რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კრემლის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ორი წლის თავზე, - "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
- ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კრემლის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ორი წლის თავზე?
- მდგომარეობა, ზოგადად, ასე შეიძლება შევაფასოთ - ორივეგან სხვადასხვა ფორმით შექმნილია საოკუპაციო რეჟიმის კლასიკური ნიმუში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი-სოხუმისა და მოსკოვი-ცხინვალის ურთიერთობები ფორმალურად ადგილობრივ რეჟიმებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით რეგულირდება, ორივე რეგიონში თავდაცვის თუ უსაფრთხოების მთელი სისტემა რუსი სამხედროებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების ხელშია. პრაქტიკულად ორივეგან ავიწროებენ და სამუშაოდან ითხოვენ ადგილობრივ სამხედროებსა და სპეცსამსახურის თანამშრომლებს. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემია ცხინვალის რეგიონში. მიღებულია გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინიტროს შემცირებისა და სამინისტროს რიცხოვნების 200 კაცამდე დაყვანის შესახებ. იგივე ხდება სამართალდამცავ ორგანოებში, თუმცა - ასე მასობრივად არა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დასაქმების თვალსაზრისით ადგილობრივი მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილი, ძირითადად, ძალოვან სტრუქტურებში საქმდება, გასაგები იქნება, რომ უმუშევართა რიცხვი ცხინვალის რეგიონში გაიზრდება.
ახლა ცხინვალის რეგიონში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების გარდა, "ფე-ეს-ბე"-ს ნაწილები დგანან, რომელშიც მესაზღვრეები შედიან, ასევე, იმყოფებიან ჩრდილოეთ ოსეთის სპეციალური დანიშნულების სპეციალისტთა ჯგუფები, რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები. ერთი სიტყვით, სამხრეთ ოსეთში ძალოვანი უწყებების დიდი სიმრავლეა. თავდაცვის სამინიტროს მიერ დეკლარირებულ 3800 კაცს ბევრად აღემატება რუსეთის სხვადასხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა რაოდენობა. მთელ ამ მასას შენახვა სჭირდება და რუსეთის ბიუჯეტიდან უამრავი ფული იხარჯება, მაგრამ საბოლოო ჯამში სურათი ასეთია - ორივე რეგიონში შექმნილია საოკუპაციო მმართველობის კლასიკური ფორმა, რომლესაც სხვადასხვაგვარად აღიქვამს ორივე რეგიონის მოსახლეობა. აქტიურად მუშაობს ადგილობრივი და რუსული პროპაგანდა, რომელიც კვლავ ქართულ საფრთხეებზე საუბრობს. ამიტომ, მოსახლეობის დიდი ნაწილი დიდ იმედებს ამყარებს რუსეთის სამხედრო კონტინგენტის იქ ყოფნაზე. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა სოციალური მდგომარეობით, რომელიც ორივე ამ რესპუბლიკაში რეალურად არსებობს.
საპროექტო ფორმატით ცხინვალში გათვალისწინებული იყო 322 სახლის აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ ამ რაოდენობის სახლები ცხინვალში ომის დროს არ დანდგრეულა, სიაში მოხვდა ისეთი სახლები, რომლებიც მხოლოდ დაზიანდა და მხოლოდ რესტავრაციას მოითხოვს და არა - მშენებლობას. გარდა ამისა, სიაში ისეთი სახლები აღმოჩნდა, რომლებსაც ომთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. უბრალოდ, მათ მფლობელებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ზემდგომებთან. 322 სახლიდან ნახევარიც არ არის აღდგენილი, ისინიც კი, რომელიც თითქოს აღდგენილია, მათშიც სამუშაოები დასრულებული არ არის. არის სახლები, რომლებიც მაღალი დონის ჩინოვნიკებს ეკუთვნის, არ დაზიანებულა, მაგრამ თავიანთი სახლები დაანგრიეს და სახელმწიფო სახსრებით ახალი სახლები წამოჭიმეს. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ხდება სოფელ ხეთაგუროვოში, რომელიც ითვლება, რომ ომის დროს განსაკუთრებით დაზიანდა. უნდა ითქვას, რომ ხეთაგუროვო არა ქართულმა მხარემ, არამედ რუსულმა არტილერიამ იმის გამო დააზიანა, რომ ქართულმა ჯარმა ეს სოფელი პრაქტიკულად უბრძოლველად დაიკავა. სოფლიდან მათ გამოსადევნად ხეთაგუროვოს რუსული არტილერია და აივაცია ერთდროულად ბომბავდა. საინტერესო ისტორიაა ე.წ. მოსკოვის რაიონთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობა მოსკოვის მერიის ფულით დაფინანსდა. ამ რაიონში, რომელიც სოფელ თამარაშენის ნაწილს მოიცავს, სახლების მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ კომინიკაციები გაყვანილი ჯერ არ არის და მათში არავინ არ ცხოვრობს. ასეთივე ვითარებაა გაზთან დაკავშირებითაც. გაზი ჩრდილოეთ ოსეთიდან უნდა შემოეყვანათ, შარშან გაზსადენი ზარზეიმით გახსნეს, თუმცა სამუშაოები არ დასრულებულა და გაზი სახლების 90%-ში შეყვანილი არ არის. გარდა ამისა, გააფრთებული ბრძოლა მიდის "სამხრეთ დირექციასა" და კოკოითის ადმინისტრაციას შორის. ე.წ. სამხრეთის დირექცია მოსკოვმა რუსული ფინანსების კონტროლისთვის შექმნა. გამოყოფილი 10 მილიარდიდან ცხინვალმა უკვე მიიღო მილიარდნახევარი, მაგრამ ამ თანხის უდიდესი ნაწილი გამქრალია. კოკოითი მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ მას ჰქონოდა ამ თანხებზე კონტროლის საშუალება.
- ინგლისურენოვან გაზეთ Newsweek-ში გამოქვაყნებული სტატიის ავტორმა ანა ნემცოვამ აფხაზეთს "ჯაშუშების რესპუბლიკა" უწოდა. სტატიაში საუბარია რუსული "კა-გე-ბე"-სა და "ფე-ეს-ბე"-ს ოფიცრების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების შეძენის შემაშფოთებელ მასშტაბებზე. სტატიაში ნემცოვა ასკვნის - "როცა აფხაზეთში რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები ამდენ ფულს დებენ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოთხოვნა რეგიონიდან რუსული სამხედროების გაყვანის შესახებ ცოტა არ იყოს ამაოდ ჟღეს". რამდენად სამართლიანია ნემცოვას შეფასება?
- ნემცოვას დაკვირვება აბსოლუტურად სწორია. იმ ხელშეკრულებით, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დაიდო, "ფე-ეს-ბე"-ს თანამშრომლებს, კერძოდ მესაზღვრეებს უფლება აქვთ, სამსახურის დასრულების შემდეგ აფხაზეთში უფასოდ მიიღონ ბინა ან მიწის ნაკვეთები. სწორედ ამის გამოა, რომ მესაზღვრეთა ნაწილების საშტატო რაოდენობა საშინლად გაიბერა. ზოგიერთ ნაწილში თითქმის ერთნაირი რაოდენობით არიან ჯარისკაცები და ოფიცრები. შორეულ გარნიზონებში მომსახურე რუსი მესაზღვრეებისთვის ძალიან მიმზიდველია სუბტროპიკულ აფხაზეთში სამსახური, ვინაიდან შემდეგ მათ აფხაზეთში ცხოვრების საშუალება და უფლება ეძლევათ. აფხაზეთში მოსახვედრად რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ოფიცრები საკმაოდ დიდ თანხებს იმის გამო იხდიან, რომ ბევრმა უკვე მიიღო აფხაზეთში მიწის ნაკვეთი ან ბინა. ეს პროცესი მომავალშიც რომ გაგრძელდება, ეჭვს არ იწვევს.
ჩემი ვარაუდით, ბოლო ორ წელიწადში აფხაზეთმა 15 ათასამდე ახალი მოქალაქე "შეიძინა". ამაში, ოფიცრების გარდა, მათი ოჯახის წევრებიც შედიან. სხვათა შორის, აფხაზეთში ოფიცრების ჩასახლების დაწყებამ, გარკვეულწილად, შეაჩერა აფხაზეთში კაზაკებისა და ჩრდილოეთ კავკასიიდან მოქალქეების ჩასახლების გეგმები. მათი ჩასახლება გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში იყო განსაზღრული.
- იმავე სტატიაში ანა ნემცოვას მოჰყავს სერგეი ბაღაფშის სიტყვები - "დასავლეთმა უნდა დაივიწყოს ილუზია, რომ ისინი, ვინც მათი თქმით რუსი ოკუპანტები არიან, აქაურობას მალე დატოვებენ". რამდენად საფუძვლიანია ბაღაფშის პროგნოზი?
- მსოფლიოში ბევრია ისეთი მაგალითი, რომელთანაც ჩვენთან არსებული ვითარების პარალელის გავლება შეიძლება. სახელმწიფო მან ჯოუ გოუს დამოუკიდებლობა 28 სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ 28-ვე ქვეყანას მოუწია აღიარების უკან გაწვევა. გერმანია და აღმოსავლეთ ევროპა ოკუპირებული იყო, მაგრამ შემდეგ სსრკ-ს მოუწია მთელი ამ სივრცის დატოვება. შესაბამისი სიტუაციისა და რუსეთზე შესაბამისი ზეწოლის შემთხვევაში ვითარება შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ თუ დღევანდელი გადასახედიდან ობიექტურად შევხედავთ ვითარებას, ისეთი პირი უჩანს, რომ რუსები აფხაზეთიდან წამსვლელები არ არიან. ცარიზმის ეპოქიდან მოყოლებული, რუს პოლიტიკოსთა არა ერთი თაობა ოცნებობდა აფხაზეთის ხელში ჩაგდებაზე. იგივე არ შეიძლება ითქვას სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით რომ საქმე სწორედ ასეა, ფაქტია. დღევანდელი გადმოსახედიდან, აფხაზეთის ტერიტორიის დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ. აფხაზი ხალხის დაბრუნების საშუალებას უფრო ვხედავ, ვიდრე ტერიტორიის დაბრუნების პერსპექტივას.
- თავის დროზე, მოსკოვმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ერთმანეთს ერთი კონტექსტით კი დაუკავშირა, მაგრამ აღიარების ორი წლის თავზე რჩება შთაბეჭდილება, რომ კრემლს სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში სხვადასხვა მიდგომა და დამოკიდებულება აქვს. სხვადასხვაობის თვალსაზრისით, რა განსხვავებული გეგმები შეიძლება ჰქონდეს კრემლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ?
- მოსკოვს აფხაზეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის დასასვენებელ ადგილად და ნავსაყუდელად გადაქცევა სურს. რუსული გეგმით აფხაზეთი სტრატეგიული პლაცდარმიც უნდა იყოს და - დასვენების სამოთხეც. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, მისი დანიშნულება მხოლოდ სამხედრო კრეისერის ფუნქციაა, რომელიც საქართველოს შუა გულშია შეჭრილი და, პრაქტიკულად, მთელ რეგიონს აკონტროლებს. სხვა ფუნქცია სამხრეთ ოსეთს არა აქვს.
- ალბათ შემთხვევითი არ იყო რომ, რუსმა სპეციალისტებმა კოკოითს რუსეთის გენპროკურატურაში უჩივლეს?
- ვითარებაში, როცა მოსკოვში კარგად იციან კოკოითის კორუფციონერობის შესახებ, ჩნდება კითხვა, რატომ ვერ ელევა კრემლი კოკოითს? პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ კოკოთი უკვე არის ფიგურა, რომელსაც გარკვეული სტატუსი აქვს მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ მისივე ქურდობისა და ყაჩაღობის, ასევე, ეთნოწმენდის მოწყობის გამო კოკოითი მოსკოვისთვის კომფორტული ფიგურა არ არის, რასაც ხშირად ახსენებენ რუსეთის ხელმძღვანელობას დასავლელი პარტნიორები, კოკოითი პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე ცნობადი სახეა. გარდა ამისა, იგი მოსკოვის აბსოლუტური ყურმოჭრილი მონაა, რომელსაც შემდეგშიც შეუძლია იყეფოს.
გარდა ამისა, კოკოითი დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტად ითვლება და იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთში გაისად საპრეზიდენტო არჩევნებია, მოსკოვი ქმნის ილუზიას, თითქოს ხელისუფლების ცვლილებაში დემონსტრაციულად ჩარევა არ უნდა. და კიდევ ერთი ფაქტორი, კოკოითი დაპირისპირების ობიექტია კრემლის სხვადასხვა კაბინეტებისთვის.
მთელი ეს სისტემა, რომელიც სამხრეთ დირექტორატის შექმნასა და ვადიმ ბროვცევის პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ითვალისწინებდა, პუტინის პროექტი იყო. უცებ, მედვედევი კოკოითს სოჭში იბარებს, მთელ ამ პროექტს შლის და კოკოთის მოსკოვიდან ცხინვალისთვის გამოყოფილ თანხებზე კონტროლს უბრუნებს. მედვედევი ამით მარტივად ამბობს
- რაც პუტინმა გააკეთა არაეფექტური იყო, ახლა მე უფრო ეფექტურ სისტემას შევქმნი.
- ცნობილია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც საზოგადოების უკმაყოფილება დიდია, მაგრამ მოკლევადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში რისი იმედი შეიძლება გვქონდეს საზოგადოებრი აზრის შეცვლის თვალსაზრისით?
- უკმაყოფილების დონე ორივე რეგიონში საკმაოდ მაღალია. ცხინვალის რეგიონში უკმაყოფილებაა ადგილობროვი ხელისუფლების, რუსი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებისა და სხვა სოციალური მიზეზების გამო, მაგრამ როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ადგილობრივი ოპოზიცია, ყველა ადგილობრივი მოსახლე რუსეთზე იქნება ორიენტირებული. ოსური საზოგადოების მენტალიტეტი რუსეთის მიმართ არ შეიცვლება. შესაძლოა, მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართ გაცილებით გაუმჯობესდეს, ნოსტალგიურიც კი გახდეს, მაგრამ რუსეთისადმი, როგორც უფროსი ძმისა და მფარველისადმი დამოკიდებულება, არ შეიცვლება. ასე იქნება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა რაც უნდა შეავიწროვოს ოსური ენა, კულტურა და გადადგას ნაბიჯები ოსური მენტალიტეტის შესაცვლელად. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის რუსეთისადმი განწყობა იმის გამო არ შეიცვლება, რომ ასეა მოწყობილი ოსური ეთნოსი.
აფხაზეთის შემთხვევაში სულ სხვა ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებისთვის საქართველო მიუღებელია, რუსების მიმართ გაღიზიანება სულ უფრო და უფრო იზრდება. მთელ საბჭოთა პერიოდში აფხაზებს ჩამოუყალიბდათ მენტალიტეტი, რომლის თანახმადაც რუსეთი "მეწველი ძროხაა". რუსი ეროვნების ქალი მისთვის უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი. რუსმა აფხაზეთში ყველაფერისთვის ფული უნდა იხადოს და, იმავდროულად, უნდა იყოს აფხაზებისთვის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისშემწყობი. ახლა ქართველების ფაქტორი მოხსნილია. როდესაც მათი დამოუკიდებლობა რუსეთს აღიარებული არ ჰქონდა, რუსები მათ საშინაო საქმეებში არ ერეოდნენ, მაგრამ დღეს ეს სურათი შეცვლილია. აღიარების შემდეგ რუსეთმა აფხაზეთში მბრძანებლობა უფრო მკვახედ, აგრესიულად და მომხვეჭველურად დაიწყო, ვიდრე ამას ქართველი აკეთებდა. აფხაზი ახლა ხედავს, რომ მისი მფარველი და დამხმარე არავინაა. ასეთი განწყობაა უბრალო აფხაზებში.
რაც შეეხება აფხაზურ პოლიტელიტას, იგი სწორდაც ამიტომ ცდილობს, კულუარულად მეტი მანევრის საშუალება ჰქონდეს და საქართველოს გარეშე დაამყაროს კონტაქტები დასავლეთთან, მაქსიმალურად მოახდინოს რუსეთისაგან დისტანცირება. აფხაზები ხედავენ, რომ პირველი, რასაც რუსები აკეთებენ, ებრძვიან მათ კულტურულ ფესვებს და გენეტიკურ მეხსიერებას და ხვალ ან ზეგ აფხაზეთში აფხაზურად მოლაპარაკე პრაქტიკულად არავინ დარჩება; შესაძლოა, 10-12 წელიწადში აფხაზიც აღარ დარჩეს.
როგორც ვხედავთ, დამოკიდებულება პროცესებისადმი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სხვადასხვაგვარია, მაგრამ აფხაზებს ძალა არ შესწევთ სიტუაციის შესაცვლელად. დასავლელი დიპლომატები მათ ეუბნებიან, რომ ისინი მზად არიან მათ ფართოდ გაუღონ კარი, აღიარონ მათი დამოუკიდებლობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს საქართველოსთან შეთანხმებით. ისინი მათ ქართველებთან იმისთვის მუშაობის რეკომენდაციას აძლევენ, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც აღიაროს.
ზოგიერთი ამერიკელი სენატორი, რომელიც დაინტერესებულია ამ რეგიონით, აცხადებს, რომ ისინი დაინტერესებული არიან აფხაზეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების გახსნით, რომ აფხაზეთი აბსოლუტურად ორიენტირებული იყოს დასავლეთზე, აფხაზებმა ევროკავშირის მეშვეობით მოახდინონ რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ იმის გამო, რომ ისინი ანგარიშს უწევენ საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული არიან ჯერ გაჩერდნენ. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების პასიურობის გამო, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია, პრაქტიკულად, შეუქცევადი ხდება.
კობა ბენდელიანი