ავტორი:

„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე

„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე

1999 წელს დაწყებული რომანი და 20-წლიანი მუშაობა - ახალი ქართველი ავტორის დავით ჩომახიძის რომანი „დეტექტივობანა“ მალე მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

„მას შემდეგ, რაც ამ რომანის წერა დავიწყე, ოცი წელი გავიდა. თუმცა წერას ჩემგან დამოუკიდებლად რამდენჯერმე დავანებე თავი, რაღაც ძალა ყოველთვის მაბრუნებდა მისკენ, ნელა მისხალ-მისხალ ვწერდი, თითქოს და ყოველ ასოთნიშანს საგულდაგულოდ ვწონიდი და მხოლოდ შემდეგ გადამქონდა ფურცელზე. 2019 წელს ნაწარმოები დავასრულე და კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა. გავიმარჯვე და მალე ჩემი წიგნი დაიბეჭდება,“ - ასე იხსენებს რომანზე მუშაობის პროცესს თავად ავტორი და საკუთარი ცხოვრების შესახებ სხვა საინტერესო დეტალებზე გვიყვება:

„საკუთარ თავზე საუბარი ალბათ არც ისე რთულია, რადგან მაქვს მშვიდი და სტაბილური ცხოვრება, მყავს ოჯახი, მეგობრები, სამსახური. მათთან ურთიერთობა დიდი მოტივაციაა ჩემი ცხოვრებისეული ღირებულებებისა თუ პრიორიტეტების ფორმირებაში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ასე მარტივადაა შემოქმედი ადამიანების საქმე, რადგან ჩვენ უფრო მეტი ფანტაზია, იდეა და აზრი გვაწუხებს და სწორედ წერის პროცესში ხდება შინაგანი სამყაროს გათავისუფლება მრავალფეროვანი ისტორიების სახით, რაც შეიძლება რეალურ სტაბილურ ცხოვრებას არ ახასიათებდეს. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება, მხოლოდ ჩემს ნაწარმოებებში შემიძლია, ჩემი გმირები მუდამ ხიფათით, წინააღმდეგობებით და მოულოდნელობებით აღსავსე ისტორიებით მიმრავალფეროვნებენ ცხოვრებას“, - აღნიშნავს ავტორი.

ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება გაქვთ. ეს რამდენად დაგეხმარათ სამწერლობო საქმიანობაში?

ვფიქრობ, ჟურნალისტს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლია მწერლობამდე. რა თქმა უნდა, ჟურნალსტურმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს სამწერლობო ასპარეზზე გასვლაში. წერა ყოველთვის მიყვარდა, ჟურნალისტიკამ კი საშუალება მომცა წერა პროფესიად გადამექცია. რამდენიმე წელი ვმუშაობდი სხვადასხვა ბეჭდურ მედიაში, ასობით რესპონდენტთან მქონდა ურთიერთობა, რაც აშკარად დამეხმარა ადამიანების ხასიათების, შეხედულებებისა და ინდივიდუალიზმის შეცნობაში.

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ადრეც მონაწილეობდით, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ნაწარმოებით. როგორ ფიქრობთ, ამჯერად, ჟანრმა ითამაშა გადამწყვეტი როლი?

რა თქმა უნდა, ჟანრზე ბევრია დამოკიდებული. მაშინ კონკურსში სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი „შემოქმედნი“ მქონდა წარდგენილი. ვფიქრობ, ის ჟანრის მოყვარულთა მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, თუმცა საქართველოში არ არის ფანტასტიკის ჟანრზე გაზრდილ მკითხველთა ფართო წრე.

წლევანდელ კონკურსში მკითხველს კრიმინალური თრილერი შევთავაზე, ნაწარმოებმა კარგი გამოხმაურება მოიპოვა და კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

პირველი მარცხის მერე რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

ჩემი აზრით, მარცხი ბედისწერის გამოცდაა, არ უნდა ჩაიჭრა, არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო, რადგან ყოველი მარცხი ახალი ბრძოლისკენ მოწოდებას ნიშნავს, მეც არ დავნებებულვარ, უფრო მიზანდასახული გავხდი, გაორმაგებული ძალით შევუდექი ახალ ნაწარმოებზე მუშაობას, უფრო სწორად მივუბრუნდი იმ მივიწყებულ ნაწარმოებს, რომლის წერა დიდი ხნის წინ დავიწყე, მაგრამ გარემოებათა გამო არ დამისრულებია. ვგონებ, ჩავაბარე ბედისწერის გამოცდა: - „დეტექტივობანა“ სწორედ პირველმა მარცხმა შემაქმნევინა.

ამჯერად რანდენად ელოდით გამარჯვებას?

როგორც ამბობენ „ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“, მეც მსურდა რიგითი კონკურსანტიდან გამარჯვებული გავმხდარიყავი, განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ხალხის რჩეული რომ გავხდი. ამიტომ, მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც გვერდი გახსნა, ნაწარმოები წაიკითხა და ხმა მომცა. ხალხი ყველაზე კრიტიკული ჟიურია, თუმცა ამავე დროს სამართლიანიც, ამიტომ ჩემი აზრით, ხალხის რჩეულობა დიდად საპასუხისმგებლოა. როცა მკითხველმა შენი ნაწარმოების მცირე ფრაგმენტი მოიწონა, შენც არ უნდა გაუწბილო იმედები, დარწმუნებული ვარ მას შემდეგ რაც „დეტექტივობანა“ დღის სინათლეს იხილავს, მკითხველთა ის წრე, რომელიც ჩემს ნაწარმოებს უპირატესობა მიანიჭა, გაწბილებული არ დარჩება.

მოგვიყევით თავად რომანზეც

ჩემი აზრით, „დეტექტივობანა“ ორი ტიპის მკითხველისთვის იქნება საინტერესო, პირველი: - ვინც 90-იანი წლები გამოიარა, ნაცნობ გარემოში დაბრუნდება, ბევრ ისეთ წვრილმანს აღმოაჩენს, რომელიც მაშინ ძალზედ ახლობელი იყო, ახლა კი მივიწყებულია და მეორეც: - თანამედროვე მკითხველისთვის, რომელსაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან ან ნაცნობებიდან სმენია, „დეტექტივობანა“ მათთვის 90-იანების გზამკვლევის როლს იკისრებს, ვფიქრობ, მისი წყალობით, გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ, არა მარტო პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, არამედ გაიგებენ, რა პირობებში უწევდათ ცხოვრება მაშინდელ ახალგაზრდებს.

ნაწარმოები მოგვითხრობს მარადიულ დაპირისპირებაზე ბოროტებასა და სიკეთეს შორის, იქ მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს, ახლა არ „დაგასპოილერებთ“, ნაწარმოებში განვითარებულ სიუჟეტს არ ავღწერ, უბრალოდ, მკითხველს დავაიმედებ, რომ წინ არაჩვეულებრივი თავგადასავალი ელის. კითხვის პროცესი აზარტული, შემეცნებითი და სასიამოვნოა, იქ მოთხრობილი ამბავი კი კიდევ დიდ ხანს გაჰყვება მკითხველს.

ზოგადად, თქვენს ცხოვრებაში რა გახდა ინსპირაცია, რომ წერა დაგეწყოთ?

წერა ადრეულ ასაკში დავიწყე, ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს, სერიოზულს არაფერს, ერთხელ ბიბლიოთეკაში შემთხვევით გადავაწყდი ძველ წიგნს, კარგად მახსოვს ის წიგნი ძმები სტრუგაცკების „მეწამული ღრუბლების ქვეყანა“ იყო, მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სამეცნიერო ფანტასტიკა შემოიჭრა.

თავიდან მხოლოდ ვკითხულობდი, როგორც ქართულ ასევე უცხოურ სამეცნიერო ფანტასტიკას, მოგვიანებით კი გამიჩნდა მოთხოვნილება თავად შემექმნა რაღაც, თითქოსდა უხილავი ძალა მაიძულებდა ხელში კალამი ამეღო და ფანტასტიკური ისტორიები მომეგონებინა, ასე გაჩნდა ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები „სიკვდილმისჯილი“.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ წერა - ეს არ არის ჩემთვის ჰობი, ან პროფესია, ეს უკვე ჩემი ცხოვრების ხასიათი და სტილია.

პირველი ვებგვერდი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიოწიგნებს და თანამედროვე ლიტერატურას

რა ნივთები დასჭირდებათ პირველკლასელებს სკოლაში?

ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია