ავტორი:

საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში

საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში

18 სექტემბრიდან, ისრაელი ისევ საყოველთაო კარანტინის რეჟიმშია. ამის შესახებ მოქალაქეებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გასულ კვირას გამართულ სპეცილურ პრესკონფერენციაზე აცნობა. "3 კვირიანი კარანტინი, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე, ებრაული დღესასწაულების პერიოდში გაგრძელდება, ვთხოვ ყველა თანამოქალაქეს, გაგებით მოეკიდოს მთავრობის გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, ისრაელელები ჯანდაცვის მინისტრის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ",- განცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

  • შეზღუდვები გულისხმოს მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის შეჩერებას, რესტორნების, კაფეებისა და ოფისების დახურვას. მუშაობას არ შეაჩერებს მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები.

ისრაელის მთავრობა, თითქმის ყოველდღიური პრესკონფერენციების მეშვეობით, მოქალაქეებს არსებული ვითარების შესახებ უყვება და აცნობს იმ სამოქმედო გეგმას, რომლითაც ოფიციალური ისრაელი ცდილობს თავიდან აიცილოს, ფაქტობრივად, გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი.

22 სექტემბერს, ნეთანიაჰუს კოალიციურმა მთავრობამ დაამტკიცა ახალი სპეციალური პროექტ-ბიუჯეტი. ისრაელი, კორონა-პანდემიის მეორე ტალღის მიერ გამოწვეულ ეკონომიკური დარტყმებს და რისკებს, საწყის ეტაპზე 10.5 მილიარდი შეკელით (დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი) და სპეციალური სამოქმედო გეგმით ცდილობს გაუმკლავდეს.

ახალი ეკონომიკური გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაეხმაროს ფინანსურად ყველა იმ დამსაქმებელს, რომლებიც არ აგზავნიან თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში. ასევე, სუბსიდირება გაუკეთოს ყველა იმ საწარმოს თუ ბიზნესორგანიზაციას, რომელთა შემოსავალიც პანდემიის პერიოდში 70% ით შემცირდა. (მოგეხსენებათ, რომ ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სტაბილური საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტო, "ბიტუაჰ ლეუმი" ყველა მოქალაქეს, რომლებმაც "კოვიდ-19“-ის პერიოდში დაკარგეს, ან შეუჩერეს სამუშაო, ყოველთვიურად ეხმარება პანდემიამდე არსებული ანაზღაურების 80-85%-ით.) ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეს პროექტი სახელმწიფოს დაახლოებით 2 მილიარდი შეკელი დაუჯდება და თავიდან აიცილებს 100 ათასი ადამიანის უმუშევრად დატოვებას.

სახელმწიფო, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში, მუნიციპალური და სახელმწიფო გადასახადებისგან სრულიად ათავისუფლებს ყველა იმ საწარმოს, რომელთა შემოსავალი მითითებულ პერიოდში 25% ით შემცირდა.

ნეთანიაჰუს კოალიციურმა მთავრობამ ცალკე ბიუჯეტი გამოყო, რომელიც ხელს შეუწყობს ონლაინკომერციის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრულ განვითარებას.

გასულ კვირას, კარანტინის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა (სწორედ ოპოციზიის და კოალიციურ მთავრობაში შემავალი ცალკეული პოლიტიკოსების მოთხოვნით, კარანტინის პერიოდში დასაშვებია ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლები, თუ ისინი არ დაარღვევენ ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს). რამდენიმე დღის წინ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ მომზადდეს კანონპროექტი: მინისტრების, მათი მოადგილეებისა და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასების 10-15% შემცირების შესახებ. კოალიციური მთავრობის სხვა მინისტრები ფიქრობენ, რომ ამ კანონის მიღება რთული იქნება, რადგან ეს გამოიწვევს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გადასინჯვას მთელ რიგ სექტორებში. ქვეყნის პოლიტოლოგები პრემიერის ამ გადაწყვეტილებას პოპულისტურს უწოდებენ და ნეთანიაჰუს გარდაუვალი საპარლამენტო არჩევნებისკენ მოუწოდებენ.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების კანონპროექტი რამდენჯერმე ჩავარდა და იყო საშიშროება უკვე მესამედ ქვეყანაში დანიშნულიყო ახალი არჩევნები. თუმცა ამ გამოწვევას, ამერიკის დახმარებით თუ მის გარეშე, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ბენი განცის კოალიციური მთავრობა გაუმკლავდა. ოფიციალური ისრაელის ამ ეტაპზე რაიმე სახის ეკონომიკურ კრიზის არ აანონსებს და ყურადღებას სხვა საერთაშორისო დიპლომატიურ საკითხებზე ამახვილებს. როგორც პრემიერის ოფისის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მეთაური, 3-კვირიანი კარანტინის პერიოდში, ყოველკვირეულად გამართავს პრესკონფერენციებს და ქვეყანაში არსებულ, ეკონომიკურ თუ პანდემიურ პრობლემებზე ისაუბრებს.

რაც შეეხება არსებულ საყოველთაო კარანტის, რომელსაც ისრაელი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გაივლის, უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ დიდი პროტესტის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა (არიე დერი - სხვათა შორის, ის ერთადერთი მინისტრია კოალიციურ მთავრობაში, რომელიც ასეთი ტიპის შეზღუდვებს კარანტინის პერიოდში არ ეთანხმებოდა) ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარანტინის პირველ დღეებში, რომელიც "როშ ჰაშანას“ (ებრაული ახალი წელი) დღესასწაულს დაემთხვა, დაახლოებით 2700 ჯარიმა გამოიწერა. მათი უმეტესობა 2044 ჯარიმა სამართალდამცავებმა გამოუწერეს მოქალაქეებს, რომლებმაც დაარღვიეს საყოველთაო კარანტინის მესამე პუნქტი (გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის გამო საცხოვრებელი სახლის დატოვების და 1 კილომეტრი დისტანციაზე გადაადგილების გამო). 629 ჯარიმა გამოუწერეს მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ქუჩაში პირბადის გარეშე.

მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ სამართალდამცავებმა 5000 შეკელით დააჯარიმეს რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებმაც არ გაითვალისწინეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული შეზღუდვები და არ დაკეტეს კაფე-ბარები.

მოგეხსენებათ 18 სექტემბერს ისრაელში შემოღებულია საკარანტინო მკაცრი რეჟიმი. მოქალაქეებს ეკრძალებათ: გადაადგილება საცხოვრებელი სახლიდან 1000 მეტრზე მეტ მანძილზე. თუ ის არ მიდის სამსახურში, ან პირველადი პროდუქტების შესაძენად. ისრაელელებს შეუძლია გადაადგილდნენ ქალაქიდან ქალაქში ან 1000 მეტრზე მეტ დისტანციაზე თუ მათ აქვთ სპეციალური მიზეზი. მაგალითად, თუ ისინი მიდიან: ქნესეთში, დემონსტრაციაზე, სასამართლოში, დაკრძალვაზე, ნათლობაზე, შვილების ან მშობლების მოსანახულებლად. მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა, სამოქალაქო სექტორისგან და ოპოზიციისგან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. ისინი ფიქრობენ, რომ საკარანტინე შეზღუდვები არალოგიკურია და მას არ ექნება ისეთი ეფექტი, როგორსაც ხელისუფლება ჰპირდება მოქალაქეებს. თუ სინაგოგებში, დახურულ სივრცეში თავშეყრა არ იკრძალება, რატომ უნდა აიკრძალოს, მაგალითად, ღია სივრცეში ზღვის სანაპიროზე სეირნობა. თუ ქვეყნის მასშტაბით უამრავ სასტუმროებს სტუმრების მიღება ეკრძალება, რატომ აგრძელებენ ის სასტუმროები არაინფიცირებული სტუმრების მიღებას, რომლებიც მხოლოდ საკარანტინე სივრცედ არის გამოსაყენებელი და ა.შ. ოპოზიციის ამ კითხვებს, პრემიერი რამდენიმე დღეში უპასუხებს.

ნებადართულია ღია სივრცეში მაქსიმუმ 10 ადამიანის თავშეყრა. ნებადართულია საპროტესტო ღონისძიებები თუ მას არ აქვს ძალადობრივი მიზნები. შეზღუდულია ქვეყნის დატოვება თუ მოქალაქემ გაფრენამდე 12 საათით ადრე არ გაიარა კორონა-ტესტი.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა რაც ქვეყანაში საყოველთაო ტოტალური კარანტინი მოქმედებს, დაინფოცორებულთა რიცხვი საგრძნობლად მატულობს. მხოლოდ 22 სექტემბერს 6800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, ფაქტობრივად, რეკორდული მაჩვენებელია.

ეპიდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პროფესორი რონი ჰამზუ განმარტავს, რომ ახალი შემთხვევების ასეთი მატება განაპირობა იმან, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაზარდა ტესტების რაოდენობა (დაახლოებით 60 000 ტესტი ყოველდღიურად).

ექსპერტების პროგნოზის თანახმად, თუ ინფექციის ამჟამინდელი მაჩვენებელი შენარჩუნდება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მძიმედ დაავადებული პაციენტების რაოდენობა კრიტიკულ დონეს მიაღწევს და 1000-ზე მეტი ისრაელელი კორონავირუსით დაიღუპება. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასტაბით იგეგმება რამდენიმე დიდი სასტუმროს სამედიცინო ცენტრად გადაკეთებაც, რადგან პაციენტებისთვის განკუთვილი ადგილები ყველა საავადმყოფოში შევსებულია.

კორონავირუსთან ბრძოლის დეპარტამენტში საგანგებო შეხვედრა-თათბირი დაინიშნა. როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, არ არის გამორიცხული მთავრობამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცროს, რადგან შეზღუდვების მიუხედავად დაინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

ულტრა ორთოდოქსალური მოსახლეობის კატეგორიულ მოთხოვნების მიუხედავად, არ არის გამორიცხული მთავრობამ ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, პირველად არ გაითვალისწინოს მათი რეკომენდაცია და ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, თუნდაც სინაგოგაში თავშეყრა აკრძალოს.

ჯერ მხოლოდ, სამკვირიანი საკარანტინე პერიოდის პირველ კვირას საკმაოდ დაძაბულად გადის ისრაელი, თუმცა მთავრობა იმედს არ კარგავს. როგორც ტელეკომპანია “12"-ის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა აჩვენა, ისრაელის მოსახლეობის 60%-მდე ზედმიწევნით იცავს საყოველთაო კარანტინით დაწესებულ შეზღუდვებს, ხოლო მოსახლეობის 47% სჯერა, რომ ეს შეზღუდვები შედეგს გამოიღებს.

  • უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ემიგრანტი, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ ისრაელში. ჯერ კიდევ მარტში, როდესაც ქვეყანაში დაიწყო კრიზისული ვითარება, მათმა უმრავლესობამ დაკარგა სამსახური. ხოლო აპრილ-მაისში, პირველი კარანტინის პერიოდში მათ საერთოდ მუშაობის უფლებაც აეკრძალათ. ახლაც ანალოგიური მდგომარეობაა. ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების რაოდენობა კარანტინის პერიოდში 65%-ით შემცირდა.

საქართველოს მოქალაქეებს, ემიგრანტებს რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ, ბოლო 6 თვის განმავლობაში ანაზღაურება ან გაუნახევრდა, ან ისიც დაკარგეს. ამას დაემატა ისიც, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაისამდე "ლურჯი ვიზის" ("ლურჯი ვიზა" - ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე, ქვეყანაში შეზღუდული უფლებამოსილებით ცხოვრების უფლება) გაცემის რაოდენობა, ფაქტობრივად, გაანახევრა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 8-9%-ს გაუგრძელეს "ლურჯი ვიზის" სტატუსი.

მარტიდან-აგვისტომდე პერიოდში სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ისრაელში მცხოვრებ ქართველ-ემიგრანტთა 12%-მა, დარჩენილი 88%-ის მხოლოდ 9%-ს აქვს ლეგალურად ცხოვრების უფლება, რაც ცალსახად გვაძლევს იმის თქმის უფლება, რომ ისრაელში ქართველ ემიგრანტთა 60-70% არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს. არსებული კარანტინის პერიოდში არ მუშაობს ქვეყნის მთავარი საემიგრაციო სააგენტო და გაგვიჭირდა გაგვეგო, რამდენი საქართველოს მოქალაქე ელოდება დეპორტაციას. თუმცა რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ვესაუბრეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს, რომელთაც აღარ გაუგრძელეს ვიზა, ან შეუჩერეს ლტოლვილის სტატუსი, ქვეყნის საემიგრაციო სააგენტომ არ მოსთხოვა დაეტოვებინათ ქვეყანა. პანდემიამდე კი ემიგრანტს, რომელსაც შეუჩერდებნენ "ლურჯ ვიზას“- ავალდებულებდნენ ქვეყანა დაეტოვებინა რამდენიმე დღეში. ემიგრანტების თემაზე აქტიურად მუშაობს, ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდი "ბესტ ისრაელი“, რომლებიც აცხადებენ, რომ არალეგალების ზრდას ოფიციალური ისრაელი არ აქცევს დიდ ყურადღებას მხოლოდ ახლა, რადგან როგორც არასოდეს, ქვეყანას სჭირდება "შავი მუშა ხელი“, რომლებიც გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, თანახმანი არიან იმუშაონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე და ისიც მინიმალური ანაზღაურებით. მოგახსნებეთ, რომ ისრაელის თითქმის ყველა საკარანტინე დაწესებულებაში, სასტუმროში თუ საავადმყოფოში, დასუფთავებაზე მხოლოდ ქართველი არალეგალები მუშაობენ და ისინი რისკის ზონაში შედიან.

ბოლო პერიოდში უამრავ ქართველ ემიგრანტს ვესაუბრე, რომლებიც გამოუვალ სიტუაციაში ცხოვრობენ.

ელიკო (ქართველი ემიგრანტი, რომელიც 5 წელია ცხოვრობს ისრაელში):

- 5 წელი ვცხოვრობ ისრაელში, 2020 წლის მაისამდე ლეგალურად ვცხოვრობდი და სტაბილურად ვმუშაობდი, თუმცა მას შემდეგ რაც მე და ჩემნაირად ათასობით ქართველს აღარ გაგვიგრძელეს ვიზა, აღმოვჩნდით რთულ სიტუაციაში. ახლა მე არანაირი საბუთი არ მაქვს და ყოველდღე ველი, რომ საემიგრაციო სამსახური დამაკავებს. თუმცა ქართველ ქალებს ხომ იცით, არ გვეშინია არაფრის. შესაბამისად, ვცდილობ ვიმუშავო მინიმალურ ხელფასზე, რადგან საქართველოში, უმუშევრად დარჩენილ ჩემს ოჯახს დავეხმარო.

თამილა (ქართველი ემიგრანტი, რომელიც 4 წელია ცხოვრობს ისრაელში):

- ახლა ქვეყანაში კარანტინია და ჩვენთვის, არალეგალებისთვის არავის სცალია. რომც დაგვიჭირონ, რას გვიზამენ? გაგვადეპორტებენ? ფრენები არ არის. ჩემი მეზობელი ორი ქალი დააკავეს და რამდენიმე დღეში გამოუშვეს. უთხრეს რომ ფრენები არ არის და პირველივე შესაძლებლობაზე, მათ დააბრუნებენ საქართველოში... ახლა სამ ადგილას ვმუშაობ, დილით და ღამით ცენტრალურ კლინიკაში დამლაგებელი ვარ. დღისით რამდენიმე სახლს ვალაგებ. ბევრი ფიქრობს რომ ამ სამ სამუშაოზე საკმაოდ სოლიდური თანხა მიგროვდება თვის ბოლოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეპიდემიამდე პერიოდში სასტუმროში ვმუშაობდი 8 საათი და ახლა 16 საათი ვმუშაობ დღეში, თუმცა ბევრად ნაკლები ანაზღაურება მაქვს. ჩვენ სახელმწიფო არ გვეხმარება, არც რაიმე შეღავათებით ვსარგებლობთ. თუ არ ვიმუშავეთ, შიმშილით დავიხოცებით. ერთი სამსახური საკმარისი არ არის. მოგეხსენებათ არალეგალურად ვინც ვცხოვრობთ, რამდენიმე კომპანის ვუხდით ხელფასიდან 20-30%-ს რომ უსაბუთოდ მოგვცენ ესა თუ ის სამუშაო... მინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს რომ მალე ეს პანდემია დასრულდება და ისრაელიდან უკეთესად დავეხმარები ჩემს შვილებს, რომლებიც ყოველთვიურად ახლა ჩემს მიერ გაგზავნილი ფულით ცხოვრობენ.

მიხეილ ხეცოიძე, სპეციალურად ambebi.ge-სთვის ისრაელიდან

"ხშირად გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია - უნდა გავაძლიეროთ ლოცვა" - პატრიარქის ქადაგება

რატომ დარჩა გლდანში 5 000 აბონენტი გაზის გარეშე?

"განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი" - ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს