ავტორი:

"ამდენ ტანჯვას უძლებს... მეუღლე გვერდიდან არ შორდება" - რას ჰყვება მეგობარი ზურა დოიჯაშვილზე, რომელიც 5 თვეა ისრაელის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული

"ამდენ ტანჯვას უძლებს... მეუღლე გვერდიდან არ შორდება" - რას ჰყვება მეგობარი ზურა დოიჯაშვილზე, რომელიც 5 თვეა ისრაელის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული

მომღერალი და მუსიკოსი ზურა დოიჯაშვილი ისრაელში, კერძოდ, თელავივის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, უმძიმეს მდგომარეობაშია - მეხუთე თვეა, აპარატზეა მიერთებული.

AMBEBI.GE-ს ზურა დოიჯაშვილის მეგობარი, მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი ესაუბრა:

"მადლობა, რომ ამ უნიჭიერესი მომღერლის მდგომარეობით ინტერესდებით, რომელიც ახლა სხვა ქვეყანაშია... არ მახსოვს ქართველი, აქედან წასვლის შემდეგ, უცხო ქვეყანაში კარგად ყოფილიყოს. ზურასაც იგივე დაემართა. კი გაექცა ყოფით პრობლემებს, მაგრამ მიხვდა, რომ მძიმე ნაბიჯი გადადგა. შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანები ასეთ სიტუაციაში ფაქტობრივად სიკვდილთან ზავს დებენ, რადგანაც სამშობლოს შორდებიან... ზურაზეც ამან იმოქმედა, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მკვეთრად აისახა.

დიახ, მან დატოვა თბილისი, თავისი საყვარელი უბანი, დაშორდა აქაურობას, რის გამოც ძალიან ცუდად გახდა... მოსალოდნელი იყო ის, რაც მას სჭირს... უკვე ძალიან მძიმედ არის.

მის ჯანმრთელობაზე თქვენთან 3 თვის წინაც ვისაუბრე, მაგრამ მას მერე გაუარესებულია მდგომარეობა, ძალიან დამძიმდა. არ ვიცი, თვითონ რას გრძნობს, ალბათ საქართველოსთან სიშორის გამო გამოწვეულ ტკივილს. ხომ ვამბობ, აქაურობამ სხვანაირი სიყვარული იცის, განსაკუთრებით - თბილისმა, ძველმა უბანმა, რომელმაც შეგიყვარა, გასწავლა სიყვარული, ბევრი რამ, მათ შორის, სიმღერა, მუსიკის სიყვარული. ეს ყველაფერი კი ზურას მოჭარბებული ჰქონდა... სანამ ცოცხალი ვიქნები და მემახსოვრება, მასზე სულ ასე ვილაპარაკებ...

ძალიან მძიმედ ვარ, იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, უკვე 5 თვეა, აპარატზეა მიერთებული და ამდენ ტანჯვას უძლებს. აფერუმ მის მეუღლეს, ქალბატონ ქეთის და აქვე უღრმესი მადლობა, ყოველი დღისთვის, საათისთვის, წუთისთვის, წამისთვის, რასაც მეუღლისთვის აკეთებს - თავზე ადგას, გვერდიდან არ სცილდება.

მადლობა მაყურებელს, მსმენელს, რომელსაც უყვარს ზურას ხელოვნება, პატივს სცემს მის სიმღერებს... ბევრი აქვს ქართული ხელოვნებისთვის გაკეთებული. მისი ჩახლეჩილი, ჩახრინწული ხმა ყველაფერს ამბობდა...

გუშინ მე და ჩემმა მეგობარმა ვთქვით, მოდი, წავიდეთ ისრაელში და მოვინახულოთ-თქო (იანვარში ვიყავით, ვნახეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მისი ნომერ პირველი დაავადება - უთბილისობაა, რაც ყველაზე მძიმე და მტკივნეულია), თუმცა გუშინვე გავარკვიეთ, რომ ფრენა არ არის და ისრაელში ჩასვლა ვერაფრით მოხერხდება. არადა, როცა რეანიმაციაშია შენი ძმა, ძმაკაცი, რომელიც თვალებს ახელს და მნახველთან კონტაქტში ხანდახან შედის, მგონია, რომ დავენახეთ, შეიძლება ორგანიზმში რაღაც ისეთს გაღვიძებოდა, რომ მისი დაავადება შეეჩერებინა. შეიძლება გამოჯანმთელების პროცესები დაწყებულიყო, ამის მჯერა, მაგრამ გამგზავრებას სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ - ყველაფერი დაიკეტა! იმედი გვაქვს, ზურა დაგვიცდის!

საავადმყოფოში თელავივში წევს, სადაც განთქმული ქართველი ებრაელი ექიმები მუშაობენ. იქ არის ჩვენი ჯამლეტ ხუხაშვილის სიძე, რომელთანაც კავშირი სულ გვაქვს. ბატონი ჯამლეტი ყველანაირად ცდილობს, ზურას გამოჯანმრთელების კუთხით, თავისი წვლილი შეიტანოს, ძალიან უყვართ მას და მის მეუღლეს, ქალბატონ ევას ზურიკო. დიდი მადლობა მათ და საერთოდ ყველას, ვინც ცდილობს, რომ ჩვენს მეგობარს პატარა შველა მიანიჭოს".

რა ხდება საქართველოს ავტომაგისტრალებზე - რეგიონალური გზები, სადაც შეზღუდვები მოქმედებს

"სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება" - როგორ აფასებს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ორშაბათიდან თბილისში 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის