ავტორი:

"მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის" - მხარეები დავით ფურცხვანიძის გამოკითხვის დეტალებზე

"მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის" - მხარეები დავით ფურცხვანიძის გამოკითხვის დეტალებზე

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის გამოკითხვით გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მისცა მას სატელიტური ფოტოები, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს გადასცა.

გუმბერიძის თქმით, დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის და არც პირადად იცნობს.

„ფაქტი დადასტურდა, რომ ამ პიროვნებამ გადასცა ეს ფოტოსურათები. მოვთხოვეთ კონკრეტული წყაროს დასახელება, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც არასდროს ჰყავს ნანახი პირადად და ამბობს, რომ სოციალური ქსელში ჰქონდა კავშირი, თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ვერ დაგვისახელა. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, ჰქონდეს ტელეფონში, თუმცა ტელეფონიც, რატომღაც, დაუზიანდა ერთი კვირის წინ. შესაბამისად, იქაც ვერ მოიძიებს გამოძიება ამ ინფორმაციას“, - განაცხადა გუმბერიძემ.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, დავით ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები თამარ ბაჩალიაშვილის დედას გადაუგზავნა.

„ბატონმა ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ აგვისტოს ბოლო პერიოდში მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გადაუგზავნა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რაზეც ამ ქალბატონმა გააკეთა განცხადება, რომ მისი შვილის გარდაცვალება უკავშირდებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობას. რაც შეეხება ყარაბაღის ხსენებას, ბატონმა დავითმა განმარტა ჩვენს შეკითხვებზე, რომ ეს ინფორმაცია კონკრეტულად ყარაბაღში იარაღით უკანონო ვაჭრობა მას არ უხსენებია და როგორც იცის, თეონა თამაზაშვილს ეს ინფორმაცია მიაწოდა დავით ქაშიშვილმა. შესაბამისად, თვითონ დაადასტურა ის ფაქტი, კვლევა, რაც ჩატარდა და რაც თამაზაშვილს გადაუგზავნა, უკავშირდებოდა სამხრეთ კავკასიაში სპეცსამსახურების ომს იარაღთან დაკავშირებით და ეს შეეხებოდა კონკრეტულად იარაღით უკანონო ვაჭრობის შედეგად ფულის გათეთრების სქემას, სადაც ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილი.

როგორც თვითონ ამბობს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებს გარკვეულ კვლევებს, ამ კვლევაში ჩართულია მისი რამდენიმე მეგობარი ექსპერტი, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, გააჩნიათ ერთი სამოქმედო სქემა და შესაბამისად, დაეხმარნენ ამ ინფორმაციის მოპოვებაში, რაც უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიის სპეცსამსახურების მიერ იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტს. ასეთ გარემოებას სწავლობდა დავით ფურცხვანიძე. თუმცა რატომ სწავლობდა, რა ინფორმაციებზე დაყრდნობით სწავლობდა, იყო თუ არა იარაღით ვაჭრობის ფაქტი, ამაზე პასუხი არ აქვს“, - განაცხადა პროკურორმა.

გამოკითხული დავით ფურცხვანიძის განცხადებით, გამოკითხვის დროს გამოძიებას უთხრა პირის ვინაობა, ვინც მას ის სატელიტური ფოტოები მიაწოდა, რომელიც მან ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა.

როგორც ფურცხვანიძემ საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სამართალდამცავ უწყებებს მეტი დეტალი აინტერესებთ, მის საკომუნიკაციო საშუალებებს - მობილურს, ლეპტოპსა და კომპიუტერის პროცესორს ფლობენ, სადაც „ყველაფერი წერია“.

„დავასახელე გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი. ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის, არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტსა და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება, ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს თვითონ ვერ მიაწვდიდა, რადგან არ იცნობდა.

„ერთხელ არის ნახსენები, როცა დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა საუბარი, მე ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და გადაბეჭდა ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ, მათ შორის ამერიკულმა, არის მითითება ასეთი - იქ, სადაც არის დიდი შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის, იარაღით ვაჭრობაში. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტი“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გეგმავს, რადგან „გარკვეულ ფინანსურ საქმეებზე გამოძიება ბოლომდეა მისაყვანი“.

„ხელს რა შემიშლის? ვგეგმავ ამერიკაში გამგზავრებას, ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მიზანია სწორედ დიდი კორუფციული, ფინანსური, ფულის დარიცხვების შესახებ რაც არის, ამის შესახებ გამოძიება ბოლომდე არის მისაყვანი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბაჩალიაშვილი არის ერთ-ერთი შემადგენელი ეპიზოდი დიდ საქმეში“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი გარემოება და გარკვეული ჩვენებები ეჭვს ბადებს. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება „უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა“.

„ერთ რამეს გეტყვით ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, მკვლელობაზე. ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, არის მოდელირებული და სერიოზულად დადგმული ინსცენირებაა, მაგრამ უნიჭოდ. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

როგორც დავით ფურცხვანიძე აცხადებს, მისთვის სატელიტური ფოტოები არავის და მათ შორის, არც მიხეილ რამიშვილს არ მოუთხოვია. მისი თქმით, აპირებს, ამერიკაში ბაჩალიაშვილის საქმის გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის სატელიტური ფოტოს თაობაზე, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

"არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 68 წლის კაცზე, რომელიც არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დააკავეს

"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში