ავტორი:

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

ბრიტანეთში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსზე ტესტის სწრაფად გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ის არის ერთგვარი პატარა ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო ქიმიკატები და ყოველგვარი დამატებითი ლაბორატორიული კვლევების გარეშე 90 წუთში მაქსიმალური სიზუსტით ადგენს ადამიანი ინფიცირებულია თუ არა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მოწყობილობას უკვე იყენებენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის რვა საავადმყოფოში, რათა სწრაფად გაარკვიონ ინფიცირებულია თუ არა ადამიანი.

აღნიშნული მინი ლაბორატორიული ყუთი კომპანია DnaNudge-მა შეიმუშავა და გამოყენება შეუძლია ნებისმიერს, რომელსაც აქვს უნარი ცხვირიდან, ან ყელიდან ბიოლოგიური მასალა აიღოს.

პროფესორი კრის ტომაჟო მოწყობილობას პატარა და ეფექტურ ლაბორატორიას უწოდებს. რაც შეეხება მისი მუშაობის პრინციპს, პროფესორი განმარტავს - უნდა აიღოთ ბიოლოგიური მასალა ცხვირიდან, ან ყელიდან ტრადიციული ხელსაწყოთი და ის მოათავსოთ აღნიშნულ მოწყობილობაში, ყუთი დახუროთ, შედეგი კი დაახლოებით, 90 წუთში გექნებათ.

BBC-ის ცნობით, კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ the Lancet Microbe-ში და მასში ნათქვამია, რომ აღნიშნული მოწყობილობა პასუხს მაქსიმალური სიზუსტით აჩვენებს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა 5 000 "მინი ლაბორატორიული ყუთის“ დამზადება და 5.8 მილიონი კარტრიჯი.

მისი ნაკლი ის არის, რომ ერთდროულად მხოლოდ ერთი ტესტის ჩატარება შეუძლია და დღის განმავლობაში ერთი ასეთი ყუთით მხოლოდ 16 ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის. გლობალური მასშტაბით ვირუსით 30.3 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 950 635 პაციენტი, ხოლო 22 მილიონი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი 10 ქვეყანა ასეთია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, პერუ, კოლუმბია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და არგენტინა.

"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

20 სექტემბრიდან ამერიკაში TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აიკრძალება - ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს