ავტორი:

"ოსები იმასაც ამბობენ, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგიო..." - რა ხდება ცხინვალში?

"ოსები იმასაც ამბობენ, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგიო..." - რა ხდება ცხინვალში?

"ახლა ვითარება ოდნავ ჩაწყნარებულია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ხალხი ითხოვს სამართალს და ეს მხოლოდ მაშინ აღსრულდება, როდესაც გენერალური პროკურორი და ანატოლი ბიბილოვი გადადგებიან... მხოლოდ ჯაბიევის წამების ამბავი არ არის - უამრავი რამ დაგროვდა. ის უბრალოდ ბოლო წერტილი იყო აფეთქებისთვის. არავინ იცის რამდენი ჯაბიევი ჰყავს შეწირული ამ მთავრობას. ბიბილოვი პუტინივით მოქმედებებს - განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აქრობს..." - ასე გადმოსცემს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ახალგორელი ოსი, ცხინვალში მიმდინარე პროცესებს.

მისივე თქმით, ცხინვალელი ნათესავებისგან იცის, რომ აქციების გაგრძელებას გეგმავენ, რადგან სხვა შემთხვევაში, არც ბიბილოვი გაჩერდება და შეეცდება, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ჯაბიევების ოჯახს მხარში დაუდგა, სათითაოდ გაუსწორდეს და მოიშოროს.

სამი შვილის მამა, 28 წლის ინალ ჯაბიევი, ცხინვალში ე.წ. სპეცსამსახურმა 26 აგვისტოს, ე.წ. შსს მინისტრის მანქანაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში ჯაბიევს ორი დღის განმავლობაში აწამებდნენ, რის შემდეგაც გარდაიცვალა... გავრცელდა მისი ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ჯაბიევს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"ანატოლი ბიბილოვ, შენ მკვლელი ხარ!.. სადისტო, ამ საქმეს გადაგაყოლებთ, რომ ხვალ და ზეგ სხვებსაც ასე არ მოექცე!..." - წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები და საპროტესტო ტალღაც აგორდა, რომლის ფონზეც, ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა, შემდეგ კი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა. ამის შემდეგ, ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. თუმცა, აქციის მონაწილეები "გენერალური პროკურორისა" და თავად ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინალ ჯაბიევის ნათესავები, იმ ე.წ. სამართალდამცავებზე, რომლებიც მათი ახლობლის წამებაში მონაწილეობენ, თავად აპირებენ შურისძიებას.

"არ ვიცი, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს თუ არა. ამბობენ, რომ ბიბილოვის ხალხი აქციის მონაწილეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. ერთი-ორმა ოსმა თქვა, ქართველები რომ შემოაკვდათ წამებაში და ხმა არავის ამოგვიღია, ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგიო... ამ კორონას ფონზე ძალიან გაიზარდა უკმაყოფილება, რასაც ემატება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, კრიმინალური, სოციალური... ხალხი აცნობიერებს, რომ თუ ახლა გაჩერდა და ბიბილოვს გაუვიდა, შემდეგ უარესი მოგვივა და ეს აუცილებლად შეგვეხება, რადგან რაც დრო გადის, სულ ურო გვიჭერენ მარწუხებს - ყველაფერი, მათ შორის პირველადი მოხმარების სურსათი და მედიკამენტები, სულ უფრო ძვირდება, ქართულ მხარეს გზის გახსნის პერსპექტივა კი, შორეული ხდება..." - ამბობს ახალგორელი ნინა.

ადგილობრივების თქმით, ბიბილოვი ხალხს შეჰპირდა, რომ გენერალურ პროკურორს ურუზმაგ ჯაგაევს გადააყენებდა, თუმცა, მათ უმეტესობას ამის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ბიბილოვს უბრალოდ სიტუაციის ჩაცხრობა სურს.

"ბიბილოვი ცდილობს სამართალდამცავები ვენდეტას აარიდოს და თან "ქალაქელი ახალგაზრდების" მიერ წამოწყებული საპროტესტო ტალღა ჩააცხროს. ასეთებს ცხინვალში უწოდებენ მათ, ვინც კონფლიქტის დროს აქაურობა არ დატოვა. შესაძლოა, მათ შორის ჯაბიევიც ყოფილიყო. ისინი ქალაქის ტრადიციას იცავდნენ და კოლორიტებად ითვლებოდნენ...

ახლა ამ პროტესტის გაფანტვას კოკოითი თავისი მოსკოვში მიღებული გამოცდილებით ცდილობს... ის აშკარად ამეტებს, როდესაც სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხეზე საუბრობს. "ჯაბიევს ახლობლები არავითარ ვენდეტას არ აპირებენ, ეს ხალხი დამნაშავეების დასჯას ითხოვს, რათა დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს" - წერს ekhokavkaza.com-ის ჟურნალისტი, მურატ გუკემუხოვი, რომლის თქმითაც, ედუარდ კოკოითი ამ შეთხვევით ცხინვალში პოზიციების გამყარებას ცდილობს.

ჯაბიევის ნათესავებს და მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ისინი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის - ურუზმაგ ჯაგაევის პოსტიდან გადადგომასთან ერთად, ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

  • შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი დაბა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს და იქიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ის თავად ახალგორელი დევნილი იყო და იქ ხანდახან ჩადიოდა, სადაც მცირე ბიზნესი ჰქონდა. დაკავებიდან მეორე დღეს ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას, კიბეზე დაგორდა. მოგვიანებით კი, ცხინვალის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ეს ვერსია რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ მისი ცხედარი ოჯახს გადასცა, თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა... მაშინ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა დაწერა, რომ ბორკილებიან ტატუნაშვილს დაუნდობლად სცემეს... კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა 2014 წელსაც, - 18 წლის დავით ბაშარული ივნისში გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ის ჯერ წამებით მოკლეს, შემდეგ კი, ისე წარმოაჩინეს, თითქოს მან ტყეში ხეზე თავი ჩამოიხრჩო. მაშინ ადგილობრივი მედია წერდა, - რამდენიმე თვის დასაფლავებული ცხედარი ჩამოკიდეს ხეზეო...

"აფხაზეთში ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს" - რას წერს ადგილობრივი მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ" - ანატოლი ბიბილოვი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს