ავტორი:

უძველესი იბერიული სიყვარულის ისტორიის ნაკვალევზე

უძველესი იბერიული სიყვარულის ისტორიის ნაკვალევზე

როგორც კინომოყვარულებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, ,,მე ვარ სერაფიტას“ პროექტზე მუშაობა. შექმნილია ნიჭიერი და საინტერესო შემოქმედი ადამიანების გუნდი, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ და სცენარზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. მისტიური სიუჟეტი საკმაოდ საინტერესო ფილმს პირდება ქართველ, და არა მხოლოდ ქართველ, მაყურებელს.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენილია ორენოვანი ეპიტაფია, რომელიც ჩვ. წ. 150 წელს ეკუთვნის და მისი ტექსტი მცხეთის პიტიახშის, ზევახის ულამაზესი ასულის, სერაფიტისა და უძლეველი მხედართმთავრის იოდმანგანის ტრაგიკულ სიყვარულზე მიგვანიშნებს. ისეთი ღრმა მწუხარება იკითხება, სავარაუდოდ, მეუღლის მიერ ბილინგვაზე ამოტვიფრულ ტექსტში, რომ გაგვიჩნდა სურვილი, გაგვეცოცხლებინა მეორე საუკუნის იბერიის ცხოვრების პერიპეტიები და, რაც მთავარია, სრაფიტასა და იოდმანგანის სიყვარულის ამბავი.

იბერია ფარნავაზ მეფისა და ფარსმან ქველის დროს იმდენად გაძლიერდა და გამდიდრდა, რომ რომიც კი ანგარიშს უწევდა მის სურვილებსა და მოთხოვნებს. ეს ნამდვილად საამაყო ეპოქაა იბერიის ისტორიაში: წარმოიდგინეთ, მტკვარზე ქართული გემები, კამარები დასრიალებენ, უფლისციხის კლდეკარში გაჭრილია კავკასიის უდიდესი საქარავნო გზა, მდინარეებზე უამრავი ხიდია აგებული, გზები და ქალაქის ქუჩები მოკირწყლულია, ქალაქელები რომაულ აბანოებს სტუმრობენ, არმაზის ხევს ამშვენებს არმაზის უზარმაზარი ტაძარი, თვალს იტაცებს ძალისის საუცხოო სასახლე, მტკვარს ამაყად გადმოჰყურებს ზევახის, აგრიფას, მეფისა და სხვა დიდებულების კაპიტელებითა და სვეტებით დამშვენებული, უძვირფასესი ქანდაკებებითა და ავეჯით გაწყობილი სასახლეები და ა.შ.

არმაზის დღესასწაული, რომელიც სამ დღეს გრძელდებოდა, გრანდიოზულობითა და სანახაობებით, გაფორმებითა და სტუმრებით არაფრით ჩამორჩებოდა თანამედროვე დღესასწაულებს.

სკოლები, სპორტი, მუსიკა, ცხენოსნობა, მეომართა წრთვნა... იბერია იყო შემდგარი ქვეყანა და გვინდა ამის წარმოჩენა, გვინდა, რომ ახალგაზრდებს ამ ისტორიამ ასწავლოს ქვეყნის არა მარტო სიყვარული, არამედ მისი მოვლა და აღმშენებლობა, დაცვა.

მაგრამ მაინც, ჩვენი მთავარი მიზანია წინ წამოვწიოთ ულამაზესი სერაფიტასა და მასზე უსაზღვროდ შეყვარებული იოდმანგანის უდროოდ დაფერფლილი გრძნობის სევდიანი ისტორია. რაოდენ სულისშემძვრელია მხედართმთავრის ნაღვლიანი სიტყვები, არავინ იყო მასზე მშვენიერიო. ეს ნაღველი და სულისშემძვრელი ტრაგედია დღესაც, 2000 წლის შემდეგაც იწვევს ჩვენში თანაგრძნობასა და მწუხარებას.

ეს არის სიყვარული, რომელმაც ჩვენი საუკუნის ადამიანები აღაფრთოვანა, და კვლავაც აღაფრთოვენებს თაობებს. ამ სიყვარულის გაცოცხლება ჩვენს მოვალეობად ჩავთვალეთ და, იმედი გვაქვს, რომ შეყვარებულთა უნაზესი ემოციები და გრძნობათა სიფაქიზე გულგრილს არავის დატოვებს.

- ისტორიული ჟანრის ფილმის გადაღება დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, როგორც ტექნიკური, ასევე შემოქმედებითი კუთხით, ფიქრობთ, რომ კინოსტუდიები დაინტერესდებიან ამ უძველესი იბერიული ეპოქითა და ისტორიით?

- დავიწყებ იმით, რომ არა მარტო ისტორიული ფილმი, არამედ ზოგადად, კინოინდუსტრია მოითხოვს საკმაო ინვესტიციას. დღეს ბევრი ფილმის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს აღემატება და ეს მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია ფილმ-კატარსტროფების და მეგა თრილერებისთვის. ისტორიული ჟანრის ფილმების ძირითადი ხარჯი დეკორაციაზე, რეკვიზიტზე, ბატალურ სცენებზე, ეპოქის სულის გადმოცემაზე და გაცოცხლებაზე მოდის, რაც ისტორიული უზუსტობის თავიდან აცილებას და ლაფსუსების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.

რაც შეეხება კინოსტუდიების ცნებას, როგორც ასეთს, ვთვლი, რომ ეს წარსულის გადმონაშთია ისეთ კინოინდუსტრიულ ქვეყანაშიც კი, როგორც ამერიკაა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოებული პროდუქციის დიდი წილი ამერიკაზე და კერძოდ, ჰოლივუდზე მოდის, თითქმის არცერთი სტუდია აღარ იყენებს თავის პავილიონებს პირდაპირი დანიშნულებით. სტუდიები ქცეულია ატრაქციონებად და გასართობ ცენტრებად. პროდუქციას აწარმოებენ შვილობილი კომპანიები და უმეტეს შემთხვევაში ლოს-ანჯელესიდან მოშორებით. დღეს ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად აღარაა საჭირო სტაციონალური დიდი პავილიონები და სტუდიასთან არსებული დამხმარე საამქროები. მსოფლიოში არსებობს საკმაო რაოდენობის მცირე და საშუალო ზომის სტუდიები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან ამა თუ იმ კონკრეტული მიმართულებით, აპარატურის იჯარიდან - ციფრულ გრაფიკა-ვიზუალიზაციამდე.

აქ გასათვალისწინებელია “ფასი - ხარისხის” პრინციპი. წარმოებაზე მნიშვნელოვანი მზა პროდუქციის რეალიზაციაა. ამიტომ ხარჯის დასაფარად საჭიროა პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი. თავის მხრივ კი, ეს განაპირობებს მოგებას და უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

დღეს მაყურებელი ისეა განებივრებული მრავალფეროვანი პროდუქციით, რომ რთულია რამით გააკვირვო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, ვიზუალური ფორმა და თემატიკა, ჩვენ შემთხვევაში, საინტერესოა.

თავისთავად მხოლოდ საქართველოს ძალებით ამ პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი კო-პროდუქციისკენ იხრება. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ გაგიმხელთ, რომ არსებობს პო-ზიტიური გზავნილები ჩვენი პოტენციური პარტნიორებისგან, თუმცა კონკრეტული საუბრისგან თავს შევიკავებთ.

- ფილმის გადაღებისას შენარჩუნდება თუ არა იბერიული გეოგრაფიული სახელები, პერსონაჟთა ვინაობა და მათი ისტორია, ქართული პათოსი?

- ყველა გეოგრაფიული თუ ისტორიული სახელი მაქსიმალური სიზუსტით არის დაცული, პერსონაჟები და მათი პროტოტიპები, როგორიცაა ფარსმან მეფე და იოდმანგანი, ასევე რომის იმპერატორები ანტინიუს პიუსის, მარკუს ავრელიუსი, ასევე პარტპთიის მეფე ვოლოგეზი და მასი გარემოცვა, ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული წყაროებით დასტურდება. გვერდი არ აგვივლია იმდროინდელი დღესასწაულებისთვის, რიტუალებისთვის და ტრადიციებისთვის. გამხატვრულების მიზნით, ასევე შეყვანილია გამოგონილი და დამხმარე პერსონაჟები.

მაორე საუკუნე ფრიად საგულისხმო და საინტერესო პერიოდია ანტიკური ხანის ქვეყნების ისტორიაში, რომისა და პართიის გამუდმებული ომის და პოლიტიკური ინტრიგების ფონზე, ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი მძლავრი პოზიცია და მყარი მდგომარეობა მეზობელი ქვეყნების ინეტერესის სფეროს წარმოადგენდა, რაც ჩვენთან მოკავშირეობის სურვილს ქმნიდა.

ქართულ პათოსს გვერდს ავუვლით და გეტყვით, რომ ჩვენი მიზანია შევქმნათ არა ვიწრო ნაციონალური პროექტი და შემოვიფარგლოთ საქართველოს კინო-ბაზრით, არამედ ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ იმდროინდელი იბერია იმყოფებოდა ევრაზიის პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში და გავაცოცხლოთ კაცობრიობის ისტორიის კონკრეტული პერიოდის, მეორე საუკუნის ევრაზიის ცხოვრების და განვითარების გზა რომიდან ჩინეთამდე და ფართო მაყურებელს გავაცნოთ მათთვის უცნობი ისტორიის დეტალები.

- სად იგეგმება ფილმის გადაღებები, შერჩეულია თუ არა ფილმის რეჟისორი და მსახიობები? მონაწილეობას მიიღებენ თუ არა ფილმში ქართველი მსახიობები?

- წელიწადზე მეტია ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ვაგროვებთ და ვამუშავებთ ისტორიულ მონაცემებს სხვადასხვა წყაროებიდან. პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა უკვე გამოიკვეთა საკვანძო მომენტები, ენა და გადაღების ადგილი. არ გვინდა თავი შევიზღუდოთ და ერთ რომელიმე ენაზე ან ლოკაციაზე ვიმუშაოთ. ვფიქრობთ, ყველა მსახიობი - ქართველიც და მოწვეულიც, ილაპარაკებს მის მშობლიურ ენაზე და გადასაღები მოედანიც აირჩევა მოქმედების განვითარების მიხედვით.

რეჟისორი და გადამღები ჯგუფი ჯერ კიდევ განხილვაშია, ამიტომ ვერაფერს დავაკონკრეტებთ, ერთს გეტყვით, რომ შემოქმედებითი ჯგუფის გარკვეული ნაწილი - მხატვრები, დეკორატორები და არქიტექტორები შეირჩევიან ტენდერის საფუძველზე.

- თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მთავარი ფაქტორი ამ ფილმის გადაღებისას, რომელიც განაპირობებს მის წარმატებას?

- ყველა პროექტის წარმატების საფუძველი ფურცელია, კინოს შემთხვევაში კი - ეს დრამატურგიაა, რამდენად წარმატებული იქნება ფილმი, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ყველა ეს ფაქტორი კი ბიუჯეტზე.

თუკი იკითხავთ, რაშია განსხვავება ქართულ და კერძოდ, ამერიკულ კინო წარმოებას შორის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიუჯეტია!!! იქ კონკრეტულ პროექტზე გამოყოფილია კონკრეტული ბიუჯეტი. საჭირო იქნება 50 მილიონი დოლარი, პროდიუსერები მოიძიებენ ამ თანხას, ანუ სცენარისტის და რეჟისორის ფანტაზია არ არის შეზღუდული. კონკრეტულ მაგალითზე გეტყვით, რომ ჯეიმს ბონდის კოსტიუმები შექმნილია ლონდონის ისეთ ცნობილ სამკერვალო სახელოსნოებში როგორიცაა Anderson & Sheppard და Henry Poole & Co. თითო კოსტიუმის ფასი კი 5000 ფუნტია და ზოგჯერ მეტიც.

ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული კინო ინდუსტრია შეზღუდულია შესაძლებლობებში. ვფიქრობ, ვერცერთი ქართველი პროდიუსერი, რომელიც 200 000 ლარის ბიუჯეტში უნდა ჩაეტიოს, ვერ შესძლებს გაიღოს ასეთი ხარჯი მარტო კოსტიუმებზე.

საქართველოში სცენარისტის, ხშირ შემთხვევაში კი რეჟისორის ფანტაზია მორგებულია მიზერულ ბიუჯეტს, ამიტომ ქართული პროდუქცია არ არის კონკურენტუნარიანი და ჩანასახშივე განწირულია აუტსაიდერობისთვის მსოფლიო გაქირავების ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ვჯერდებით მხოლოდ კინოფესტივალებს. ქართველი კინომატოგრაფისტების ამბიციები კამერული ჩვენებებით შემოიფარგლება.

კინო გამქირავებელ კომპანიას არ აწყობს ინვესტირება წამგებიან პროექტში, რადგან ფილმის ბიუჯეტი ბევრად ნაკლებია ვიდრე მისი სარეკლამო ხარჯები. მათთვის კინო ბიზნესია, ზოგისთვის კი კინო ხელოვნებაა. მაგრამ ორივე შემთხვევაში, ეს არის გუნდური მუშაობის შედეგი და არა მხოლოდ ერთი ადამიანის - თუნდაც ყველაზე ნიჭიერი შემოქმედის, დაუღალავი შრომა.მიუხედავად ამისა, წარმატების 60 პროცენტი მსახიობებით არის განპირობებული, რომელთა სახელებიც უკვე დიდი ხანია ბრენდად არის ქცეული, ბრედ პიტი და ტომ კრუზი კინოში იგივეა, რაც კრისტიან ლაბუტენი და ლუი ვიტონი მოდის სამყაროში, მაყურებელი მსახიობის გამო დადის კინოში. ამიტომ, ჩვენს პროექტში მოწვეული იქნება რამდენიმე პოპულარულ მსახიობს, რომელთა სახელებიც კარგადაა ცნობილი მსოფლიოში. ასევე ცნობად სახეები აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ.

ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული კინო ინდუსტრია, როგორც ასეთი, არ მოიაზრება ბუნებაში. ის, რაც იწარმოება საქართველოში, თამამად შეიძლება ჩაითვალოს კამერულ საფესტივალო კინოდ. ჩვენი მიზანია შევქმნათ კონკურენტუნარიანი კომერციული პროდუქცია და შევცვალოთ კინოწარმოების საბჭოური პრინციპი.

R

პროტეინების კოქტეილების სარგებელი – სამეცნიერო კვლევების შედეგები

Apple-ის ოფიციალურ მაღაზიებში iPad-ის უახლეს მოდელებზე წინასწარი შესყიდვები იწყება

„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ!