ავტორი:

"კუჭის "გასინჯვისას" მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო... ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები

"კუჭის "გასინჯვისას" მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო... ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები

სამედიცინო სფეროში სექსუალური შევიწროების შემთხვევების არსებობა სიახლე არ არის. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელზეც ხმამაღლა საუბარს, გარკვეული მიზეზების გამო, ერიდებიან. სწორედ ეს ფაქტი ხდის შეუძლებელს, პრობლემის მასშტაბის განსაზღვრასა და მასთან ეფექტურ ბრძოლას. პაციენტები შევიწროებაზე ხმამაღლა საუბრს სხვადასხვა მიზეზის გამო არიდებენ თავს. მათი მონათხრობის მიხედვით, განსაკუთრებით აშინებთ საზოგადოების დამოკიდებულება.

24 წლის ხათუნა გოგუაძე AMBEBI.GE-ს უყვება, თუ როგორ გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ექიმის მხრიდან. დანაშაული გასტროენტეროლოგ ირაკლი ხმალაძეს უკავშირდება. იგი სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრიდან "მზერა" 2020 წლის მაისში გაათავისუფლეს.

"დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კუჭი. მირჩიეს და ირაკლი ხმალაძესთან მივედი. როდესაც კუჭზე მსინჯავდა, მეკითხებოდა გათხოვილი ვარ თუ არა და კიდევ არაერთ უცნაურ კითხვას მისვამდა, რაც ავადმყოფობასთან არ იყო დაკავშირებული. გასინჯვის პარალელურად, მკითხა, კიბოს შემოწმება თუ მქონდა გაკეთებული. მითხრა, ამხელა გოგო ხარ და აუცილებლად უნდა გქონდეს ეს შემოწმება გაკეთებულიო. რომ მოვრჩები კუჭის გასინჯვას, შემდეგ შეგიმოწმებთ მკერდსო. გასინჯვის ბოლოს, მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო, ლიფის გარეთ. ძალიან უსიამოვნო შეგრძენბა დამეუფლა. რომ გამოვედი, მეგობარ ექიმს დავურეკე, კუჭი და მკერდი თუ იყო რამე კავშირში ერთმანეთთან. ვისთან იყავიო მკითხა და რომ ვუთხარი ვისთანაც ვიყავი, მითხრა, რომ მის სახელს მსგავსი სექსუალური შევიწროების არაერთი შემთხვევა უკავშირდებოდა. ძალიან დავითრგუნე იმ მომენტში. რომ დავუკვირდი, თითქოს ვიმართლებდი თავს, პირველი, რასაც ამ ისტორიის მოყოლისას ვუსვამდი ხაზს, იყო ის, რომ მე არ გამოწვევია ის და რომ ყელამდე მაისური მეცვა. ცხადია, ეს ძალიან არასწორი ფიქრი იყო. არაფერ შუაშია, რა გაცვია და როგორ გამოიყურები. ექიმთან მისვლის ადამიანს არ უნდა ეშინოდეს. მოძალადეს ძალადობისთვის მიზეზი არ სჭირდება. ჩემი მიზანი არ ყოფილა შურისძიება, მინდოდა რომ შექმნილიყო პრეცედენტი, მომეხადა მოქალაქეობრივი ვალი. საზოგადოების დამოკიდებულებაც ისეთია, რომ მთლიანი წნეხი მოდის ძალადობის მსხვერპლზე, თითქოს მან უბიძგა სექსუალური შევიწროებისკენ ექიმს. რაც ცხადია, შეცდომაა. პირიქით ძალადობის მსხვერპლს ამ დროს სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა, რათა გაბედოს ხმის ამოღება და სხვა ადმიანების დაცვა. სახელისა და გვარის დაფარვაც იმიტომ არ გადავწყვიტე, რომ მე არაფერი მაქვს დასამალი და ამაში დასარცხვენი არაფერია", - გვიყვება ხათუნა გოგუაძე.

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ამ საქმის მოკვლევის ფარგლებში ესაუბრა დარგის ექსპერტებს. მოისმინა საქმესთან დაკავშირებული არაერთი ადამიანის პოზიცია და და უტყუარად დადგინდა შევიწროების ფაქტი. ხათუნა გოგუაძის საქმეში სახალხო დამცველის აპარატიდან ქეთი შუბაშვილი იყო ჩართული. იგი AMBEBI.GE-სთან აცხადებს, რომ პირადად ესაუბრა ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც ბრალდებები უარყო და თავისი ქმედება სამედიცინო მიზნებით ახსნა.

"ექიმის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ მკერდის გასინჯვა აუცილებელი იყო, რადგან იმ პრეპარატს, რომელსაც პაციენტს უნიშნავდა, შესაძლოა პროლაქტინის მომატება გამოეწვია. კითხვაზე, თუ რატომ არ ამისამართებდა იგი პაციენტებს მამოლოგთან. ამაზე მან გვიპასუხა, რომ პროცედურა რომ არ გაჭიანურებულიყო და დამატებითი ხარჯებისგან დაეცვა პაციენტები, ამიტომ აკეთებდა ამას. ჩვენ ცხადია, მოვიკვლიეთ ეს საკითხი საფუძვლიანად, შევხვდით დარგის სპეციალისტებს შევისწავლეთ მარეგულირებელი აქტები, რომელებიც გასტროენტეროლოგის საქმიანობას არეგულირებს და დავადგინეთ, რომ ექიმი ბოროტად იყენებდა თავის სტატუსს. რადგან პაციენტს ხშირად არ აქვს სამედიცინო განათლება, იგი ბოლომდე ენდობა ექიმს, ხოლო ექიმი ზოგჯერ ბოროტად იყენებს ამას და ახდენს მის სექსუალურ შევიწროებას", - გვიხნის ქეთი შუბაშვილი.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბოლო დროს მომხდარი კიდევ ერთი შექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ გვიამბობს. საქმე შეეხება უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული კარანტინში მყოფი პირის სექსუალური შევიწროების ფაქტს ექიმის მხრიდან.

"ისტორია ასეთია: ქალი დაბრუნდა საქართველოში და იგი გადაიყვანეს კარანტინში. მასთან შემოწმებაზე შევიდა ექიმი. გაუსინჯა ფილტვები და სახსრები. აქაც დადგინდა, რომ კორონას გამოვლენის მიზნით, არ იყო საჭირო ისეთი შეხებები, რაც ექიმმა განახორციელა. ასევე, ექიმმა ქალს დაუსვა ისეთი კითხვები, რაც კორონავირუსთან არ იყო დაკავშირებული და ეხებოდა პაციენტის სექსუალურ ცხოვრებას. აქაც დადგინდა, სექსუალური შევიწროების ფაქტი. და მიეცა რეკომენდაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეწყვიტა ხელშეკრულება ამ ექიმთან", - გვიყვება ობუდსმენის წარმომადგენელი.

სექსუალური შევიწროების შესახებ AMBEBI.GE-ს უფრო დეტალურად თავად ძალდობის მსხვერპლი 29 წლის მარიამ ქ. უყვება. მარიამი ამბობს, რომ საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა, რის შემდეგაც მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს.

ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა და კორონავირუსის სიმპტომების არსებობით დაინტერესდა.

„დაიწყო ყელის დათვალიერება, მერე სასუნთქი გზები უნდა გავსინჯოთო. გზადაგზა მეკითხებოდა, უი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ. ასე ღიად არ მაწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ იყო. მერე მითხრა, ზედა უნდა გაიხადო, რომ სუნთქვა შევამოწმოთო. ეგ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიე, მაგრამ თავი უკვე უხერხულად ვიგრძენი. ვუთხარი, ლიფს ჩავიცვამ და მოვალ-მეთქი. მითხრა, რომ ეს "ელასტიკიც" უნდა გაიხადოო. ჩავიწიე ელასტიკი კოჭებამდე, შემოწმება დაიწყო ნეკნებიდან. ყველაზე დიდი ხანი საშოს არეში გაჩერდა. ზედ საშოზე ხელი არ დაუდია, მაგრამ ასე ჩაუყვა ბარძაყის გვერდებს. მერე გადმომატრიალა მუცელზე. საჯდომის ქვემოთაც ჩამიყო ხელები, მერე კოჭები და მუხლებიც გამისინჯა, ხელებზე არაფერი შეუმოწმებია. მითხრა, ღრმა სახსრების გამტარობაც გამოვიკვლიეთო", - ჰყვება მარიამი.

სახალხო დამცველი, ექიმების მიერ პაციენტების სექსუალური შევიწროების პრობლემის განხილვისას, მთავარ პრევენციად ინფორმირებულობის გაზრდას მიიჩნევს. ქეთი შუბაშვილი, AMBBEI.GE-სთან საუბარში, სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტების შემოღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. სპეციალისტი ამბობს, რომ ყველა კლინიკმ უნდა შეიმუშაოს ასეთი დოკუმენტები და გაავრელოს პაციენტებს შორის.

ბათუმში მაღაზია "ვაიკიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობა არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისსა" და მმართველ გუნდში?