ავტორი:

"სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ" - "ოცნების" სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი, ვის ვიხილავთ პარტიის რჩეულთა შორის?

"სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ" - "ოცნების" სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი, ვის ვიხილავთ პარტიის რჩეულთა შორის?

დღეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" საარჩევნო სიის პირველ ოცეულს მთაწმინდაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე წარადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი პოლიტიკური კასტინგი დასასრულს მიუახლოვდა და უკვე ცნობილი გახდება, ვის წაიყვანს მმართველი პარტია გადამწყვეტ საარჩევნო ბრძოლაში, რომელმაც შესაძლოა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მესამე ვადით დატოვოს.

ambebi.ge უკვე წერდა, რომ სიის პირველი ნომერი მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნებოდა, რომელსაც მმართველი პარტია კვლავ გამარჯვების შემთხვევაში, ისევ პრემიერობის კანდიდატად წარადგენდა. ამ ინფორმაციას დღეს უკვე სხვა მედიასაშუალებებიც აქტიურად ავრცელებენ. დიდი ალბათობით, სიის მე-2 ნომრად დასახლებულ პოლიტიკოსს მმართველი ძალა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილავს. ჩვენი ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ეს, სავარაუდოდ, ექსსპიკერი ირაკლი კობახიძე იქნება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მე-2 ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც დაასახელონ. ჩვენი წყაროს თქმით, სიაში მე-3 აუცილებლად ქალი იქნება და გავრცელებული ინფორმაციით, ეს, დიდი ალბათობით, იუსტიციის მოქმედი მინისტრი, "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის უცვლელი წევრი, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი თეა წულუკიანი იქნება.

მედიის მტკიცებით, პირველ ათეულში იქნება თავდაცვის მოქმედი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. ჩვენი ინფორმაციით, პირველ ოცეულში აუცილებლად იქნება პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე გიორგი კახიანი.

ambebi.ge-ს წყარო უყვება:

"სიის შესახებ თვის ბოლომდე ეტაპობრივად გახდება ცნობილი, მის საბოლოო ვერსიაზე ინფორმაცია "ოცნების" შიგნით ბევრისთვის არ არის ცნობილი. როგორც ვიცი, ოცეულიდან 7 ქალია. სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ და დანარჩენების ბედსაც ისინი გადაწყვეტენ. ამავე დროს, მიდის ანალიტიკური დაკვირვება ოპოზიციაზე და მათი სიების გარკვევა. საბოლოოდ, ამის მერე განისაზღვრება, რამდენი აქტიური სპიკერი დასჭირდება მმართველ პარტიას კიდევ. "ოცნების" სია სერიოზულად გასაიდუმლოებულია და ყველა მიმართულებით სერიოზული მობილიზაცია მიდის. დღეს წარმოდგენილ სიაში ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე აუცილებლად იქნებიან. ძირითადი პოლიტიკური სპიკერები სექტემბრის ბოლოს დაიდება, რომლებიც პოლიტდებატებში შევლენ. არსებული გათვლით, 65-ე ნომერი ვინც იქნება, ისიც შევა სიაში. თავისთავად 30-ვე მაჟორიტარის მოგება იგეგმება, ანუ მთლიანობაში "ოცნება" 90 კაცით გეგმავს პარლამენტში შესვლას. სიაში იქნება 6-7 გამწევი ძალა, ისინი, ვინც სახელდება და შემდეგ იქნება 20-დან 12 ცნობილი ადამიანი, არაპოლიტიკოსი, წარმატებული თავის საქმიანობაში და პროფესიაში. ამის შემდეგ პარტია დააკვირდება ოპოზიციურ ველზე არსებულ მდგომარეობას - ვინ სად რომელ კანდიდატს დააყენებს და შემდეგ მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას, რამდენი პოლიტიკოსი თუ სხვა სახის სპეციალისტი დაამატოს. სიის საბოლოო კონფიგურაციის ჩამოყალიბება თვის ბოლომდე გაგრძელდება".

ჩვენი ერთ-ერთი წყარო გადაჭრით ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სიაში არ იქნება და არც თბილისის მერი კახა კალაძე. მისივე თქმით, პირველ ოცეულში, დიდი ალბათობით იქნებიან: ჟურნალისტი ეკა ბერიძე და მოქმედი პარლამენტარი ნინო წილოსანი.

"მარნეულის საკრებულოს წევრმა "ოცნებიდან" ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და "ნაცმოძრაობას" შეუერთდა" - კირკიტაძე

საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება დროებით შეაჩერა - უსაფრთხოების საბჭოს განცხადება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"