მომიხდა ჩასვლა, ხელსაწყომ სავარაუდო ადგილის შესახებ მოგვცა ინფორმაციადა ვიპოვეთ კიდეც. სამწუხაროდ, მე იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როდესაც ადამიანი უკვე გარდაცვლილია და ცხედარს ვერ პოულობენ, ან ვერ ამოჰყავთ.

როგორია შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განცხადება

ხევსურეთის ავარიაში დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს - სამივე მათგანი ქალია

“ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, შენს მზესუმზირებზე მითხრეს ვიყიდითო... სიცოცხლით სავსეები” - რას წერს ადგილობრივი ხევსურეთის ავარიაში დაღუპულებზე