კონცერნ "ჯენერალ მოტორსის" გამყიდველ ქალთა გაერთიანებამ ანონსი გაუკეთა სასწავლო პროგრამას, რომელიც ამერიკელ ქალბატონებს საავტომობილო ვაჭრობის სფეროში ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ამგვარად, ავტომწარმოებელი იმ ქალების რიცხვის გაზრდას იმედოვნებს, რომლებიც "ჯენერალ მოტორსის" დილერ-ცენტრებში მუშაობენ, მათ შორის ხელმძღვანელ პოსტებზეც.
აღნიშნული პროგრამის გავლა შეეძლებათ ამერიკელ ქალებს, რომლებსაც "ჯენერალ მოტორსის" ავტოსალონებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. იმისთვის, რათა კურსებზე ჩაირიცხონ, მათ დამქირავებლისგან სპეციალური სარეკომენდაციო წერილი უნდა წარადგინონ, აგრეთვე გაიარონ გასაუბრება, რომლის განმავლობაშიც მათი ლიდერობისა და კომუნიკაბელურობის უნარს შეამოწმებენ.
კურსის ხანგრძლივობა არ სახელდება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი ღირებულება დაახლოებით 5.000 დოლარია. განცხადებების მიღება 2011 წლის იანვრიდან დაიწყება, სწავლება კი სტარტს მომავალი წლის მაისიდან აიღებს.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)