ავტორი:

"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

რა გაგრძელება ექნება რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტს, მას შემდეგ, რაც გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების არსებობას, ამის შესახებ რუსულ და დასავლურ მედიაში მსჯელობა არ წყდება. პუტინის რუსეთი კი, ამ საქმესთან ყოველგვარ კავშირს კვლავაც კატეგორიულად უარყოფს.

ალექსეი ნავალნის გუნდის წევრების მტკიცებით, რუსი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, ქალაქ ტომსკში მოწამლეს და არა აეროპორტში, რადგან მათი თქმით, ცარიელი ბოთლი, რომელშიც ნერვული აგენტი, "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს, ტომსკის იმ სასტუმროს ნომერში იყო, სადაც ნავალნი იმყოფებოდა.

ნავალნი გასულ თვეში თვითმფრინავში გახდა ცუდად და ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ ის ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" არის მოწამლული. "ნოვიჩოკი" საბჭოთა სამხედრო ძალების მიერ შემუშავებული ქიმიური იარაღია, რომელსაც წლებია პუტინი მისთვის მიუღებელი პერსონების მოსაშორებლად იყენებს.

ნავალნის "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია, როგორ ამოწმებენ მისი გუნდის წევრები სასტუმროს ოთახს, მისი ცუდად გახდომიდან 1 საათის შემდეგ. გერმანიის ლაბორატორიამ "ნოვიჩოკის" კვალი სწორედ ამ ოთახიდან ამოღებულ წყლის ბოთლზე აღმოაჩინა.

"ყველაფერი შევაგროვეთ, რაც გერმანელი ექიმებისთვის გამოსადეგი იქნებოდა, რადგან ვიცოდით, რუსეთში ამას არ გამოიძიებდნენ", - აცხადებენ მისი გუნდის წევრები. მისი მეგობრის, ვლადიმირ მილოვის თქმით, მათ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს დაასწრეს და სასტუმროდან ამოღებული მტკიცებულება ქვეყნიდან გაიტანეს.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, მომხდარზე რუსეთისგან ახსნა-განმარტება უკვე მოითხოვეს. გაჩნდა მოწოდებები, რომ ამ საქმის გამო, მოსკოვს სანქციები დაუწესონ.

ნავალნი პირველი არ არის, ვის ორგანიზმშიც უცნობი მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. იმ ადამიანებიდან, რომელიც პუტინისთვის მიუღებელი იყო და სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ვითარებაში მოწამლეს, ზოგს გაუმართლა, ზოგს - არა... მათი არასრული სია კი, ასე გამოიყურება;

2003 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს, ანტისახელისუფლებო ინტერნეტგაზეთის, novayagazeta-ს რედაქტორის მოადგილე, იური შეკოჩიხინი. ექიმებმა მას ძალზე იშვიათი დიაგნოზი, "ლაილას სინდრომი" დაუსვეს. მომწამვლელი ტოქსინი ვერ გამოიკვლიეს, რის გამოც, რუსულმა მედიამ მას აგენტი უწოდა.

2004 წელს, როსტოვის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოწამლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ჩეჩნეთის ომს წლების განმავლობაში აშუქებდა. "ჩეჩნეთის მეორე", "ჩეჩნეთი - სიმართლე ომის შესახებ" და "პუტინის რუსეთში" - ამ წიგნებით პოლიტკოვსკაიამ პუტინის რეჟიმი სასტიკად ამხილა...(მას საკუთარ სადარბაზოსთან თავში ესროლეს).

ორჯერ მოწამლეს და სასწაულებრივად გადარჩა რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზუ უმცროსი... 2004 წელს, Agent Orange-ს, მომწამვლელ ნივთიერებას, უკრაინის მაშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, რუსეთის ფავორიტ ვიქტორ იანუკოვიჩის უპირობო კონკურენტი ვიქტორ იუშენკო გადაურჩა, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად გადარჩა.

2006 წელს, რუსეთის "ეფესბეს" ყოფილი აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო, ლონდონის სუში ბარში პოლონიუმით მოწამლეს. მისი იშვიათი რადიოაქტიური ელემენტი წყალბადის ციანიდზე 150 ათასზე მეტჯერ ტოქსიკურია. ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ის პირველი ადამიანია, ვინც პოლონიუმით მოკვდა.

პუტინთან დაპირისპირებული რუსი ოლიგარქი ალექსანდრ პერეპილიჩნი, რომელიც გამოძიებას სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გარემოებებზე ინფორმაციით ეხმარებოდა, 2012 წელს, ლონდონში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. მის გვამში გელსემიუმის (ტოქსიკური მცენარე, რომელიც მხოლოდ აზიაში ხარობს) კვალი იპოვეს.

2015 წელს, "გრუ-ს" სამმა თანამშრომელმა ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი, სავარაუდოდ, კრემლის მიერ უკვე აპრობირებული "ნოვიჩოკით" მოწამლა. ერთ-ერთი მათგანი, მოქმედი დიპლომატი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომელი გეორგი გორშკოვი იყო (ნამდვილი გვარ-სახელია ეგორ გორდიენკო). ის ასევე მონაწილეობდა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ოპერაციაში.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მცხოვრები სერგეი და იულია სკრიპალები, 2018 წელს რუსული წარმოების ნივთიერებით, ნოვიჩოკით მოწამლეს. მამა-შვილი გადარჩა, თუმცა, გარდაიცვალა მოქალაქე, რომელმაც "ნოვიჩოკის" შემცველი ბოთლი ხელში აიღო.

2019 წელს მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა რუსი ჟურნალისტი, სერგეი დორენკო. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც გონება დაკარგა. ოფიციალური ინფორმაციით, მას გულის ინფარქტი დაემართა. მან თავის გადაცემაში, კურსკის ჩაძირვის დროს მთავრობის ქმედება მწვავედ გააკრიტიკა... მისი ქალიშვილი კარგა ხანს ცდილობდა საეჭვო გარემოებების შესწავლას, თუმცა, უშედეგოდ.

ფონდ პერსპექტივას დირექტორი, ლეონიდ გოზმანი სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს: "რუს საზოგადოებას აღარ უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა, მაშინ, როდესაც ძალიან გააკვირვებდა სხვას, თუნდაც, გენადი ზიუგანოვს რომ ჯანმრთელობის პრობლემები შექმნოდა... ეს კი, ძალიან ცუდია.

ძალიან საშიში იყო ჩვენი ექიმების შეფასებები ნავალნის გერმანიაში გადაყვანამდე, რომლებიც წარბშეუხრელად იტყუებოდნენ. ასეთი იყო მთავარი ექიმი მურახოვსკი, რომელსაც სჯერა, რომ რუსეთში ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ახლაა და ამიტომ, ძალიან უემოციოდ საუბრობდა ნავალნის მდგომარეობაზე... ამაშია პრობლემა, მასაც, როგორც უამრავს ჩვენს გარშემო, არ უკვირს და არ აპროტესტებს შხამიან "ძერჟავას". ამიტომ, ვიდრე ეს არ შეიცვლება, კიდევ ბევრი სკრიპალები, ლიტვინენკოები და ნავალნები გვეყოლება. კრემლი კი ან უარყოფს, ან სხვაგან დაიწყებს დამნაშავის ძებნას".

"დეილი მეილის" ცნობით, პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს - რას ამბობენ კრემლში პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებზე არსებულ ინფორმაციაზე

ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენი 917 ხმით ლიდერობს

პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, ქაოსი, დემონსტრაციები და "სანახაობა" - რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ