ავტორი:

"ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა... ეს პიროვნება ასახელებს გვარს" - რატომ ჩამოართვეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ტელეფონი?

"ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა... ეს პიროვნება ასახელებს გვარს" - რატომ ჩამოართვეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ტელეფონი?

21 სექტემბერს, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე სატელიტის ფოტოები.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული, მის კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასთან და ასევე სატელიტური ფოტოებთან, ფოტოების მოპოვებასთან. შესაბამისად, დათვალიერების დროს, ინფორმაციის გამოთხოვას როდესაც აწარმოებდა გამომძიებელი, იქ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი, სატელიტის ფოტოსურათებს ვგულისხმობთ. (რაც მიხეილ რამიშვილმა გამოძიებას წარუდგინა). გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია, რაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, (იმისთვის, რომ შემდგომში ავთენტურობა, წარმომავლობა, დოკუმენტის შემხებლობა საქმესთან საეჭვო არ იყოს), მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება. შესაბამისად, ტელეფონის დალუქვა მისი თანხმობით მოხდა”.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიხეილ რამიშვილი დააკავონ, პროკურორი პასუხობს, რომ საქმის სამომავლო შეფასებისგან თავს შეიკავებს, "რადგან დღეის მოცემულობით, კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვებაზეა ლაპარაკი".

რაც შეეხება საქმის ახალი ფიგურანტს, დავით ფურცხვანიძეს, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება დეტალურად შეისწავლის იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც დაკითხვის დროს ფურცხვანიძემ განაცხადა. "მან კომენტარის სახით თქვა, რომ თვითონაც აპირებს, ვითომდა, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას. რაც შეეხება მის დაკითხვას, დაკითხვის მიმდინარეობის დროს მან ვერ დაასახელა კონკრეტული ინფორმაცია, წყარო ან სხვა საშუალება, რითაც ვიფიქრებდით, რომ ეს ფოტოსურათები, რაც საბოლოო ჯამში გამოძიებაში წარმოადგინეს, ნამდვილ ინფორმაციას შეიცავდა. დეტალურად შევისწავლით იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც მან დაკითხვისას განაცხადა და ამაზეც მოვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

დავთ გუმბერიძის თქმით, მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული."იმ შემთხვევაში თუ გამოძიებით დადგინდა, კონკრეტულად მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე", - განაცხადა პროკურორმა.

ambebi.ge თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, რა სამართლებრივი საფუძვლით ჩამოგართვეს ტელეფონი და რას უკავშირებთ ამ ფაქტს?

- არანაირი უფლება არ ჰქონდათ, ჩემთვის ტელეფონი ჩამოერთმიათ. მოსამართლის განჩინებაც უკანონოა, რადგან სს საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ადვოკატი არ არის ვალდებული, კლიენტის ინფორმაცია გასცეს, ან მისი მისამართით დათვალიერება განხორციელდეს. ამას ერთადერთ რაღაცას ვუკავშირებ - მოიძიონ გზები, რომ როგორმე ჩამომაშორონ ამ საქმეს.

- იქნებ ფურცხვანიძეა მათი დაკვირვების ობიექტი და სამიზნე?

- არა, ფურცხვანიძე როცა დაკითხეს, მან დეტალურად გასცა კითხვებზე პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ჰქონდა სატელიტის ფოტო მოპოვებული. 3 საათი მიმდინარეობდა დაკითხვა და იმას არკვევდნენ, მე ხომ არ ვიყავი ამ ფოტოების შემკვეთი, უნდათ, რომ ჩემი ორგანიზებული იყოს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე, რადგან ვერ მოვიძიე ნამდვილი, ორიგინალი სურათები, მე უნდა გამოვსულიყავი გამყალბებელი, თითქოს მე დავუკვეთე, მოეწოდებინა და მე დამკისროდა პასუხისმგებლობა. არა და, ფურცხვანიძემ მისი ინიციატივით მომაწოდა ფოტოები და მითხრა, პასუხს ვაგებ, რომ მასალა ავთენტურიაო.

- საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ თქვენს მობილურში მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ფურცხვანიძესთან დაკავშირებით. რას გულისხმობს პროკურორი?

- არ ვიცი, რაც უნდათ ის აღმოაჩინონ. რა უნდა მქონოდა, არაფერი მაქვს. ამათთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, ოღონდ საქმეს ჩამომაცილონ.

- გუშინ გააკეთეთ განცხადება სუს-ის ყოფილ თანამშრომელზე, რომლის გამოკითხვის ოქმის საფუძველზეც აცხადებთ, რომ ის აძლევდა თამარს გარკვეულ მითითებებს. დაიკითხა ეს თანამშრომელი?

- თუ ხართ დაკვირვებული, როგორც კი რამე ახალ დეტალს გამოვაჩენ, საქმეში კი არ ერთვებიან, გამოძიებას რომ სჭირდებოდეს ისე, პირდაპირ ჩემზე მოაქვთ იერიში. ეს ადამიანი არ დაკითხულა, წესით და კანონით, უნდა დაკითხონ. ახლა ისე გააკეთებენ, კაცმა არ იცის, რას ათქმევინებენ იმ კაცს და შეიძლება ისევ აქით მე დამდონ ბრალი. ეს გამოკითხვა ისეთ დაწესებულებაში ჩატარდა, იქ ვერანაირ იძულებას ვერ ექნებოდა ადგილი. ახლა დაიწყებენ, მოიტყუა რამიშვილმა, იმან ათქმევინა იმ კაცს ყველაფერიო. არ გამოვრიცხავ, რომ იმ ადამიანმა ყველაფერი გადათქვას.

- მაინც რა მითითებებს აძლევდა პროგრამისტს და რა იყო იმ ფლეშკაზე?

- თამუნას რამდენჯერაც შეხვდა, იმდენჯერ გადასცა ფლეშკა. ის პიროვნება მუშაობდა სუს-ის ისეთ სამმართველოში, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან და პროგრამულ სისტემასთან. იქ იყო ისეთი პროგრამები, რომელში შესვლისასაც ყველანაირ ინფორმაციას იღებდი. ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა. ეს პიროვნება ასახელებს გვარს, ვინ მოიყვანა გოგონა და ფლობს ისეთ ინფორმაციას, რაც საინტერესო უნდა იყოს გამოძიებისთვის. დანარჩენს არ ვიტყვი, მერე შემედავებიან, გამოძიების ინტერესებს აზიანებსო. დღესაც ვარ პროკურატურაში დაბარებული, მივალ, ერთი.

- ელით, რომ შეიძლება დაგაკავონ?

- არ გამოვრიცხავ დამაპატიმრონ, ოღონდ კი ამ საქმეში აღარ ვიყო.

  • ნახეთ ვიდეო - თამარ ბაჩალიაშვილის დედის კომენტარი

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

"ძმისთვის დაურეკავს, - მგონი, მოვკალიო..." -  დუშეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები: მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ