ავტორი:

"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული

"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული

2019 წლის 20 ივნისის აქციაზე, ზუგდიდის თეატრის მსახიობი დემეტრე ნაყოფია ერთ-ერთი იყო, რომელიც მძიმედ დაშავდა. ფოტომ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ სდის ახალგაზრდა კაცს თვალიდან სისხლი, სხვა მძიმე ფოტოებთან ერთად, უცხოური გამოცემები მოიარა.

იმჟამად დემეტრეს თვალის მთლიანობა შეუნარჩუნეს, თუმცა სხვა დაზარალებულებთან ერთად, აუცილებელი გახდა, რომ მკურნალობა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გავრილოვის ღამის" დაზარალებულებს სახელმწიფო უფასოდ უმკურნალებდა. მსახიობის მკურნალობის კურსი ისრაელში უნდა გაგრძელებულიყო, სადაც ექიმის თქმით, მხედველობის ნაწილობრივი აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა. ის რამდენჯერმე მართლაც იმყოფებოდა ამ ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა მკურნალობის პროცესი ჯერაც ვერ დაასრულა - პანდემიის გამო დემეტრე ნაყოფიას ისრაელში გამგზავრება გაურკვეველი დროით გადაიდო.

აქამდე მსახიობი მედიასთან საუბრისგან თავს იკავებდა. ახალგაზრდა უყურადღებობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსს ავთანდილ თალაკვაძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ რამდენიმე თვეა მის ზარსა და შეტყობინებებს სახელმწიფო მოხელეები არ პასუხობენ.

ავთანდილ თალაკვაძე 2015 წლიდან დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.

დემეტრე ნაყოფიას თქმით, სწორედ ავთანდილ თალაკვაძემ ჩაიბარა მისი მკურნალობის სრული კურსის უზრუნველყოფა და ჯერ კიდევ თბილისში, საავამდყოფოში მყოფს დაჰპირდა, რომ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანდა.

- თებერვალში უნდა წავსულიყავი ოპერაციაზე და მას შემდეგ, ასე ვარ. ავთო თალაკვაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემს მკურნალობაზე, მაგრამ კონტაქტზე აღარ გამოდის. საერთოდ არანაირი პასუხი აღარ მაქვს ამ ადამიანისგან.

ვიღაც “მესამე” პირები ხან გამოდიან კავშირზე, ხან ისევ ქრებიან. მახსოვს, როდესაც ცნობილი მოვლენები მოხდა, როგორ იჯდა ჩემს პალატაში იგივე ავთო თალაკვაძე და მპირდებოდა, რომ ყოველთვის უპასუხებდა ჩემ ზარებს და მკურნალობასთან დაკავშირებით შეფერხებები არ მექნებოდა. მესმის, კორონავირუსის და მსოფლიო პანდემიის წინაშე რომ ვდგავართ და ლოგიკურად ის პერიოდი, საერთოდ არ შემიწუხებია, თუმცა ვიცი, რომ ისრაელში სპეციალურმა რეისებმა, მხოლოდ გარკვეული დროით შეწყვიტეს ფრენა...

- დემეტრე, რა სახის მკურნალობა გაქვს დარჩენილი?

- ჩრდილებს ვხედავ, ბადურის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და პლასტიკური. ისრაელში მელოდებოდა ექიმი, რომელიც ჩემი ჩასვლის დღიდანვე მმკურნალობდა და თავისთავად ცხადია, რომ მასთანვე უნდა დავასრულო მკურნალობის პროცესი. ვიმეორებ, გასაგებია, რომ პანდემიაა და ჩავიკეტეთ, მაგრამ ახლა საქართველო მწვანე ქვეყნების სიაშია, ახლა ხომ აღარ არის კარანტინი და აგვისტოს შუა რიცხვების მერე უკვე 20 დღე გავიდა თითქმის, მაგრამ ამ ავთო თალაკვაძეს ვერაფრით ვუკავშირდები ისევ. ისევ რაღაც მიზეზებით რეკავენ ზემოთ ნახსენები "მესამე" პირები და რაღაც პირდაპირ რეისების აღდგენაზე მელაპარაკებიან... ანუ მართლა ადამიანურად არ მესმის ასეთი ცვლილება, ადამიანი მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნება, ბოლომდე გიმკურნალებთო, ყველაფერი გადახდილიაო, ძალიან თავაზიანი და მეგობრული იყო, 2019 წელს და 2020 ში სულ სხვა ინდივიდი "გამოიჩეკა".

- აქამდე თავს იკავდებდი ინტერვიუსგან...

- რა ვიცი, რაზე უნდა მელაპარაკა, რაც არ უნდა მეთქვა, გააპოლიტიზირებდნენ და უბრალოდ გავიმეორებ, აქაც და ყველგან ვამბობ, რომ ქართულ პოლიტიკას სერიოზულად არ ვუყურებ. ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ცოტა მაინც გაეგება პოლიტიკის, ალბათ ხვდება, რომ რაც აქ ხდება, აბსურდია.

- ისრაელში თუ ხდება ამ პერიოდში სხვა პაციენტების გადაყვანა?

- დანამდვილებით ვიცი, რომ კვირაში რამდენიმე სპეციალური რეისი ხორციელდება... დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოსთვის ამის მოგვარება არ უნდა იყოს რთული.

- გიორგი გახარიასთან დაკავშირების მცდელობა ხომ არ გქონია, რათა გაეგო, რომ 20 ივნისს დაზარალებულს არ მკურნალობენ...

- არა, გიორგი გახარიასთან არაფერზე მაქვს სალაპარაკო. სასაუბრო, მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, თვითონ უნდა ჰქონდეს. შემიძლია გამოვყო რამდენიმე ადამიანი, ისიც მხოლოდ ადამიანური ნიშნით, ვინც გულწრფელად ინტერესდება ჩემი მდგომარეობით. სულ ეგ არის.

ჩემი მოქალაქეობრივი მოთხოვნა და შემდეგ რჩევა იქნება, მოაშორონ ასეთი არაკომპეტენტური კადრები, თუ უნდათ, მართლა როდესმე აშენდეს, ეს ქვეყანა.

ambebi.ge შეეცადა ავთანდილ თალაკვაძეს დაკავშირებოდა, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი პრესსამსახურის საშუალებით გაგვეგზავნა კითხვები.

  • რატომ არ პასუხობენ დემეტრე ნაყოფიას ზარებს და როდის გახდება შესაძლებელი მსახიობის ისრაელში სამკურნალოდ გადაყვანა?

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს უზრუნველყოფს. ცენტრი ასევე კოორდინაციას უწევს ქვეყანაში მომხდარ შემთხვევებზე გადაუდებელ რეაგირებას და მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.

ავთანდილ თალაკვაძე, როგორც აღნიშნული ცენტრის დირექტორი, ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შედეგად, საქართველოში საჰაერო და სახმელეთო გადაადგილება შეიზღუდა, რის გამოც მოქალაქეებს არ შეეძლოთ სახელმწიფო საზღვრის დატოვება. მათ შორის - 20 ივნისს დაშავებულ პირებს, რომლებიც პერიოდულად საზღვარგარეთ მკურნალობდნენ. გერმანიასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე, სახელმწიფომ უზრუნველყო დაშავებულთაგან 2 პირის გერმანიაში გამგზავრება მკურნალობის გასაგრძელებლად. მათგან ერთი უკვე დაბრუნდა ქვეყანაში, მეორე კი - ამჟამადაც აგრძელებს მკურნალობას. ამავდროულად, ასევე იგეგმება კიდევ 3 მოქალაქის აღნიშნულ ქვეყანაში გამგზავრება.

რაც შეეხება ბატონ დემეტრე ნაყოფიას, სახელმწიფოს მხარდაჭერით მკურნალობის კურსი მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ისრაელში, სადაც ის გლობალური პანდემიით გამოწვეული ვითარების გართულებამდე (რასაც მოჰყვა ფრენების შეზღუდვა), რამდენჯერმე იმყოფებოდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველო-ისრაელის საჰაერო მიმოსვლა კვლავ შეჩერებულია, რის გამოც ბატონ დემეტრეს სახელმწიფომ მკურნალობის გაგრძელება გერმანიაში შესთავაზა. რაც შეეხება პირის ისრაელში მკურნალობის გაგრძელებას, მისი გამგზავრება შესაძლებელი იქნება ფრენების აღდგენისთანავე“.

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების დღიდან, დემეტრე ნაყოფიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო უწევს კოორდინირებას პირის სამკურნალო პროცესს და უზრუნველყოფს ყველა ხელმისაწვდომი სერვისის მიწოდებას.

დემეტრე ნაყოფიას მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინიტრო და "ფონდი ქართუ" აფინანსებს. ამ დრომდე, მისი მკურნალობისთვის ჯამში 256 147 ლარი დაიხარჯა“.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პასუხის შემდეგ, კითხვით, თუ რატომ თქვა დემეტრე ნაყოფიამ გერმანიაში მკურნალობის კურსის გაგრძელებაზე უარი, მსახიობს დავუკავშირდით...

დემეტრე ნაყოფია:

- გერმანიაში წასვლა ახლა შემომთავაზეს, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ საჯაროდ ვაპირებდი უკმაყოფილების გამოთქმას, ესეც ავთოს შეცდომათა ჯაჭვის ნაწილია.

"დაიჯერეს, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - მარინა ენდელაძე რამდენიმედღიანი პიკის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას პროგნოზირებს

დატოვა თუ არა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ? - ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ

„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა