ავტორი:

"დაბადების დღეს ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავს ხოლმე" - რატომ თქვა ტელეფონზე უარი ბუბა კიკაბიძემ, სად გაერიდა ქალაქს და რა მოსწერა 20 წლის გოგომ რუსეთიდან

"დაბადების დღეს ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავს ხოლმე" - რატომ თქვა ტელეფონზე უარი ბუბა კიკაბიძემ, სად გაერიდა ქალაქს და რა მოსწერა 20 წლის გოგომ რუსეთიდან

ბუბა კიკაბიძე ორი თვის წინ 82 წლის გახდა, თუმცა წლები მის პოპულარობას ვერაფერს აკლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში კონცერტი აღარ ჩაუტარებია, მაგრამ სცენაზე დგომა და კონცერტები მაინც არ აკლია. ახლაც, ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე ქვეყანაში მისი 15-მდე კონცერტი გაუქმდა, მიწვეული იყო რამდენიმე ფესტივალზეც...

მობილური ტელეფონი აღარ აქვს, უარი თქვა, რადგან ხშირად ურეკავდნენ ჟურნალისტები და პოლიტიკური შინაარსის კითხვებს უსვამდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ დიდი სიმპათიით არის განწყობილი და "ოცნების" მთავრობასთან ვერ "მეგობრობს", ამიტომაც ბუბას ყველა ინტერვიუს მოჰყვებოდა ხოლმე უამრავი ინტერპრეტაცია... დაბადების დღეზე რუსეთიდან კოლეგები ვერ ჩამოვიდნენ, პანდემიამ შეუშალათ ხელი. თუმცა საღამო შედგა, მაგრამ საკონცერტო დარბაზის ნაცვლად ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში.

ახლა კახეთშია, საყვარელი საქმიანობით, თევზაობით არის დაკავებული... როგორ გრძნობს თავს "ქართული ავიაციის მთავარი მიმინო“, ამის თაობაზე მისი პროდიუსერი რატი აბზიანიძე გვესაუბრა:

- ათი წელია უკვე, რაც ასეთი ტრადიცია გვაქვს - ბატონი ბუბა თავის დაბადების დღეს ბათუმში კონცერტით აღნიშნავს. წელს ხელი პანდემიამ შეგვიშალა და კარგი ალტერნატივა გამოჩნდა რესტორან "სანრემოს" სახით, თუმცა იუბილეს უფრო კონცერტისა და გალა ვახშამის სახე ჰქონდა, რომელსაც ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. საერთოდ, ბუბას დაბადების დღე 19 ივლისს აქვს და ერთი თვის ინტერვალში ვაკეთებთ ხოლმე კონცერტს, რომელსაც საიუბილეოს ვარქმევთ. წარმოუდგენელი იყო პანდემიის პირობებში წესების სრული დაცვით ასეთი საღამოს გამართვა, მაგრამ ძალიან მადლიერები ვართ რომ გამოგვივიდა.

- დაბადების დღე ალბათ ცნობილმა მეგობრებმაც მიულოცეს...

- ერთ-ერთი პირველი, ვინც მიულოცა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იყო.

- მიხეილ სააკაშვილმა არ მიულოცა?

- არ ვიცი ზუსტად, შეიძლება მიულოცა. ზოგადად, ამ დროს ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავს ხოლმე...

- როგორ გრძნობს თავს ბატონი ბუბა, კარანტინის დროს ხომ არ გაუჭირდა მუდმივად სახლში ყოფნა...

- მართალია, უკვე 82 წლის შესრულდა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გრძნობს თავს. პანდემიის დროს ბუბა სულ სახლშია. ხშირად უთქვამს ინტერვიუებში, რომ სცენარს წერს და ამ პერიოდში მისი ხელახლა გადაკითხვითა და გასწორებით იყო დაკავებული. პანდემიის გამო უამრავი კონცერტის გადადება მოგვიხდა - უკრაინაში, ყაზახეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში და საქართველოში, ასევე მიწვეული იყო სხვადასხვა ფესტივალებზე...

- რუსეთში კონცერტის გამართვაზე ისევ უარს ამბობს?

- რა თქმა უნდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღემდე ხშირად იწვევენ. ცოტა ხნის წინ სანკ-პეტერბურგიდან 20 წლის გოგონასგან ძალიან ემოციური წერილი მიიღო, რომელიც წერდა, რომ საქართველო მისი ფილმებით გაიცნო, ძალიან სწყდებოდა გული, რომ ბუბა რუსეთში აღარ ჩადიოდა და წარმოიდგინეთ, ამას წერდა 20 წლის გოგო. ყველა თაობის მსმენელი ჰყავს. რუსეთიდან ხშირად ურეკავენ ცნობილი კოლეგები. ვალერი მელაძე ურეკავს ხშირად და კითხულობს, ასევე ის და თამრიკო გვერდწითელი ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ბათუმში საიუბილეო კონცერტზე. კონცერტების გადადების გამო, ბუბა ცოტა შეწუხებული იყო, რადგან სცენა მისთვის უმნიშვნელოვანესია, ამ დროს სხვა ადამიანი ხდება. ასევე ჰქონდა უკრაინიდან შემოთავაზება, ფილმში უნდა გადაეღოთ, რომელიც ასევე გადაიდო.

- რატი, რატომ გადაწყვიტა, ტელეფონზე უარის თქმა?

- ხშირად ურეკავდნენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, ინტერვიუს წერდნენ, კითხვებს უსვამდნენ, რომელსაც შემდეგ სხვა ინტერპრეტაციით აქვეყნებდნენ. გაურკვეველი ხალხი იყო, ზოგი ბლოგერი... დაიღალა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ტელეფონზე საერთოდ უარი ეთქვა. ახლა კახეთში ისვენებს და თევზაობს. ეს საქმე არის მისთვის მეორე ყველაზე დიდი გატაცება კინოსა და მუსიკის შემდეგ. ყველაზე მეტ ადრენალინს აძლევს.

"ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა" - ნატალია ქუთათელაძის მსოფლიო წარმატება

"მაწუხებს ბუბას ამბავი... ვაითუ, თავს მოგახვიონ რუსეთთან მეგობრობაც“ - კიკაბიძის მილოცვა და შირვინდტის იუმორისტული პასუხი

"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?