ავტორი:

"პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობაზე ქართული სიმღერების შესრულება მთხოვეს " - ისრაელში ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერლის ცხოვრება და კარიერა

"პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობაზე ქართული სიმღერების შესრულება მთხოვეს " - ისრაელში ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერლის ცხოვრება და კარიერა

ჩემი რესპონდენტი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული ქართველი მომღერალია ისრაელში. რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში, წარმატებული მუსიკალური კარიერის შემდეგ, ფიქრია მეგრელაძე შემოქმედებით ცხოვრებას ისრაელში აგრძელებს.

წლების წინ, მომღერლის ერთი შემთხვევითი სტუმრობა ისრაელში მისთვის განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული გამოდგა.

ის ახლა, ისრაელში თითქმის ყველა ქართულ-ებრაული წვეულებების, ეს იქნება ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა (ბარმიცვა) თუ სხვა, განსაკუთრებული სტუმარია. ის არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტებისთვის მღერის. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარით მოხიბლულმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მისი შვილის ნიშნობაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითაც კი მიიწვია.

ფიქრია მეგრელაძე:

- საქართველოში ძალიან ლამაზი, ლაღი ბავშვობა მქონდა. 6 წლის ასაკში, როდესაც მუსიკალურ სკოლაში მიმიღეს, დირექტორმა მკითხა, ფიქრია რას გვიმღერებო? - მეც თამამად დავჯექი ფორტეპიანოსთან და ვიმღერე ცნობილი სიმღერა "აჭრიალებს ქარი კარებს" - სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ექიმობაზე ვოცნებობდი, რატომღაც მოხდა ისე, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე... შემდეგ გავთხოვდი და საცხოვრებლად წავედით მოსკოვში. საქართველოში თითქმის ყოველთვე სტუმრად ჩამოვდიოდი და მუსიკალურ საღამოებს ვაწყობდი, ვწერდი სიმღერებს, ვიღებდი კლიპებს და ა.შ. თავდაპირველად ეს ჩემი ჰობი იყო, შემდეგ შემოსავლის წყარო გახდა და ასე დარჩა დღემდე.

- საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო თქვენი სასცენო კარიერა...

- ნამდვილად. დაახლოებით 14 წლის ასაკში, მივიღე დიდი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ფილმის ქასთინგში მონაწილეობა. დაგეგმილი იყო ალექსანდრე გრიბოედოვზე ფილმის გადაღება. 1 500 ბავშვიდან მე დამამტკიცეს ნინო ჭავჭავაძის როლზე. შემდეგ მოსკოვშიც ვიყავი "გორკის" სახელობის კინოსტუდიაში, სადაც ასევე, ჩატარდა კინოსინჯები. საბოლოოდ, დამამტკიცეს როლზე. თუმცა, მალევე ნიკიტა მიხალკოვი იტალიაში, მარჩელო მასტროიანის გადასაღებად წავიდა და დაგეგმილი ფილმი ვეღარ გადაიღო.

- 90-იან წლებში, მახსოვს თქვენი მუსიკალური ვიდეორგოლები აქტიურად ტრიალებდა ქართულ ტელეარხებზე. ძალიან პოპულარული იყავით, თუმცა შემდეგ თითქოს გაუჩინარდით. რას უკავშირდებოდა თქვენი ეს შემოქმედებითი პაუზა?

- ალბათ ჩემს მოსკოვურ ცხოვრებას. მახსოვს, წლების წინ, ჩემი პირველი ვიდეორგოლი სიმღერაზე "ვედრება", "მაესტროზე" გავიდა. მაშინ მხოლოდ ერთი მუსიკალური ტელევიზია იყო საქართველოში. შესამაბისად, მუსიკალური კლიპები არ ჰქონდა ბევრ უკვე ძალიან ცნობილ მომღერალსაც კი. მოგვიანებით, ჩავატარე სოლოკონცერტი. გარდა ამისა, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი აქციისა - "მომღერლები ნარკომანიის წინააღმდეგ". მინდოდა, ამ ადამიანებს გვერდში დავდგომოდით, რათა ცხოვრების ჯანსაღ წესს დაბრუნებოდნენ.

- 2012 წელს, თქვენ დაბრუნდით საქართველოში და აქტიურად განაგრძეთ შემოქმედებითი ცხოვრება...

- ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. ვმუშაობდი რეპერტუარზე. შემდეგ წავედი ყაზახეთში. თავდაპირველად, ჩემმა ყაზახმა მეგობრება შემომთავაზეს ჩამეწერა ორი სიმღერა ყაზახურ ენაზე და რამდენიმე ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ადგილობრივმა მსმენელმა ძალიან შეიყვარა ჩემი სიმღერები, მალევე გავხდი პოპულარული. მოგვიანებით რუსულენოვანი რომანსების საღამო გავმართე და ყაზახებმა, იუმორით, "ახალგაზრდა ნანი ბრეგვაძე" შემარქვეს. ჩემმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მახსოვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო კონცერტის გახსნაზე მიმიწვიეს. კონცერტს ესწრებოდა მაშინდელი პრეზიდენტი და მთელი ყაზახური პოლიტელიტა. პრეზიდენტისგან მხურვალე აპლოდისმენტები და საჩუქარიც კი დავიმსახურე.

მოგეხსენებათ, ყაზახეთში სპეციფიკური ჰავა და კლიმატია, რამაც ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა და იძულებული გავხდი დამეტოვებინა ქვეყანა და დავბრუნებულიყავი სამშობლოში. ამავე პერიოდში მივიღე შემოთავაზება უკრაინიდან. ოდესაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამო. შევასრულე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი და "ოდა უკრაინე", რომელიც ნიჭიერმა და ახლა უკვე ძალიან პოპულარულმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კაკი ბოლქვაძემ დაწერა. ტექსტი კი დედაჩემს, ჟურნალისტ ლია ქორიძეს ეკუთვნის. საოცარი ემოციები გამოიწვია ამ სიმღერამ. უკრაინელები ტიროდნენ, ამბობდნენ: ასე არავინ მოფერებია უკრაინასო.

- თუმცა ასეთი გამოხმაურებების შემდეგ, თქვენ მაინც დატოვეთ უკარინა და დაბრუნდით მოსკოვში.

- იმ დროს უკრაინაში იყო ეკონომიკური კრიზისი. ადამიანს კი ფინანსური შემოსავალიც სჭირდება. სწორედ ამ დროს, მოსკოვში მოღვაწე ბიზნესლედის და ჩემი მეგობრის სვეტლანა ბენ შლომოსგან მივიღე საინტერესო შემოთავაზება. გადავედი საცხოვრებლად მოსკოვში. დაახლოებით ორი წელი ვიმუშავე იქ და შემდეგ დავბრუნდი საქართველოში.

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ ისრაელში წამოსვლა?

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მცირე ხანს შემოქმედებითი პაუზა მქონდა, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ისრაელში აღმოვჩნდებოდი. მაგრამ ჩემი მეგობრების სვეტლანა ბენ შლომოს, მალხაზ ხუნდიაშვილის და სესილი ბინიაშვილისა დახმარებით, გადაწყდა, ისრაელში წამოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში მაყურებელი არ მიცნობდა, მათ დამარწმუნეს, რომ ამ ქვეყანაში შემეძლო საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრება.

- მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ ასეთი პოპულარული მომღერალი გახდებოდით ისრაელში.

- თავდაპირველად ნამდვილად ასე ვფიქრობდი, თუმცა რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ, წარმოდგენა შემეცვალა. ისრაელში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, ჩემი მეგობრის ბავშვის ნათლობის ღონისძიებაში ვიმღერე და სწორედ აქედან დაიწყო და დაიწყო.... შემდეგ მივიღე შემოთავაზება ახლად გახსნილი ქართული რესტორნიდან. "სუფრაში" ორი წელი ვიმუშავე, თუმცა პარალელურად სხვადასხვა ღონისძიებებში ვმონაწილეობდი.

- რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ერთმანეთი რესტორან "კინტოში" გავიცანით და მახსოვს, იმ დროს უკვე ძალიან ცნობილი მომღერალი იყავით, თუმცა თითქმის ყოველ საღამოს აქტიურად მუშაობდით რესტორანში.

- მორის ჯანაშვილის რესტორანი "კინტო", ისრაელში ჩემს მეორე სახლად იქცა, სადაც ასევე ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ზოგადად ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი წლები მქონდა "კინტოში". ამაში მორის ჯანაშვილი ძალიან დამეხმარა.

- ბოლო დროს, არაერთ ისრაელელ ვარსკვლავთან ერთად იღებთ კონცერტებში მონაწილეობას. როგორც ვიცი, პრემიერ-მინისტრის შვილის ნიშნობაში სპეციალური სტუმრის სტატუსით იყავით მიწვეული... თუ საიდუმლო არ არის, რა სიმღერა უმღერეთ პრემიერის ვაჟს?

- რამდენჯერმე ვიმღერე ღონისძიებაზე, სადაც ისრაელელი ვარსკვლავები, სარიტ ჰადადი, იან გოლანი, ომერ ადამი მონაწილეობდნენ... ზოგადად მომღერლისთვის, რომელიც ცხოვრობს ისრაელში და მისი მომავალი ამ ქვეყანას უკავშირდება, ვფიქრობ, ამგვარ პრესტიჟულ ღონისძიებებში მონაწილეობა დიდი პატივია. რაც შეეხება პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობას, მათ მთხოვეს რამდენიმე ქართული სიმღერის შესრულება, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. მეტი დეტალი ამ დახურული წვეულებიდან არ შემიძლია რომ გაგიმხილოთ.

- ასეთ დახურულ ელიტურ ღონისძიებებზე ალბათ თქვენი ანაზღაურება ადგილობრივი ვარსკვლავების ანაზღაურებას უტოლდება. რატომ მღერით ისევ ქორწილებში, ნათლობებში? რატომ არ გეგმავთ ისრაელის შოუ-ბიზნესში ადგილის დამკვიდრებას?

- უპირველესად უნდა გაგიმხილოთ ჩემი მთავარი პრობლემა. ეს ენის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვცხოვრობ ისრაელში, ივრითულად საუბარი არ შემიძლია. ალბათ ეს ერთ-ერთი ბარიერია კარიერული განვითარების და წინსვლის. რაც შეეხება ანაზღაურებას, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე ჩემი ჰონორარი საკმაოდ სოლიდურია. მეტსაც გეტყვით, ისრაელში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი, მსმენელი მყავს, რომლებიც ჩემს მოსასმენად დადიან სხვადასხვა ღონისძიებებზე. მე მათთვის ვმღერი.

- ისრაელში დროებით სამუშაოდ ჩამოსული, აგერ უკვე ხუთი წელია ამ ქვეყანაში ცხოვრობთ. როგორც ვიცი, შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად ისრაელთან მეუღლე და ოჯახი გაკავშირებთ. მოგვიყევი ამის შესახებ.

- ცხოვრებაში ზოგადად შემთხვევით არაფერი ხდება. მაშინ, როდესაც ჩემს სამუშაო ვიზას ორ კვირაში ვადა გასდიოდა, შემთხვევით ჩემს მეგობარ მალხაზ ხუდნიაშვილთან სტუმრობისას გავიცანი გია ბერიძე. არაჩვეულებრივი ადამიანი. რომელსაც შევუყვარდი და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ქორწილი თბილისში გვქონდა... ასე გახდა აგერ უკვე მეხუთე წელია ისრაელი ჩემი მეორე სამშობლო.

- ცხოვრობთ ისრაელში, თუმცა მეორე ოჯახი, შვილები საქართველოში გყავთ...

- ძალიან ლამაზი ოჯახი მყავს საქართველოში. ჩემი ორი შვილი, ორი შვილიშვილი, ჩემი მამობილი და მეგობრები. სამწუხაროდ, ორი წლის წინ დედა გარდამეცვალა, უნიჭიერესი ჟურნალისტი ლია ქორიძე, რაც ჩემთვის უდიდესი ტკივილი იყო და დღემდე მიჭირს მის გარეშე ცხოვრება. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირთ უჩემობა, თუმცა ვცდილობ, წელიწადში რამდენჯერმე ან მე ჩავიდე თბილისში მათთან, ან ისინი ჩამოვიყვანო ჩემთან აქ. თუმცა გამიმართლა რომ ისრაელში ბევრი მეგობარი შევიძინე, მყავს დედობილები: დოდო ელიშაკოვი, ლამარა პაპიაშვილი, თამარ წერეთელი, რომლებიც დედობრივი სითბოთი და ყურადღებით მანებივრებენ.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე, სპეციალურად ambebi.ge-სთვის ისრაელიდან

ეზოებში გაფენილი წითელი ხალიჩები და საღამოს კაბებში გამოწყობილი ვარსკვლავები სახლებში - ფოტოები Emmy-ის ონლაინ და ყველაზე უჩვეულო დაჯილდოებიდან

"ვაღიარებ, არასწორი ქმედება იყო.. მინდა, ბოდიში მოვუხადო მას", - ნინი ბადურაშვილის პირველი კომენტარი "ფეისბუქ" სკანდალის შემდეგ

სოფიკო ჭიაურელი და სერგო ფარაჯანოვი ლედი გაგას ახალ კლიპში - რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ახალ ვიდეორგოლში წარსულის კადრების გამოყენება