ავტორი:

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

თავიდან კოვიდპანდემიას ადამიანები გაგებით შეხვდნენ... დღეს კი, როცა თეატრებს, დარბაზებს, სხვადასხვა დაწესებულებას კვლავაც არ აქვს საქმიანობის გაგრძელების უფლება, ამას ადამიანები მტკივნეულად განიცდიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღოჩდნენ თეატრის მსახიობები. ემოციურად რას განიცდიან სცენის, მაყურებლის გარეშე დარჩენილები, აპირებენ თუ არა რაიმე ალტერნატიული გზის მოძებნას, რას სთხოვენ ხელისუფლებას, - ამ თემაზე რამდენიმე თეატრის ცნობილი მსახიობი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

თამუნა ნიკოლაძე, თავისუფალი თეატრის მსახიობი:

- როგორც ყველა მსახიობს, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მენატრება თეატრი. მენატრება მაყურებელთან ურთიერთობა, დაწყებული კოსტიუმის მოწესრიგებიდან, გრიმის გაკეთებით, კოლეგებთან ურთიერთობით და სცენაზე თამაშით დამთავრებული... თებერვლის ბოლოდან, როგორც კი თეატრის დროებით დაკეტვა გადავწყვიტეთ და გვეგონა, ეს პროცესი რამდენიმე კვირა ან დღე გაგრძელდებოდა, უკვე 6-7 თვე გავიდა და უთეატროდაა მსახიობი დარჩენილი. თავიდან შეგნებით მივიღე და გააზრებულად შევხვდი ამ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ ეს გვჭირდებოდა, აუცილებელი იყო, რომ სახლში დავრჩენილიყავით. ახლაც ძალიან კარგად მესმის მდგომარეობა, ძალიან იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. გაძლიერებულია ვირუსი, რაც არ მომწონს და ყველა წესისა და კანონის დაცვით ვიქცევი. თუმცა ვხედავ, რომ ადამიანები მაინც დადიან ყველგან, 20-30-კაციან შეკრებებს ვაწყდები... 1-ელ ოქტომბერს თეატრი უნდა გახსნილიყო, ეს არ იქნებოდა ცუდი და უსარგებლო ნაბიჯი - თუნდაც 200-კაციან დარბაზში 80-100 კაცი რომ მოსულიყო, ეს მაყურებლის სულიერ მხარეს წაადგებოდა. მგონია, რომ ადამიანი უთეატროდ ძალიან გამოიფიტება, რადგანაც ისედაც გამოფიტულ და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ხალხი. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ დაწესებულებას რაც უფრო მალე გავხსნით, უფრო მალე გადავრჩებით. ის ერთგვარი სამკურნალო სივრცეა, სულის მკურნალია! მთელი შეგნებით და დიდი სიყვარულით ვაცხადებ, რომ თეატრი სჭირდება ადამიანებს, სჭირდება მსახიობებს, მაყურებელს, საქართველოს კულტურას, რომელიც წლების და საუკუნეების მანძილზე ჩვენი გადამრჩენელი იყო. ვიმეორებ, თეატრი არის ადგილი, რომელიც მაყურებელს კურნავს, აჯანმრთელებს! სრულიად საქართველოს, მსოფლიოს და დედამიწას სულიერად და ფიზიკურად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

ლელა მებურიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი:

- მსახიობებიც ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ: 6 თვის წინ ვითამაშეთ პრემიერა, რომელიც საოცრად კარგად მიიღო მაყურებელმა და ყველა ელოდებოდა სპექტაკლებს. თუმცა დაიწყო კარანტინი და სახლებში ჩავიკეტეთ. როგორი იყო ეს 6 თვე, ვრცლად აღარ მოვყვები... როგორღაც დავარწმუნეთ თავები, ყველაფერი მალე გაივლიდა და ამ დროის ნაყოფიერად გამოყენება გადარჩენის ერთადერთი გზა იყო... ბევრი დრო გავატარეთ შვილებთან, რაც ძალიან კარგია, მეუღლეებთან, საკუთარ თავთან. წავიკითხეთ და ვუყურეთ ყველაფერს, რაც შევძელით. ზოგმა მეტი კრეატიულობა გამოიჩინა და დროს აყვა, ზოგმა - ნაკლები, მაგრამ საბოლოოდ, როცა 6 თვის მერე ისევ შევძელით სცენაზე დადგომა, ვითამაშეთ სპექტაკლი, ისევ დავიმუხტეთ საოცარი ემოციებით და მივიღეთ აპლოდისმენტები, იგივე გამეორდა და გავჩერდით. თეატრის გახსნა გადაიდო და სამწუხაროდ, გულწრფელები რომ ვიყოთ, არ ვიცით, რა დროით. ახლა ნამდვილად ვგრძნობ, რომ შეუძლებელია, უბრალოდ ისევ წიგნების კითხვას და ფილმების ყურებას მივუბრუნდე. რაღაც სხვა გზის ძეებნაა საჭირო. ისეთის, რომელიც ამ სიტუაციასაც მოერგება და ჩვენ ემოციურ მდგომარეობასაც.

ჩვენთან მარჯანიშვილის თეატრში რეპეტიციები არ გაჩერებულა და აქტიურად ვემზადებით პრემიერისთვის, რაც ძალიან მახარებს. თუ ნოემბერში გავიხსნებით (როგორც იგეგმება) დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ახალი სპექტაკლით ისიამოვნებს. თუ არადა, ალბათ პრემიერას მაყურებლის გარეშე მაინც ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, აქტიურად ვფიქრობთ ალტერნატიულ გზებზე - რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს თეატრმა ასეთ დროს... ზოგადად კი, ძალიან უცნაურია ის, რაც სამყაროში ხდება. კი, უცნაურად ვგრძნობ თავს, რადგან არ ვიცი, ხვალ რა შეიცვლება, როგორ განვითარდება მოვლენები. რისი გაკეთების უფლება მექნება და რის - არა... რაც აქმდე ჩვეული და ნორმალური იყო, ნელ-ნელა არაჩვეულებრივი და მონატრებული ხდება. თავისუფლად ვხვდებოდე და ვესაუბრებოდე მეგობრებს, ვსეირნობდე, ვთამაშობდე თეატრში, ბავშვი სკოლაში და საბავშვო ბაღში ან კონცერტზე დამყავდეს - ეს უკვე ფუფუნება გახდა.

ჩემს უმცროს შვილს საერთოდ არ ახსოვს რა არის თეატრი, რადგან ბოლოს როდესაც საშუალება გვქონდა, წარმოდგენას დასწრებოდა, ძალიან პატარა იყო. გუშინ უფროსი შვილი პირველ კლასში "წავიდა"... ეს დღე ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნებოდა, ემოციებით ავივსებოდი, როცა დავინახავდი, - როგორ შევიდოდა სკოლაში... დღესაც ემოციური იყო, როცა ვუყურებდი, როგორ გაიღვიძა დილით ადრე და აღელვებულმა მკითხა - "ხომ არ დავაგვიანეო"? ჩაიცვა ლამაზად და დაჯდა კომპიუტერთან... ურთულესია... პირველი კლასი ასეთი არ უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვცვლით... ძალიან არ მინდა, რომ ეს ნორმა გახდეს მისთვის და ბავშვებმა ვერ შეძლონ სრულფასოვანი კომუნიკაცია, ერთმანეთთან მეგობრობა და თამაში - ეს ძალიან მაწუხებს. ალბათ მშობელი ყველაზე მეტად თავისი შვილების პრობლემებს განიცდის და ცდილობს, ყველანაირად შეუმსუბუქოს და გაულამაზოს სამყარო".

სოსო ხვედელიძე, სამეფო უბნის თეატრის მსახიობი:

- საკმაოდ რთული წელი აქვს მსოფლიოს ზოგადად და ამიტომ მსახიობებიც არ ვართ გამონაკლისები. დაზარალდა ყველა სფერო. თეატრი არ არის ერთადერთი, რომელსაც ამ სიტუაციის გამო პრობლემები აქვს. პანდემიამ დააზიანა ყველაფერი და განსაკუთრებული ვაი-ვიში მხოლოდ ჩვენზე, უბრალოდ უხერხულია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, "სამეფო უბნის თეატრმა" გადაწყვიტა, გაკეთებულიყო ისეთი პროექტები, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ის რეგულაციები და რეკომენდაციები, რაც შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის იქნა შემუშავებული სამინისტროს მიერ. 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო თეატრების მუშაობა, მაგრამ თარიღმა ისევ გადაიწია. მესმის, საკმაოდ საპასუხისმგებლო სიტუაციაა. მიუხედავად ამისა, უნდა შევძლოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა შემუშავებული წესების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი სფერო ჩამოიშლება და მივიღებთ ისეთ შეუქცევად პროცესებს, რომელიც უფრო მეტად დააზარალებს ქვეყანას. უნდა შევძლოთ ამ გამოწვევების ადეკვატურად აღდგენა ჩვენი საქმიანობით და არა შეჩერება გაურკვეველი დროით, რადგან რთულია წინასწარ განსაზღვრო, როდის დამარცხდება ვირუსი.

უნდა იყოს მეტი დიალოგი ცალკეული სფეროს წარმომადგენლებთან და ამ კომუნიკაციით უნდა შევძლოთ ერთად აღვიდგინოთ ძალები და გავაგრძელოთ მუშაობა, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით. ბუნებრივია, მენატრება რეპეტიციები. ამით განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ. დიდი ინტერესი მაქვს იმის, რა დაიდგმება და რაზე ილაპარაკებს თეატრი დღეს. ბევრი რამე შეცვალა პანდემიამ. მოვლენები სხვა კუთხით გამოჩნდა ამ ახალ ფილტრში. ამ ყველფარის დადებითი თუ უარყოფითი მხარის შეფასება თეატრის მხრიდან საინტერესო იქნება და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი პროექტი გველოდება, რომელიც თავისი აქტუალობით უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს.

იმედი მაქვს, შედგება დიალოგი კულტურის სამინისტროსთან და მთავრობა შეცვლის გადაწყვეტილებას, რაც არის ამ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნა. საჭიროა და უნდა შევძლოთ ამ პრობლემასთან რთული, მაგრამ აუცილებელი თანაარსებობა. შესაბამისად, ჯერჯერობით სხვა ალტერნატიულ გზას არ განვიხილავთ. უბრალოდ, ვითხოვთ მეტ კომუნიკაციას, რადგან მოხდეს ეფექტური გზის პოვნა, რომ თავი დავაღწიოთ შექმნილ ვითარებას"!

მარი არღუთაშვილი, გორის თეტარისა და "თეატრი რუსთავეილს 19"-ის მხახიობი:

- პირველად როდესაც ამ ფაქტის წინაშე დავდექით, რაღაცნაირად ყველანი შეშინებულები ვიყავით, ამასთან, ეპიდემიისთვის მოუმზადებლები და სრულიად გასაგები იყო ის, რომ გავჩერდით. გავჩერდით არამარტო ჩვენ, მთელი საქართველო. რომ იმაზე მეტი პრობლემა შეექმნა ხალხს და ეკონომიკას, ვიდრე თეატრის გაჩერება იყო. შემდეგ როდესაც ნელ-ნელა, რამდენიმე ობიექტმა გახსნა დაიწყო, მსახიობებისგან მესმოდა ფრაზა - რესტორანი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თეატრი?! ამაზე ცოტა კამათიც კი მქონდა ჩემს კოლეგებთან, რადგანაც როცა კარანტინის პერიოდში ხალხი თვეობით უმუშევარი იყო და ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში, იმ ეტაპზე ჯობდა, რესტორანი გახსნილიყო. ამდენთვიანი უმუშევრობის შემდეგ ვიღაცას საქმე უნდა გასჩენოდა და კვლავ ყოფილიყო დასაქმებული, ბიზნესსაც ცოტა ხელი შეშველებოდა. მოკლედ, ესეც აბსოლუტურად გასაგები და მისაღები იყო ჩემთვის. მერე მოვეშვით, ზაფხულში ვნახეთ, რა მდგომარეობა იყო მთელ ქვეყანაში. თითქოს გვეგონა, რომ ვირუსი დავამარცხეთ...

ახლა, როდესაც გვეგონა, რომ თეატრები უნდა გახსნილიყო, აგვისტოს ბოლოს მუშაობა განვაახლეთ, რეპეტიციები დავიწყეთ და გვიხაროდა, რომ გვექნებოდა ისევ სპექტაკლების თამაშის საშუალება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ ოქტომბერში კი არა, თეატრი ნოემბერში იხსნება, რადგან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულდა. ამაში ვერავის დავადანაშაულებთ. ყველამ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

მაგრამ ახლა ცოტა მეტად გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, რომ თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს ვხედავთ, რომ სადღაც ტარდება კონცერტი, სადაც 1000-ობით ადამიანი მიდის ყოველგვარი დისტანციის, პირბადის გარეშე. ასეთ დროს უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება და შერჩევით სამართალს ვხედავ... სექტემბერში გორში კომედიის ფესტივალი უნდა გვქონოდა, რომელიც ყოველ წელს ტარდება. ცხადია, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე მასშტაბით და ღია ცის ქვეშ უნდა გვეთამაშა, ამის უფლება არ მოგვცეს, ჩაიშალა, რადგან ყველანაირი ღონისძიება შიდა თუ გარე სივრცეში აიკრძალა. ამის პარალელურად ვიგებ, რომ კიკვიძის პარკში ხალხმრავალი კონცერტი გაიმართა. ეს ამბავი მეწყინა და გავბრაზდი.

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"