ავტორი:

ჯანდაცვის სამინისტრო შატილში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯანდაცვის სამინისტრო შატილში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ.

„უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს.

გვინდა, გამოვეხმაეროთ გაჟღერებულ ინფორმაციას აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანების შესახებ.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 საათზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები ზუსტად 2 წუთში, 17:15 საათზე გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.

სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.

აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი.

რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

"ვიდეოჩანაწერებით, სუს-ის 3 მანქანა გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან, შემდეგ კი შავნაბადას ბაზაზე გაუხვია" - პროკურატურა

საქართველოში მომხდარი დანაშაულები, რომელთა გამოძიებაშიც FBI ჩაერთო