ავტორი:

გიორგი გობრონიძე - "მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს"

გიორგი გობრონიძე - "მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს"

პუტინისეული "ისტორიის გაკვეთილები" - თემა, რომელიც თითქოს არახალია, მუდმივ ცვლილებასა და მოდიფიკაციას განიცდის. ჰიბრიდული ომის პირობებში, კრემლის მთავარ იარაღად დეზინფორმაცია და ისტორიის გაყალბება იქცა - იცვლება გავლენის მოპოვებისა და მისი შენარჩუნების ხერხები მაშინ, როცა უცვლელი რჩება რუსეთის გაცხადებული თუ გაუცხადებელი მიზნები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

რა მიზნები ამოძრავებს რეალურად რუსეთის ხელისუფლებას, ვინ ან რა შეიძლება იყოს კრემლის დასაყრდენი საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული პროექტების განხორციელებას - ჩვენს კითხვებს პოლიტოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე პასუხობს.

- კარგა ხანია, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ნაწილად ეწ. ჰიბრიდული ომი იქცა. რა ტიპის საინფორმაციო ომს აწარმოებს რუსეთი საქართველოში და როგორია მისი მიზნები?

_ უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰიბრიდული ომი არ გულისხმობს მხოლოდ საინფორმაციო ოპერაციებს, არამედ ეს არის სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის სამხედრო პროვოკაციების, ეკონომიკური სანქციების, კიბერთავდასხმების, ტერორისტული აქტების და აშ. ერთობლიობა მიმართული სამიზნე ქვეყნის, ან სამიზნე საზოგადოების დასასუსტებლად. იგი არ წარმოადგენს ახალ ფენომენს, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ისეთივე ძველია, როგორც პირველი ცივილიზაციები და ქვეყნები.

თანამედროვე აღქმით „ჰიბრიდულ ომს“ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ 2005 წლიდან აქტიურად ახორციელებს, თუმცა აღნიშნული ცალკე ინტერვიუს საგანია.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციას, ხშირად მას შეცდომით ანტიდასავლურ პროპაგანდად ნათლავენ, სინამდვილეში კი იგი წარმოადგენს ანტიქართულ საინფორმაციო ღონისძიებათა ერთობლიობას, რამდენადაც მისი ძირითადი მიზანი, თუნდაც დასავლური ინსტიტუტებისა და ღირებულებების დისკრედიტაციის შემთხვევაშიც, არის საქართველოს ინტერესების რეალიზაციის ხელშეშლა.

საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, სოციალური ქსელები და ონლაინ მედიასაშუალებები, თუმცა რუსული საინფორმაციო აქტივობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერნეტ სივრცით. განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ის გარემოება, რომ საქართველოში არსებობს რუსული გზავნილების მატარებელი კონვენციური მედიის პრაქტიკულად ყველა ტიპი: ტელევიზია, რადიო, პრესა.

გარდა აღნიშნულისა, რუსული საინფორმაციო პოლიტიკის სუბიექტებად გვევლინება ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი, ასევე არაფორმალური გაერთიანებები, კლერიკალური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, პოლიტიკური კლასის ცალკეული წარმომადგენლები.

გარდა ქვეყნის შიგნით მოქმედი სუბიექტებისა, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ჯგუფები და ინსტიტუტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქვეყნის გარეთ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ. შესაბამისად, რუსული საინფორმაციო პოლიტიკის ინსტრუმენტები საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი, რუსული საინფორმაციო ოპერაციები კი კომპლექსური და სისტემური ხასიათის მატარებელია. მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ქართული საზოგადოების დემორალიზაცია და ფრაგმენტაცია, ქვეყანაში დაუცველობის, შიშისა და არასრულფასოვნების ატმოსფეროს შექმნა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის დელეგიტიმაცია და დასავლური ფასეულობების რღვევა.

_ როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსათვის პუტინისეული "ისტორიის გაკვეთილები"- დეზინფორმაცია და ისტორიის შეცვლისა და გაყალბების მუდმივი ცდა?

_ ისტორია არ არის თქმულებებისა და ძველი ამბების კრებული. ისტორია არის გზა, რომელიც კონკრეტულ დროსა და სივრცეში გაიარა ერმა. თუ ჩვენს სახელმწიფოს შევადარებთ ცოცხალ ორგანიზმს, მაშინ მისი ისტორია არის ერთგვარი ბიოგრაფია, რომელიც იძლევა საშუალებას შეფასდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვლილი გზა, გაკეთდეს ანალიზი, როგორც წარსულში დაშვებული შეცდომების, ისე სახელმწიფოს მიღწევების. შესაბამისად, ისტორიის გაყალბება მძლავრი იარაღია ნებისმიერი ძალის ხელში, რადგან ამგვარად არის მცდელობა მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ მეხსიერებაზე, შექმნას მისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისი ხელსაყრელი გარემო, როგორც სამიზნე ქვეყანაში, ისე - საერთაშორისო საინფორმაციო ველში.

დასავლურ დემოკრატიულ სივრცეში საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე, შესაბამისად, ისტორიის გაყალბების გზით საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოსა და მისი არსებული, ან პოტენციური მოკავშირეების ურთიერთობაზე.

ისტორიის გაყალბების ნებისმიერი მცდელობა, მით უფრო მაშინ, როდესაც აღნიშნული ხდება საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან, არის საკმაოდ სახიფათო და საჭიროებს ზუსტ, მიზნობრივ რეაგირებას.

_ როგორც იცით, დე-ფაქტო ცხინვალი რუსეთის დუმას მიმართავს თხოვნით, აღიაროს ქართველების მიერ ოსების გენოციდი, რომელიც, თითქოს, 1920 წელს მოხდა. რა მიზანი ამოძრავებს ეწ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას, რის მიღწევას ცდილობს იგი არარსებულ გენოციდზე აპელირებით?

_ ეწ. „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური კლასი ამგვარად ქმნის ერთგვარ ეროვნულ ნარატივს, რომელზეც აფუძნებს ოსურ ნაციონალურ პროექტს. საკუთარი თავის თუნდაც არ არსებული გენოციდის მსხვერპლად წარმოჩენა ერთგვარ ლეგიტიმაციას აძლევს აგრესიულ სეპარატიზმს, ეთნიკურ წმენდას და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ეფუძნება მოცემული წარმონაქმნის ილუზორული სახელმწიფოებრიობა.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ოსური პოლიტიკური კლასი, ისევე როგორც აფხაზური, საკუთარი ეროვნული პროექტის ფუნდამენტად სწორედ ქართველთა მიმართ ეთნიკურ ნიადაგზე დაფუძნებულ ანტაგონიზმს მოიაზრებს.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ 1920 წლის აჯანყების ჩახშობის ფაქტს რუსეთი გენოციდად მონათლავს?

_ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ უკვე გამოაცხადა 2008 წლის აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რუსეთის დუმა აღიარებს ეთნიკური ოსების გენოციდს, როგორც აღნიშნული აღიარების ლეგიტიმაციის დამატებით გარემოებას.

თუმცა, უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულ თემას რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავაჭროდ გამოიყენებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო აკადემიურ, საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული პოზიცია იყოს წარმოდგენილი მაქსიმალური ეფექტურობით, რათა არ გავხდეთ, ერთი მხრივ, მძევლები მოწინააღმდეგის მიერ გამოგონილი ისტორიული მოცემულობის, მეორე მხრივ, კი არ მოუწიოს სახელმწიფოს რესურსების ხარჯვა , რათა მოახდინოს არაღიარების პოლიტიკის განვრცობა არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტზე, არამედ გამოგონილ გენოციდზეც.

თუკი მოსკოვი შეძლებს აიძულოს დასავლური საზოგადოება ილაპარაკოს ქართველების მხრიდან განხორციელებულ გენოციდზე, მაშინ მას ექნება შანსები გაზარდოს ოსური და აფხაზური იდეის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობაც.

_ ისტორიკოსებისა და მკვლევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი აქტიურად მუშაობს 1920 წელს მომხდარი მოვლენის დოკუმენტურად წარმოჩენაზე. "ცხინვალი 1920" კი იქნება ფილმი, რომელიც მხოლოდ ისტორიულ სინამდვილეს ასახავს - რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის პირობებში მსგავსი პროექტის განხორციელებას?

_ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აუცილებელია, არსებობდეს სწორი საინფორმაციო გზავნილები როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპირებული რეგიონების, ასევე მოცემულ რეგიონებში ქართველთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დასავლეთისგან განსხვავებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაბატონებული ისტორიოგრაფიული ტრადიციის თანახმად, ამა თუ იმ ერის უფლება - იცხოვროს კონკრეტულ ტერიტორიაზე, მნიშვნელოვნადაა განპირობებული ისტორიული გარემოებებით. არსებობს ერთგვარი „ძირძველი, ისტორიული საკუთრების“ პარადიგმა. ამდენად, ისტორიის ფალსიფიკაციის ნებისმიერი მცდელობისთვის წინააღმდეგობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,

_ ბუნებრივია, მხოლოდ ერთი ფილმი ვერ იქნება საკმარისი პუტინის პროპაგანდისტულ მანქანასთან დასაპირისპირებლად, რადგან მათი კამპანია გაცილებით მრავალმხრივია - როგორია თქვენი მოსაზრება, რა უნდა დაუპირისპირდეს რუსეთიდან მომავალ მსგავსი ტიპის საფრთხეებს, როგორ სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ დონეზე?

_ იმისთვის, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანამ შეძლოს გაუმკლავდეს რუსეთის ტიპის სახელმწიფოსგან მომდინარე საინფორმაციო ხასიათის საფრთხეებს მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავად არიან რუსული საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე.

გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ ქართული აკადემიური სივრცე იყოს აქტიური. დღეს პრაქტიკულად არ მიმდინარეობს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მეცნიერული და ექსპერტული კვლევა და ანალიზი. ელემენტარულად, არ არსებობს სრულფასოვანი სახელმძღვანელო, რომლითაც სტუდენტები შეისწავლიან საქართველოს კონფლიქტების ისტორიას. შესაბამისად, ცოდნის და ექსპერტიზის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ასუსტებს საქართველოს შესაძლებლობებს გაუწიოს პროპორციული წინააღმდეგობა არსებულ საინფორმაციო ხასიათის საფრთხეებს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას საინფორმაციო ომში წარმატების მისაღწევად წარმოადგენს შეღწევა ოკუპირებული რეგიონების საინფორმაციო ველში. იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს რაიმე სახის წარმატების მიღწევა საინფორმაციო ომში, მნიშვნელოვანია იმ საინფორმაციო „რკინის ფარდის“ გარღვევა, რითაც აფხაზური და ოსური საზოგადოება დაშორებულია ქართულ საინფორმაციო სივრცეს.

NS

როგორ ნაწილდება კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"