ავტორი:

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

რუსეთი გეგმავს იყოს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ოფიციალურად მიიღებენ და ფართო მოხმარებაში ჩაუშვებენ და ყოველივეს ორ კვირაზე უფრო ნაკლებ დროში გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ CNN წერს. გამოცემების ცნობით, ეს მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის უსაფრთხოებასთან და მის ეფექტურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.

რუსეთის ოფიციალური პირები CNN-თან ამბობენ, რომ ისინი მუშაობენ, რათა 10 აგვისტოსთვის, ან უფრო ადრე, შესაბამისი სამსახურების მიერ დადასტურებული ვაქცინა ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ ვაქცინა მოსკოვის გამალეას სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა.

"ეს არის "სპუტნიკის“ მომენტი", - ამბობს რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი, რომელიც ვაქცინასთან დაკავშირებულ კვლევას აფინანსებს და ამ ფრაზით ხაზს უსვამს 1957 წლის წარმატებას, როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში მსოფლიოს პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა.

"ამერიკელები გაკვირვებულები იყვნენ, როდესაც თანამგზავრის გაშვების შესახებ გაიგეს. ვაქცინასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება. ვაქცინა პირველად რუსეთს ექნება“, - ამბობს კირილ დმიტრიევი.

CNN-ის ცნობით, რუსეთს არ გამოუქვეყნებია არანაირი მეცნიერული კვლევა ვაქცინის ეფექტიანობასთან და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გამოცემამ ვერ შეძლო აღნიშნულ საკითხებზე პასუხების პოვნა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის, რაც ბოლო პერიოდში რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ხდება, კრემლის პოლიტიკაა, რომელსაც სურს, რუსეთი გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვან სამეცნიერო ძალად წარმოაჩინოს. მეცნიერთა ნაწილი შეშფოთებულია იმით, რომ ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე არასრულფასოვნად წარიმართა.

რუსი მეცნიერების თქმით კი, ვაქცინა სწრაფად განვითარდა, რადგანაც სხვა დაავადებებისთვის განკუთვნილი ვაქცინების მოდიფიცირება მოახდინეს. მათი თქმით, მსგავსი მიდგომა სხვა ქვეყნებშიც არის მიღებული.

კირილ დმიტრიევი ამბობს, რომ რუსეთმა მსოფლიოში ლიდერის პოზიციები დაიკავა ებოლასა და MERS-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებაში. საინტერესო ისაა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მსოფლიოს MERS-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ აქვს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ როდესაც ვაქცინას დაადასტურებენ, მას პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი გაიკეთებს.

ცნობისთვის, ივნისში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად რამდენიმე მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რუსლან ცალიკოვი ამბობს, რომ კლინიკური კვლევები უკვე დასრულდა და მოხალისეები საავადმყოფოდან გაწერეს.

"საავადმყოფოდან გაწერის მომენტში უკლებლივ ყველა მოხალისეს ჰქონდა იმუნიტეტი და თავს გრძნობდა ნორმალურად. ამგვარად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი სამამულო ვაქცინა უკვე მზადაა", - განაცხადა ცალიკოვმა.

რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და სულ COVID-19-ის 823 515 შემთხვევაა აღწერილი.13 504 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 612 217 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

უკრაინელი რეპერის ცხედარი ცოლმა დაანაწევრა და მაცივარში შეინახა - რუსეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ