ავტორი:

Capacity Media: „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების  განზრახვა არ შეცვლილა და „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინვესტიციისთვის მზად არიან

Capacity Media: „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების  განზრახვა არ შეცვლილა და „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინვესტიციისთვის მზად არიან

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსისთვის" მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

„კავკასუს ონლაინმა“ მოთხოვნის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია და ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა კიდეც. მარეგულირებელმა ორგანომ ის რამდენჯერმე, მათ შორის უკვე 3-ჯერ მაქსიმალური სანქციით, 270 000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები საზაფხულო სესიის მიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო და ასევე დაჩქარებული წესით მოჰყვა ამ ყველაფერს უმკაცრესი შეფასებები საერთაშორისო დონეზე. მაღალი რანგის დიპლომატები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის გაცხადებული ზეწოლა ბიზნესზე, რაც ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს ზიანს აყენებს.

ცნობილი საერთაშორისო გამოცემა Capacity Media საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის პრობლემებზე წერს და სარედაქციო სტატიაში აღშფოთებას გამოთქვამს კომუნიკაციების კომისიის დამოკიდებულებაზე ბაზრის მსხვილი მოთამაშეების მიმართ. გამოცემა აღნიშნავს, რომ „კომუნიკაციების კომისია ამას აკეთებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან მიიღო გრანტი 1,7 მილიონი ევროს ოდენობით, ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ეს ყველაფერი მარეგულირებელს 2017-2019 წლებში უნდა შეესრულებინა“.

გთავაზობთ სტატიას, რომელიც Capacity Media-ში გამოქვეყნდა სათაურით: „წამზომი ჩართულია - საქართვლომ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელებს ახალი ულტიმატუმი წარუდგინა“

„საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთი სხდომა გამართა და „კავკასუს ონლაინის“ აქციების ახალ მფლობელს წილის დაბრუნების ახალი ვადა დაუთქვა.

საინვესტიციო გარიგება კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის აგვისტოშივე გაასაჩივრა და განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული „კავკასუს ონლაინის“ წილის 49%-ის გასხვისების შესახებ, რაც კანონის დარღვევად შეაფასა.

ხელისუფლებამ ივლისის შუა რიცხვებში „საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ შეცვალა და კომისიას საეჭვო უფლებები მიანიჭა. ამ უფლებით უკვე ისარგებლა კომუნიკაციების კომისიამ და კომპანიას ულტიმატუმი წაუყენა: „კავკასუს ონლაინის წილის ახალმა მფლობელმა 20 სექტემბრამდე გარიგება უნდა გააუქმოს, ან მას „სპეციალურ მმართველს“ დაუნიშნავენ, რომელსაც ყველაფრის განკარგვის უფლება მიენიჭება.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ „კაპიტალსიტის“ კითხვებზე განაცხადა, რომ: „კომისია, როგორც წესი, კომპანიებისგან ბენეფიციარების შესახებ რეესტრის განახლების ინფორმაციას ითხოვს. 11 თვის წინ, ამ სტანდარტული პროცედურის გავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ „კავკასუს ონლაინმა“ ისე შეცვალა კომპანიის 49%-ის მფლობელი, ამის შესახებ მარეგულირებლისთვის არ შეუტყობინებია“.

კომპანიის 49% ის ახალი ბენეფიციარი „ნექსოლ ჰოლდინგის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წილის შეძენამდე, გარიგების კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოებთან, კომუნიკაციების კომისიასთან და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურთან.

მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების კომისია ამტკიცებს, რომ აქციების საკუთრების უფლებაზე ცვლილებების შესახებ ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ. ბოლო 11 თვის მანძილზე კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ რამდენჯერმე გააფრთხილა და დააჯარიმა, მათ შორის: 30 000 და 90 000 ლარით და ბოლოს 3-ჯერ გამოიყენა ფულადი ჯარიმის უმაღლესი ოდენობა - 270 000 ლარი.

ახალ ბენეფიციართან გარიგების გაფორმების შემდეგ, „კავკასუს ონლაინმა“ „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში, აზიის და ევროპის ახალი ინფრასტრუქტურით დასაკავშირებლად, მოძველებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის მზადება დაიწყო.

„კაპიტალ მედიას“ კომპანიაში უდასტურებენ, რომ „ნექსოლ ჰოლდინგის“ განზრახვა არ შეცვლილა და ისინი „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტისთვის საქართველოში ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან.

კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ ტაგიევი აცხადებს, რომ „ძალიან გაკვირვებულები და იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ქმედების შემდეგ, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენი პროექტის ჩაშლას და ქვეყნის ეკონომიკის შეფერხებას. ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, ევროპასთან რეგიონის უმაღლესი საიმედოობის ციფრულ კავშირს უზრუნველყოფს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართვეკოს ხელისუფლება ჩაერევა კომისის გადაწყვეტილებებში და უზრუნველყოფს კანონიერების და ჩვენი ინვესტიციის დაცვას“.

ივლისის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტმა „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები მიიღო და კომუნიკაციების კომისიას მიანიჭა უფლება, კავშირგაბმულობის კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველი დანიშნოს. სპეციალურ მმართველს შეეძლება შეცვალოს კომპანიის დირექტორი; გაწყვიტოს მანამდე არსებული ხელშეკრულებები და გააფორმოს ახალი; გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილებები; განკარგოს მოგება და შემოსავალი; შეასრულოს კომპანიის მმართველისთვის მინიჭებული ყველა სხვა ფუნქცია;

ამას აკეთებს კომუნიკაციების კომისია მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან მიიღო გრანტი 1,7 მილიონი ევროს ოდენობით, ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ეს ყველაფერი მარეგულირებელს 2017-2019 წლებში უნდა შეესრულებინათ“.

- გამოცემა Capacity Media წაროადგენს სპეიციალურ მედიასაშუალებას საკომუნიკაციო ბაზრის შესახებ, რომელიც ყველდღიურად აშუქებს საბითუმო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების და მსხვილი მიმწოდებლების ამბებს. მისი ძირითადი ამოცანა ბიზნესის იმ პრობლემების გაშუქებაა, რომლებსაც ოპერატორები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ბაზარზე აწყდებიან. https://www.capacitymedia.com/about

NS

"სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან ოჯახის 5 წევრი დაინფიცირდა, თავი შეიკავეთ თავშეყრებისგან" - გამყრელიძე

შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ეს ადამიანი 4 სექტემბერს ჩვენთან მუსიკალურ საღამოზე მოვიდა" - "ცისკარი გარდენის" განცხადება ინფიცირებულ პირზე, რომელიც მათთან იმყოფებოდა