ავტორი:

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

დავით ჩიკვაიძე სოციალურ ქსელ"ფეისბუქის" პირად გვერდზე ხშირად ერთვება პირდაპირ ეთერში, რომლის დროსაც კომპანია "ამერიკან ტრანსის" მფლობელებს აკაკი გაგუასა და შალვა ცომაიას თაღლითობაში ადანაშულებს. როგორც ჩიკვაიძე ყვება, მიმდინარე წლის თებერვალში მან აღნიშნულ კომპანიას ორი ავტომობილი შეუკვეთა, მალევე საფასური - 24000 აშშ დოლარამდე თანხა ანგარიშზე ჩაურიცხა, თუმცა კუთვნილი ავტომობილები ამ დრომდე არ მიუღია.

"თებერვალში აკაკის დახმარებით, გადარიცხვებით ვიყიდე ავტომობილები ამერიკაში. აუქციონზე. მარტში კორონავირუსული პანდემია დაიწყო. რამდენჯერაც აკაკის ვწერდი, იმდენჯერ მეუბნებოდა, ხომ იცი პორტები ვერ მუშაობენ კორონას გამო და მალე გამოვუშვებთ შენს მანქანებსო. მე კიდევ ნერვიულობდი, ეს კაცი შევაწუხე ამ ჩემი მანქანებით-მეთქი...

აპრილიც ასე გავიდა. მაისში სურათები ჩამიგდო. ერთი მანქანა უკვე პორტშიაო. ასე რომ გაიწელა დრო, ეჭვები გამიჩნდა და 10 მაისის ღამე ორივე მანქანის "ვინკოდი" დავგუგლე და რაც ვნახე, ვერ დავიჯერე. არცერთი მანქანა არ იყო ნაყიდი და ისევ აუქციონზე იდო. ფული კიდე მითვისებული ჰქონდათ. ის ღამე როგორც გავათენე, კი მიხვდებით. მეორე დღეს აკაკის გავუარე და ჩემს მანქანაში ჩავსხედით. ვეკითხები.

აკაკი, სად არის ჩემი მანქანები. აკაკი მპასუხობს - ამერიკაშია და დღე-დღეზე ჩამოვაო. ვკითხე, აკაკი, ვიცი, რომ არ გიყიდიათ შენ და შენი სიძის კომპანიას, წუხელ ვნახე რომ ისევ დევს გასაყიდად, სად წაიღე ის ფული რითიც მანქანები უნდა გეყიდათ - მეთქი? აი, აქ დაიწყო დრამა. თაღლითები აღმოჩნდნენ. ათასი სისულელე თქვეს. ჯერ ჩემს ადვოკატს ჰპირდებოდნენ, ფულს 25 ივნისს ჩავრიცხავთო. შემდეგ არ გვაქვსო", - გვიყვება ჩიკვაიძე.

AMBEBI.GE სთან საუბარში დათო ჩიკვაიძე ამბობს, რომ საკუთარი ბრალდებების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ხელთ აქვს.

"რასაც ვსაუბრობ, ამ ყველაფრის დამამტკიცებელი დოკუმენტები მაქვს.,ინვოისები და ა.შ. იმდენჯერ დაარღვიეს პირობა, რომ იძულებული გავხდი პოლიციისთვის მიმემართა. ბოლოს ვადა 25 ივნისამდე იყო დათქმული. ჩემს ადვოკატსაც რამდენჯერმე შეხვდნენ და ისიც რამდენჯერმე მოატყუეს. პოლიციაში რომ შევიტანე განცხადება, გაიგეს, მას შემდეგ მომწერეს წერილი ოფიციალურად და ამბობდენ, რომ თითქოს 11 სექტემბრამდე გადაიხდიდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ შეასრულეს.

ლაპარაკია 24 000 აშშ დოლარამდე თანხაზე. მოკლედ, მივხვდი , რომ მაგათთან საუბარს და ლოდინს აზრი არ აქვს და მივმართე სამართალდამცავ უწყებებს. შევიტანე განცხადება პროკურატურაში, რომელსაც თან ერთვის ყველა მტკიცებულება და იმედი მაქვს, რომ სიმართლე დროულად გაირკვევა. ამას იმიტომ, ვაკეთებ, რომ სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში. მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვერპლოს ამ თაღლითებს. როგორც აღმოჩნდა, აკაკის სიძე და კომპანიის მფლობელი, შალვა ცომაია ყოფილი პოლიციელია. ბევრმა მითხრა ბრძოლას აზრი არ აქვს, დაივიწყეო. მე ერთი ვიცი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - უყვება AMBEBI.GE -ს დავით ჩიკვაიძე.

"ამერიკან ტრანსის" მიერ კიდევ ერთი დაზარალებული AMBEBI.GE -ს საკუთარ ისტორიას უყვება. კობა მიქავა ამბობს, რომ 2020 წლის 13 მარტს შეუკვეთა ავტომობილი, რაშიც 6500 აშშ დოლარი გადაიხადა.

"13 მარტს დავდე ხელშეკრულება ამ კომპანიასთან. 16- ში თანხა ჩავურიცხე 6500 აშშ დოლარი. მეგონა, რომ აუქციონზე ეს ავტომობილი შეძენილი ჰქონდათ. მითხრეს, გილოცავ, ავტომობილი შენიაო. შემდეგ გადავამოწმე და ვნახეთ, რომ აუქციონზე ისევ იდო "ჩემი" ავტომობილი. აღმოჩნდა, რომ თანხა არ გადაურიცხავს "ამერიკან ტრანსს". მოვთხოვე პასუხი კომპანიის მფლობელებს და მითხრეს, ნუ გეშინია, კორონავირუსის გამო ტექნიკური ხარვეზაო.

ერთი და იგივე ავტომობილი ოთხჯერ გავიდა აუქციონზე და საბოლოოდ, ეს ავტომობილი "ამერიკან ტრანსმა" შეიძინა, მაგრამ პრობლემა შეიქმნა პორტში. ამერიკის პორტიდან ავტომობილს არ უშვებდნენ. ხან რას იმიზეზებდნენ, ხან - რას. ბოლოს 13 აგვისტოს ვესაუბრე აკაკი გაგუას და ვუთხარი, რომ შემოსავლების სამსახურის საიტზე ვნახე, კონტეინერი გახსნილია და ავტომობილები გამოყვანილია, როდის უნდა გადამიფორმოთ-მეთქი.

ჯერ რაღაც პრობლემები გვაქვს და დამაცადეო. ოფისში მივაკითხე და ვკითხე, რატომ არ მიფორმებდნენ ავტომობილს, მითხრა, რომ ეს ავტომობილი ჩემს სახელზე არ არის ჩამოსული, სხვა კომპანიის სახელზე ჩამოვიდაო. შოკში ჩავვარდი და პასუხი მოვთხოვე. თქვა, რომ დავალიანება აქვს გამომგზავნ კომპანიასთან და სანამ არ გაისტუმრებს, ავტომობილს არ გადასცემენ. ჩხუბს არ ვარ მიჩვეული და მივხვდი, რომ ამ ადამიანთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სამართლებრივი ბრძოლა დავიწყე. ჯერ ჩანიშნული არ არის სასამრთლო პროცესი. ვფიქრობ, რომ საქმეს გამოძიება არ გაუჭირდებათ, რადგან ხელისგულზე დევს ყველაფერი", - გვიყვება კობა მიქავა.

ბრალდების ადრესატები ფინანსური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბარისგან თავს იკავებენ. შალვა ცომაია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ დეტალურ და დოკუმენტურად გამყარებულ ინფორმაციას მხოლოდ სამართალდმცავ უწყებებს მიაწოდებს. მისი თქმით, კომპანიას ამ დროისთვის სულ 45-ამდე პირის წინაშე აქვს ვალდებულება შესასრულებებლი. მათგან ჩიკვაიძე ერთადერთია, რომლის ავტომობილის ჩამოყვანაც ვერ მოახერხეს.

შალვა ცომაია

"დაახლოებით 45 ავტომობილი დგას პორტში და თვის ბოლოსთვის გადაეცემა მესაკუთრეებს. ერთადერთია დავით ჩიკვაიძე, რომლის ავტომობილის ჩამოყვანაც ვერ მოვახერხეთ სხვადასხვა მიზეზების გამო. ფინანსური პრობლემის გამო თვის ბოლომდე ვერ გადმომყავს. ზოგს სიტყვიერად ვუთხარი, რომ დაგველოდონ, ზოგს დოკუმენტურად. რატომ ჰქვიათ ამ ადამიანებს დაზარალებულები, ვერ ვხვდები. ველოდები თანხებს და ყველა ვალებულებას გავისტუმრებ. ყველა თავისი ავტომობილით იქნება დაკმაყოფილებული. იყო მიზეზები, რომლებმაც ამ ჩიხში მოგვაქცია. მაგრამ ამაზე საუბარი მედიასთან არ მსურს. მხოლოდ პოლიციაში წარვადგენ შესაბამის დოკუმენტებს და მათ ავუხსნი.

გამოძება რომ დასრულდება მერე გაიგებენ, ვინ არის თაღლითი. იმ პოსტით, რაც ჩიკვაიძემ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა, დიდი მორალური და ემოციური ზიანი მომაყენა, თაღლითი მიწოდა. რაც ცილისწამებაა. არსად გავრბივარ, აქ ვარ თბილისში. სასამრთლო პროცესები,როგორც იცით, შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს დროში, მაგრამ მე არ ვუჭიანურებ, ვამბობ, რომ გავისტუმრებ ამ ვალს. სხვა რა გავაკეთო. ადამიანს შეიძლება ყველაფერი მოუვიდეს, მაგრამ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა და არ გაექცეს პრობლემა. ორი ომი გამოვიარე, სიკვდილს შევხედე თავლებში და არ გავქცეულვარ და ახლა ხომ არ გავიქცევი?! როდესაც დამიძახებენ ოფიციალურად, იქ განვაცხადებ ყველაფერს. სანერვიულო არაფერი მაქვს", - ამბობს შალვა ცომაია.

დავით ჩიკვაიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება ვაკის რაიონული პოლიციამ 31 ივნისს დაიწყო. საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული. ბრალდების ადრესატები საგამოძიებო ორგანომ უკვე დაკითხა. დავით ჩიკვაძის თქმით, ბოლო ვადა, რომელიც "ამერიკან ტრანსმა" ვალდებულების შესასრულებლად ითხოვა, 11 სექტემბერს ამოიწურა.

"რამდენჯერმე დამითქვეს ვადა და არც ერთხელ შეასრულეს პირობა. ამბობდნენ, 11 სექტემბერიც გავიდა და არანაირი რეაგირება არ აქვთ. გამოდის, რომ ისინი ამ მითვისებული თანხის გასტუმრებას საკუთარი სურვილით არ აპირებენ და ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აიძულონ. თუმცა ვხედავთ, რომ ჯერ არაფერი კეთდება და ისინი ისევ თავისუფლად დადიან გარეთ. მე გაჩერებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, გამოძიება არ გაჭიანურდება და საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ" - ამბობს ჩიკვაიძე.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული