ავტორი:

"მსოფლიოშიც ინფიცირების რაოდენობა მზარდია, მაგრამ კოვიდინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა" - ამის მიზეზებს ინფექციონისტი განმარტავს

"მსოფლიოშიც ინფიცირების რაოდენობა მზარდია, მაგრამ კოვიდინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა" - ამის მიზეზებს ინფექციონისტი განმარტავს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. 11 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ დღე-ღამეში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"მესმის, დისკომფორტია ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მაგრამ ჯობია ისინი გავითვალისწინოთ, ვიდრე მომავალში უფრო მეტი შეზღუდვის წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ სწორ და კომპეტენტურ ინფორმაციას მოუსმინოს. ჩვენი, ექიმებისა და მედიის ვალია, რომ კომპეტენტური ინფორმაცია მოსახლეობამდე მივიტანოთ. ეს ყველაფერი თუ მოხერხდა, ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ სტაბილური ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ", - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელსაც ambebi.ge ესაუბრა.

- დინამიკიდან გამომდინარე საფრთხე გაზრდილია, მაგრამ მაინც იმედი მაქვს და ალბათ მოხერხდება, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, თუმცა ეს არ იქნება მარტივი. ამისთვის აუცილებელი იქნება საზოგადოების მხრიდანაც მეტი ყურადღების გამოჩენა, რათა დაცულ იქნას ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები იძლევიან და მინიმალური შეზღუდვების ფონზე მოვახერხოთ კარგი ეპიდსიტუაციის შენარჩუნება, არ დასჭირდეს სახელმწიფოს უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესება, რაც ცუდი იქნება საზოგადოებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე?

- ამ მომენტისთვის ამის თქმა რთულია, თუმცა ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა, ყოველდღიურად მზარდი ახალი შემთხვევების რაოდენობა თუ იქნა, შეიძლება ამას დავარქვათ მეორე ტალღა.

- რით აიხსნება ის გარემოება, რომ თებერვალ-მარტში ყოველდღიურად ახალი შემთხვევების მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ახლა?

- რამდენიმე კომპონენტია: ერთი ის, რომ თებერვალ-მარტში დროულად მოხდა ღონისძიებების გატარება, რამაც გამოიწვია გარედან დაავადების იმპორტირებული შემთხვევების შემცირება. მეორე ის, რომ შიგნით, მოსახლეობის მხრიდან მეტი მზაობა იყო, ისინი ითვალისწინებდნენ სხვადასხვა რჩევა-დარიგებებს და ასრულებდნენ მათ, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ჩვენ გაზაფხულზე როდესაც ევროპის რეგიონში საკმაოდ არასტაბილური სიტუაცია იყო, შევძელით და შევინარჩუნეთ სტაბილური ეპიდსიტუაცია. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხია - სწორად გადადგმული ნაბიჯები შესაბამისი სტრუქტურებიდან და საზოგადოების დამყოლობა და ჩართულობა ამ პროცესში. ასე რომ, ამ ორმა კომპონენტმა მოგვცა ის შედეგი, რაც გვქონდა.

- მართალია, დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად მზარდია, თუმცა ლეტალური შემთხვევები შემცირებულია მთელს მსოფლიოში. ეს რაზე მეტყველებს?

- გლობალურად ასეა, რომ მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებლები საკმაოდ შემცირდა. ეს ჩემი აზრით, ორი ფაქტორითაა გამოწვეული.

პირველი, ამ ეტაპისთვის ვირუსი ნაკლებ აგრესიულია და მეორე, ვირუსი უკეთ იქნა შესწავლილი როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში - მეტ-ნაკლებად ვიცით, რას უნდა ველოდოთ, რა გართულებებს, როგორ უნდა მოხდეს ასეთი პაციენტების მართვა და, შესაბამისად, ამ ინფორმაციის ცოდნის დაგროვებამ მოახდინა ისიც, რომ უფრო სწორად და ადეკვატურად ხდება პაციენტების მართვა, ვიდრე თავიდან იყო. ვინაიდან ვირუსი ახალი იყო, ნაკლები ინფორმაცია არსებობდა და მისი მართვა მთელ მსოფლიოში არავინ იცოდა. მართალია, ამ ეტაპზეც რჩება საქართველოში მძიმე პაციენტები, სამაგიეროდ ჩვენ დაავადების მართვა უკეთესად და სრულყოფილად ვისწავლეთ, ამიტომაც იკლო სიკვდილიანობის რაოდენობამ.

- ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა და მიეჩვია ადამიანებთან თანაცხოვრებას?

- კი ბატონო, ესეც. ეპიდემიოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში, დაავადებები, რომლებიც იწყება აგრესიულად, დროთა განმავლობაში კარგავენ აგრესიას და უფრო მეტად მსუბუქი დაავადების გამომწვევები ხდებიან. შესაბამისად, უფრო შესაძლებელია ამ დაავადებასთან თანაცხოვრება.

- რამდენად საშიშია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დღევანდელი ვითარება და რა გაგრძელება ექნება მას?

- ორი ვარიანტია - ერთი ის, რომ ძალიან მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ, რაც ცუდი სცენარია და ეს დისკომფორტს შეუქმნის როგორც საზოგადოებას, ასევე სამედიცინო სექტორს და მეორე - გათვალისწინებით რეკომენდაციების და ჩატარებული ღონისძიებებისა, რასაც ეპიდემიოლოგიური სამსახურები ატარებენ, შევძლოთ და შევინარჩუნოთ მეტ-ნაკლებად სტაბილური ეპიდსიტუაცია.

- როგორც ვარაუდობენ, მკაცრი რეგულაციები აღარ იქნება. ანუ არ იქნება ამის აუცილებლობა, თუ ჩვენც იმ დასკვნამდე მივედით, რომ საჭიროა საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამოვიმუშაოთ?

- ერთი აზრი ესეცაა. ზოგადად, დასაწყისში, როდესაც არ ვიცნობდით დაავადებას და არ ვიცოდით, როგორ წავიდოდა ის, მაშინ ეს მკაცრი რეგულაციები იყო სრულიად გამართლებული. ამ რეგულაციებმა მოგვცა ის, რომ გვქონდა მშვიდი ზაფხული, მეტ-ნაკლებად ამუშავდა შიდა ტურიზმი, მსოფლიოს თვალში ისე გამოვჩნდით, როგორც მწვანე ქვეყანა...

მკაცრ რეგულაციებს დადებითთან ერთად, როგორც ვიცით, ახლავს ბევრი უარყოფითი მხარე, თან საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანას ახლა იმავე გზის გავლა ძალიან გაუჭირდება იმიტომ, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური კოლაფსი. პლუს ამას, ჩვენ ბევრად უკეთ ვიცნობთ უკვე ამ ვირუსს, არ არის ისეთი პანიკა, ამიტომ მომატებული შემთხვევებისასა აქვს სახელმწიფოს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს პაციენტების ნაკადის მართვა. ასევე, ვართ იმის მოლოდინში, რომ უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება ვაქცინა, რომელიც ხელს შეუწყობს პანდემიის მართვას. ამ მხრივ აქტიურობს აშშ, ბრიტანეთი და ასევე სხვა ქვეყნებიც. ამიტომ დღეს ბევრად მეტი იარაღი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ დაავადებას წარმატებით ვებრძოლოთ, ვიდრე ეს გვქონდა მარტში. ასე რომ, ახლა შეზღუდვების ისეთი საჭიროება აღარ არის, როგორიც იყო პანდემიის დაწყების პერიოდში. რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია თუ არ იქნა, მკაცრი რეგულაციები არ უნდა გატარდეს. როგორც კლინიკურმა, ჰოსპიტალურმა სექტორმა, ასევე ეპიდემიოლოგიურმა ნაწილმა მოვახერხეთ ის, რომ წარმატებით ვმართოთ ეს დაავადება.

- რეკომენდაციების თვალსაზრისით რამე შეიცვალა?

- ყოველთვის ვამბობ და ახლაც იმავეს გავიმეორებ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ძალზე მნიშვნელოვანია ერთიანი კონსოლიდირებული აზრის ქონა და მინდა მოსახლეობას ვურჩიო გაითვალისწინოს სპეციალისტების მიერ მიცემული რჩევები, რაც მოგვცემს იმას, რომ ჩვენ საერთო ჯამში შევძლებთ ეპიდსიტუაცია გვქონდეს სტაბილური. მესმის, დისკომფორტია ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მაგრამ ჯობია ისინი გავითვალისწინოთ, ვიდრე მომავალში უფრო მეტი შეზღუდვის წინაშე აღმოვჩნდეთ.

განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

"გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა" - მარინა ეზუგბაია