ავტორი:

რუსულმა ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოამუშავა - რა წერია რუსი მეცნიერების მოხსენებაში

რუსულმა ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოამუშავა - რა წერია რუსი მეცნიერების მოხსენებაში

რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა, თუმცა ეს ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარებამდე გააკეთა, რის გამოც, დასავლელი მედიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.

დარგის ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებს ვაქცინის უსაფრთხოებაში ეჭვი შეაქვთ, ვინაიდან, ის რეკორდულად მცირე დროში შექმნეს.

როგორც BBC წერს, რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშის მიხედვით, ვაქცინის ადრეულმა ტესტებმა აჩვენა ნიშნები იმისა, რომ ის ადამიანს COVID-19-სადმი იმუნიტეტს უმუშავებს.

ანგარიში გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში. მასში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანს, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდა და არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტი.

რუსეთმა აღნიშნული ვაქცინის ადგილობრივად(რუსეთში) გამოყენების ლიცენზია აგვისტოში გასცა. როგორც BBC წერს, ახლადგამოქვეყნებული ანგარიში რუსეთის ერთგვარი პასუხია კრიტიკოსებისადმი.

  • რა წერია დასკვნაში?

რუსული ვაქცინის ორი სატესტო ვარიანტი, სახელად "სპუტნიკ-V” ივნისსა და ივლისში გამოსცადეს. ანგარიშის თანახმად, კვლევაში ჩართულ მოხალისეებს ჯერ ერთი დოზა გაუკეთეს, ხოლო სამი კვირის შემდეგ, მათ ვაქცინაცია კვლავ ჩაუტარეს, ამჯერად დოზა გაზარდეს.

კვლევაში ჩართულ ადამიანებს 42 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ვაქცინაციიდან სამი კვირის განმავლობაში მათ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები განუვითარდათ. უმეტეს მათგანში გვერდითი ეფექტი იყო თავის ტკივილი და სახსრების ტკივილი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის განვითარების მესამე ფაზის ფარგლებში ვაქცინაცია ჩაუტარდება 40 000 მოხალისეს.

ვაქცინა მოსკოვის გამალეას სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა.

"ეს არის "სპუტნიკის“ მომენტი", - ამბობდა ჯერ კიდევ აგვისტოში რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი, რომელიც ვაქცინასთან დაკავშირებულ კვლევას აფინანსებს და ამ ფრაზით ხაზს გაუსვა 1957 წლის წარმატებას, როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში მსოფლიოს პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა.

"ამერიკელები გაკვირვებულები იყვნენ, როდესაც თანამგზავრის გაშვების შესახებ გაიგეს. ვაქცინასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება. ვაქცინა პირველად რუსეთს ექნება“, - ამბობდა კირილ დმიტრიევი.

დარგის დასავლელი სპეციალისტების აზრით, ის, რაც ბოლო პერიოდში რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ხდება, კრემლის პოლიტიკაა, რომელსაც სურს, რუსეთი გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვან სამეცნიერო ძალად წარმოაჩინოს. მეცნიერთა ნაწილი შეშფოთებულია იმით, რომ ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე არასრულფასოვნად წარიმართა.

რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმაც. მისი თქმით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

"იმედი მაქვს, რუსებმა დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს,” - განაცხადა ფაუჩიმ ABC News-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ. ვაქცინები უკვე შექმნილია, თუმცა მეცნიერები ახლა კვლევის ფაზაზე არიან, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება უნდა დადგინდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის მიწურულისთვის უკვე უნდა ჰქონდეს, ხოლო მისი ფართომასშტაბიანი გამოყენება, სავარაუდოდ, 2021 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება.

"ამ დროისთვის "დექსამეტაზონი" ერთადერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის დროს ეფექტურია" - ჯანმოს დირექტორი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის "სკანდალური" ფოტოები, რომელთა გამოც, მას საზოგადოება აკრიტიკებს - "ასეთი სურათები არ შეეფერება"

ომი და კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები - როგორია ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში