ავტორი:

"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან

"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან

23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე იმითაც არის ალბათ უცნაური, რომ მისი გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგ, ჩნდებიან საქმის ახალი ფიგურანტები, რომელთაც, წესით, გოგონას საქმეში არც არაფერი უნდა ესაქმებოდეთ. ერთ-ერთი ასეთი დავით ფურცხვანიძეა, რომლის ირგვლივაც უამრავი კითხვა დაგროვდა.

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, დავით ფურცხვანიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. "მითების დექტეტორის" მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, წიგნი სახელწოდებით: "ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი", რომელიც დაწერილია ბანგლადეშის მოქალაქე ვინმე აშოკ გუპტას მიერ, გამოსცა კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომლის ხელმძღვანელადაც მოხსენიებულია დავით ფურცხვანიძე.

"ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი" გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას. 2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია "სპუტნიკ ტვ", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა", - ვკითხულობთ სტატიაში.

2012 წელს ერთ-ერთ პრორუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად და "პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორად არის მოხსენიებული.

ის საგამოძიებო უწყების დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი გახდა მას მერე, რაც მის მიერ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატისთვის მიწოდებული სატელიტურ ფოტოებზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მასალა ყალბია და დამონტაჟებული. პროკურატურის განცხადებით, "მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნებისმიერ პირზე."

ambebi.ge დავით ფურცხვანიძეს ესაუბრა. საინტერესოა, რომ ბატონი დავითის რიგი პასუხები პირდაპირ ჩაეწერა საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის პროპაგანდისტულ გზავნილებში.

- პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილურში სატელიტურ ფოტოებთან ერთად, აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთან კომუნიკაციის ნაწილში. თუ ხვდებით, რა მოიპოვა ასეთი უწყებამ?

- იქ აღმოსაჩენი არაფერი იყო. რამიშვილმა 8 სექტემბერს რა ფოტოებიც აჩვენა "ფორტუნას" ეთერში, იგივე 6 ფოტო ვუჩვენე "პალიტრა ნიუსს" - ერთი ორეული 19 და 20 ივლისისაა, მეორე ორეულიც იგივე დღეებისაა, ოღონდ, გადიდებული, მოახლოვებული და მესამეა 21-22 ივლისის ღრუბლიანი ამინდის. 8 სექტემბრის ახლა აღმოაჩინეს? მეორეც, რომ ავრცელებენ ტყუილ ინფორმაციას, რომ მე თურმე ფოტოების მომწოდებელი წყაროს სახელი და გვარი არ ვუთხარი, ამოიღონ ჩემი გამოკითხვის ოქმი და გაასაჯაროონ. შაბათ საღამოს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდა ჩემი გამოკითხვა, სადაც დავასახელე იმ ადამიანის სახელი, გვარი, ქვეყანა, რეკვიზიტები...

- პროკურატურის განცხადებით, თქვენ გამოძიებას უთხარით, რომ წყარო არის სლავური წარმოშობის, ცხოვრობს ინგლისში, არ იცით მისი გვარ-სახელი, მაგრამ ენდობით...

- ეს ტყუილია. ეროვნებით ებრაელია-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ბატონმა პროკურორმა იქამადე ვერ მიიტანა, აღარ ეყო მეხსიერების ჩიპი. ის კაცი ჩემი მეგობარია, გვაქვს კომუნიკაცია და მის სანახავად ყოველ დღე ლონდონში ან ბერლინში ვერ ვირბენ, როგორც ის ჩემთან ვერ ირბენს.

- ანუ დარწმუნებული ხართ ფოტომასალის ავთენტურობაში და არ ეთანხმებით ექსპერტიზას, რომელმაც დაასკვნა, რომ ისინი ყალბია და დამონტაჟებული?

- მეც ვაპირებ ამაზე ჩავატარო ექსპერტიზა ევროპის ერთ-ერთ კომპანიაში. იგივე გაკეთდება ამერიკაში. დაწყებული მაქვს მოლაპარაკება, რომ სხვა თანამგზავრით კიდევ გადავიღოთ იგივე კოორდინატები და ამოვიღოთ იმავე თარიღის კიდევ ერთი ეგზემპლარი.

- კი, მოგიწევთ ამის გაკეთება, ვინაიდან, მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, შესაძლოა თქვენი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს...

- მე არ მაქვს მტკიცების ვალდებულება.

- ვისაც აქვს, იმან წარმოადგინა უკვე დასკვნა, რომ ფოტოები ფალსიფიცირებულია...

- რა დაამტკიცა? თურმე თარიღი რომ არის დასმული გადიდებულ ფოტოზე, ეს ყოფილა გაყალბება. ეს გაყალბება კი არა, რედაქტირებაა. ლანდშაფტი არის ისეთი, როგორიც იყო, არაფერი იქ არ შეცვლილა. როცა მიშა რამიშვილმა "ფორტუნას" ეთერში უჩვენა ფოტოები შუა კვადრატების გარეშე, მაყურებლისთვის თვალსაჩინოდ გაკეთებული, გადიდებული. მაშინ პროკურატურამ, თვითონ სახელმწიფომ გამოითხოვოს თანამგზავრიდან იმ თარიღის და იმ კოორდინატების ფოტოები, რა ფული არ აქვს, თუ უფლებამოსილება? ან რამდენიმე თანამგზავრის თანაკვეთა უნდა გაკეთდეს და შეიქმნას ერთიანი სურათი. ამას უნდა შრომა, უნდა შეუკვეთო ნასას, ჯაფა ადგებათ? ფული უნდა გადაუხადო და მოგაწვდიან. ეს კერძო პირმა შევძელი და ეგენი ვერ შეძლებენ?

- შესაძლოა იმიტომ არ ცდილობენ, რომ დარწმუნებულები არიან გოგონას თვითმკვლელობის ვერსიაში და სხვა ყველაფერი ზედმეტად ეჩვენებათ.

- თუ დარწმუნებულები არიან, მაშინ იმ დღეებში მანქანა ადგილზე უნდა იყოს და ეს დაამტკიცონ. ამას რომ ვერ ამტკიცებენ, ამაშია საქმე. ეს ფოტოები არაა ფალსიფიცირებული, იმ დღეებში მანქანა იქ არ იდგა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გოგონა მოკლულია. ერთი შეკითხვაც მაქვს - სამხარაულის ბიურო თუ აქამდე ტოტალურად აყალბებდა და მისი დასკვნები 100-დან 80 თუ ყალბი იყო, ახლა გახდა ჭეშმარიტების მექა? გაასაჯაროვონ სამხარაულის ბიუროს დასკვნა ან ჩემი გამოკითხვის ოქმი, მაგრამ ეშინიათ, ამაშია საქმე.

- ამბობთ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი გამოძიების პატარა ნაწილია, რაც ფულის გათეთრებას და სხვა მაქინაციებს უკავშირდება. გოგონა იმ საქმის ფიგურანტია, რომელსაც თქვენ იძიებთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ეპიზოდი. გოგონა იყო კარგი სპეციალისტი იმ საქმეში, მხედველობაში მაქვს მონაცემთა სისტემები, მათ სისტემატიზებას აკეთებდა და ბუნებრივია, გაუჩნდა კონფიდენციალური ინფორმაციის დიდი ბაზა. ყველაფერთან ერთად, ეს ადამიანი იყო პატიოსანი და მისთვის, მისი მორალური თუ ზნეობრივი სახისთვის, ეს საქმიანობა არც თუ ისე მისაღები იყო. ეს რომ შეატყო მისმა ბოსმა, თუ მოადგილემ, ადგნენ და მოიშორეს. აღარვის ახსოვს, ვინ გააუქმა მისი "ფეისბუქის" პროფილი. ეგ ჯანდაბას, მაქვს სხვა შეკითხვაც - თამარს ჰქონდა პროფილი ისეთ სოციალურ ქსელში, როგორიცაა "ლინკდინი. მისი პროფილის მონიტორინგს ჩვენ ვაკეთებდით ყოველდღიურ რეჟიმში მისი გარდაცვალების დღიდან. რატომღაც კითხვას ამაზე არავინ სვამს, რომ გოგონას პროფილი 4 სექტემბრის ღამეს გაქრა. ეს ნიშნავს, არ მოხდეს იმ ინფორმაციის გასაჯაროვება, რაც მიგვიყვანდა რეალურ სურათამდე.

- "ლინკდინის" მონიტორინგით რას მიაკვლიეთ?

- ნაწილობრივ მივაკვლიეთ გარკვეული ფინანსური კარტელების დანაშაულებრივ საქმიანობას, რასაც აკეთებენ დიდი ფულის მეშვეობით. სადაც არის დიდი ფული, იქ არის კრიმინალი - იგივე ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა, უკანონო პორნოინდუსტრია და ა.შ. გამოძიება წინ არის და რატომღაც, ჩვენმა ბედოვლათებმა რეიხბახები და ვიღაცეები ძალიან უწყინრებად მიიჩნიეს. მე კომპანია "ზეგს" არ შევხებივარ, მხოლოდ მის მფლობელს. "ზეგ"-ის ადვოკატი ისე გამოესარჩლა, თითქოს მისი მამიდაშვილი ყოფილიყოს ეს რეიხბახი. ესენი მარტო "სპუტნიკ ტვს" დასდევენ. ეს ჩვენთვის ბრენდულია იმიტომ, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაპირებდით და ვაპირებთ კიდეც და ის რუსულენოვანი სეგმენტისთვის უნდა ყოფილიყო, რომელსაც სახელი ექნებოდა "სპუტნიკ ტვ". ეს არის შპს, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში და რა გნიასია, ვერ გავიგე?

- თქვენ რუსეთის მთავრობასთან და პუტინთან დაახლოვებულ ექსპერტად და მის მეხოტბედაც მოგიხსენიებენ. თქვენმა კომპანიამ პუტინზე წიგნიც გამოსცა - "ვლადიმერ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი"... რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ?

- ტრამპთანაც ვძმაკაცობ, ბერლუსკონისთანაც და ნაზარბაევთანაც? მსოფლიო ლიდერების სერიალია და გამოვცემთ, ავტორმა გამოსცა და რა ვუთხრა, პუტინი არ მიყვარს-თქო? რა, პუტინი არ არის მსოფლიო დონის პოლიტიკოს ლიდერებს შორის? ჩვენ ქართველებს გვჭირს ქართულ-ხალხური სიბრიყვე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე კარგები და ყველა სხვა დანარჩენი არის ჩვენი მსახური თურმე.

- მართლა რუსეთის მთავრობა გაფინანსებთ?

- შეიძლება დოკუმენტალურად მიჩვენონ ეს? ვინც ამას ამბობს, მათ რომ ვუთხრა, ჩინეთის, ან ჩრდილო კორეის ხელისუფლება გაფინანსებთ-თქო? რას ნიშნავს, რუსეთი მაფინანსებს? დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა? შენ გაზით, წყლით და სხვა რესურსებით რუსეთზე ხარ დამოკიდებული და ჩემზე ლაპარაკობენ? ეს მარტო ამ ხელისუფლებას კი არა, იმ ხელისუფლებასაც სჭირდა და ახლა აღმოაჩინეს, რომ დავით ფურცხვანიძეს თურმე ვიღაცა პუტინი აძლევს ფულს. ჩვენ რომ ცოტათი თავმოყვარე ერი ვიყოთ, ასეთ რამეს არ ვიკადრებდით.

- იარაღთან და ყარაბაღთან დაკავშირებული ინფორმაციის წყარო ქალბატონ თეონა თამაზაშვილისთვის თქვენ იყავით? აღნიშნული ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასდა, რა მიზანი გქონდათ?

- ქალბატონ თეონას შემთხვევით შევხვდი 5 სექტემბერს, მაშინ გავიცანი და ერთმანეთს რამდენიმე ფრაზა გავუზიარეთ. 2 და 28 აგვისტოს გამოვაქვეყნე ორი სტატია, სადაც მოხსენიებული იყო თამარის საქმე. ამ ქალბატონმა ეს ცნობილი განცხადება გააკეთა 30 აგვისტოს და მთლიანი განცხადებისთვის რომ მოგვესმინა, აღარ გვეყო მოთმინება? მან თქვა, მე ეს განცხადება გავაკეთე იმ ინფორმაციების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც პრესაში იყო თავმოყრილი და შემაჯამებელი დასკვნა გავაკეთეო. ამის გარდა, ინფორმაცია მქონდა ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილისგანო. არა, მაინც და მაინც "რუსული ორიენტაციის ფურცხვანიძემ" მისცა ინფორმაცია თეონა თამაზაშვილს, თანაც არ იცნობდა და ისე. იმავე მიშა რამიშვილს რომ გადაეკიდნენ, თითქოს მან დამიკვეთა მასალები, მე თვითონ, ჩემი ინიციატივით დავუკავშირდი მას და შევთავაზე ფოტოები, რა უნდათ ამ კაცისგან?!

- თქვით, დამატებით მექნება სხვა თანამგზავრის ფოტოებიცო. საიდან, რომელი ქვეყნიდან ელოდებით მათ და რა არის თქვენი ინტერესი?

- დიახ, ვცდილობთ ამას. შესაძლოა იყოს ამერიკულიც, ყოველ შემთხვევაში, არ გაგიკვირდეთ, რომ თანამგზავრი ინტერნაციონალურია, მაგრამ ფული ვისიცაა, იმ ქვეყნის იარლიყს აწებებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჩინური ან იაპონურიც, ვინაიდან იაპონიის წილი ამ თანამგზავრების პროგრამების დაფინანსებაში არის დომინანტი. ჩვენი ინტერესი ისაა, რომ ჩვენმა კომპანიამ მაღალხარისხიანი გამოძიება დადოს. ჩვენ ვიკვლევთ და საკმაოდ სარისკო სფეროს ვართ შეჭიდებული, ესაა ჩრდილოვანი ინტერნეტი, "დარკნეტი", ანუ აისბერგის ის ქვედა მხარე, რომელშიც თავმოყრილია ყველანაირი კრიმინალი - იარაღით ვაჭრობიდან მოყოლებული, ნარკოტიკებით დამთავრებული. ჩვენი საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ ვმუშაობთ უსაფრთხოების კონცეფციაზე.

ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ჩემი შვილები, შვილიშვილები, ნათესავები და თუნდაც უცნობები, მინდა ყველა იყოს დაცული, ვიცხოვროთ ნორმალურ და მშვიდ გარემოში.

- ამბობთ, რომ თამუნა საფრანგეთში ისეთ კვლევით ინსტიტუტებში გადიოდა სტაჟირებას, რომლებიც სპეცსამსახურის ინტერესების სფეროს წარმოადგენსო. ანუ გინდათ თქვათ, რომ თამარი სპეციალურად მოამზადეს სპეცსამსახურებმა და ის მათზე მუშაობდა...

- ყველაფერი ჯერ კვლევის პროცესშია, მაგრამ ეს გოგონა რომ სპეცსამსახურის მიერ იყო "დავერბოვკებული", ამის თაობაზე ტელევიზიით განაცხადა ერთმა ბატონმა, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავებული. ეს გოგონა იყო შსს-ს კადრში აყვანილი იმიტომ, რომ ამის თაობაზე მისმა "დამვერბოვკებელმა", თემურ ზარქუამ განაცხადა.- მან თქვა, არ მახსენდება, ბაჩალიაშვილს რეკომენდაცია თუ გავუწიე ამ უწყებასთანო...

ის თუ ახსენდება, რომ ეს იყო უნიჭიერესი გოგო, გამორჩეული, საფრანგეთში ერასმუსის პროგრამაზე თუ გაუწია რეკომენდაცია, ის არ ახსოვს, შსს-ში რომ გააკეთა მისი "დავერბოვკება"? ამის კვლევა არ არის ჩემი პრეროგატივა, მე თუ დამჭირდა, ამას ისედაც გავიგებ. ჯერჯერობით ქართული კვალი იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც ეს უკავშირდება უფრო გარე ძალებს.

რაც შეეხება ჩემს ირგვლივ აგორებულ ვერსიებს, ორღობის ჭორებს ჰგავს და დამტკიცება სჭირდება, მაგალითად, ჩემს ისტორიას "სპუტნიკ ტვ"- სთან და პუტინთან ძმაკაცობას. არც ერთია საძრახისი და არც - მეორე. ისე, პუტინთან ბარე ორი აქაური ძლიერი ამა ქვეყნისა ოცნებობს, იქნება იმ კაცზე ჩამომართმევინა ხელიო. ასე რომ, მოდით, რა, ყველამ თავის საქმეს მიხედოს.

- დამტკიცება სჭირდება იმასაც, თუ ვინმეს "დავერბოვკებას" აბრალებთ... ისე, თქვენ თუ გაქვთ ჩამორთმეული ხელი პუტინისთვის?

- მე რომ არ მქონდეს ინფორმაცია, არ ვიტყოდი. რაც შეეხება პუტინს, არა, მაგრამ თუ იქნებოდა ამის მომენტი, ნამდვილად ჩამოვართმევდი იმიტომ, რომ ის არის მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული, კარგია, თუ - ცუდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

- მაგრამ საქართველოსთვის და ქართველებისთვის ის მტერი და ოკუპანტია...

- კი ბატონო, მაგრამ მეც რომ მქონდეს საშუალება, სიამოვნებით გადავინადირებდი სოჭის ოლქამდე და მეც ვიქნებოდი ოკუპანტი. ის იმიტომაა ოკუპანტი, რომ ნახა სოფელი უძაღლოდ და გაიარა უჯოხოდ, მორჩა და გათავდა! შენ უნდა ვარგოდე, რომ იმან არ წაგართვას. თურქეთის ოკუპანტობაზე რატომღაც მორცხვად ვსაუბრობთ, ირანზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, აზერბაიჯანელები ხომ ჩვენი ძმები არიან და მარტო რუსეთია ოკუპანტი. ჩვენ ვართ არტისტული ერი და დროზე უნდა ავირჩიოთ ვინმე კლოუნი, როგორც უკრაინაში აირჩიეს, ესღა გვაქვს დარჩენილი. კლოუნები ხომ ძალიან ბევრი გვყავს - პარლამენტში ერთი 150, მინისტრთა კაბინეტში – 50 თავისი ჩინოვნიკებიანად, ჩვენ კიდევ, დანარჩენები მაყურებლები ვართ.

ოზურგეთში, მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა - არსებული ინფორმაციით, ის ჯერ ეკლესიაში შევარდა, სადაც საეკლესიო ინვენტარი დააზიანა

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა