ავტორი:

წიგნი, რომელიც უმიზეზოდ მხიარულ ბავშვობას გაგახსენებს და მოგანატრებს იმას, რაც აღარასდროს დაბრუნდება

წიგნი, რომელიც უმიზეზოდ მხიარულ ბავშვობას გაგახსენებს და მოგანატრებს იმას, რაც აღარასდროს დაბრუნდება

„მინდა გითხრათ მადლობა „სხვა გურული დღიურებისთვის“, ბავშვობის სუნი და გემო რომ გამახსენეთ“, - ეს ერთ-ერთია იმ გამოხმაურებათა შორის, რომელიც გიორგი კეკელიძემ თავის ახალ წიგნზე მიიღო.

„სხვა გურული დღიურები“ მისი წინამორბედის „გურული დღიურების“ ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს და ბევრისთვის საყვარელი, მშობლიური გურიის ამბებს ავტორისთვის დამახასიათებელი სისხარტითა და მხატვრული ოსტატობით აღგვიწერს.

წიგნის მთავარი გმირი თავად ავტორია, რომელიც თავის პატარა კუთხეს, საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს აკვირდება.

როგორც ავტორი თავად აღნიშნავს, წიგნის პერსონაჟები ფრაგმენტულები არიან და ამ ფრაგმენტის საკუთარ თავში აღმოჩენა ყველა ადამიანს შეუძლია. გიორგი კეკელიძის თვალით დანახული გურია არის „ღარიბი და ლამაზი, ღიმილით ძლიერი და თანაც, შიშით სავსე, მომავლის შიშით“.

ბევრმა მკითხველმა სხვა გურულ დღიურებში საკუთარი თავი, საკუთარი, „უმიზეზოდ მხიარული“ ბავშვობა ამოიცნო. მისი კითხვისას ემოცია ემოციას ცვლის; გიჩნდება სურვილი, კიდევ ერთხელ განიცადო ის, რაც ერთი წამის წინ კითხვისას დაგეუფლა. „სხვა გურული დღიურები“ მართლაც ერთდროულად სევდიანი და მხიარული, მონატრებითა და ნოსტალგიით სავსე წიგნია.

„ორი დღის წინ, თბილისში ერთი ციცინათელა დავინახე, იმდენ ხანს ვუტრიალე, „ვეფერე:, ვერაფრით მიხვდნენ ბავშვები, რატომ ვერ მოვშორდი რაღაც მწერს... წლებია, არსად მინახავს. რა უცნაურად დაემთხვა ორიოდ დღის მერე თქვენი ციცინათელების ამბავი...“, - წერს ერთ-ერთი მკითხველი.

„სხვა გურული დღიურები“ გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი წინასიტყვაობა ცნობილ მსახიობ მერაბ ნინიძეს ეკუთვნის, რომელსაც სხვების მსგავსად, წიგნმა ბავშვობის მოგონებები აუშალა და გაახსენა ის უმიზეზო სიხარული, რომელსაც სწორედ აქ, გურიაში ყოფნის დროს განიცდიდა.

„ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ“, _ წერს ამ წიგნის ავტორი. ჩემთვის გურიაა უმიზეზო სიხარული. ნაგომარი. დიდი ბაბუის სახლი... ახლა უკვე ნასახლარი, რომელიც მგონია, რომ ისევ ისეთი ლამაზია, როგორიც მეხსიერებაში შემომრჩა. მიყვარს და ამ სიყვარულის გამო მტკივა, როცა ვიაზრებ, რომ ის ეზო მიტოვებულია. ცარიელია. სახლიც ნელ-ნელა გაქრა. ცარიელია იმ ქათმის კრიახისგან, რომელიც ერთ საღამოს, ბავშვობაში, შებინდებულ ტყეში ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო და დიდი შიში დამაძლევინა...”, - წერს მერაბ ნინიძე.

მერაბ ნინიძე წერს, რომ „სხვა გურული დღიურები“ ადამიანის იმ მომენტს იჭერს, როცა ვხვდებით, რომ გავიზარდეთ და ემოციებიც გამძაფრდა.

„დრო გავიდა და ჩვენ დაგვიგროვდა დანაკარგი, იმედგაცრუება. ეს უკვე ცხოვრების ის ეტაპია, სადაც არჩევანი აღარ გვაქვს, დაცული აღარ ვართ ტკივილისგან. თუმცა გვაქვს საძირკველი _ ჩვენი ბავშვობა, გვაქვს სითბო და გვყავს ადამიანები ირგვლივ, რომელთაც შეგვიძლია ჩვენი მოგონებები გავუზიაროთ ისე, როგორც ეს წიგნი გვიზიარებს ავტორის ჰუმანიზმს“, - აღნიშნავს ის.

ეს სითბოთი, სიკეთითა და ამავდროულად სევდით სავსე წიგნი ბევრ ჩვენგანს გაახსენებს იმ წლებს, რომელშიც ვეღარასდროს დავბრუნდებით, მაგრამ ყოველთვის მოგვენატრება.

როგორ მივიღოთ წიგნის ონლაინ ფესტივალში მონაწილეობა? - სიახლეები, რომელიც 25-27 სექტემბერს გველოდება

სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნილი ლიტერატურა - სერიის პირველი წიგნი "მეფრინველეობა"

ახალი პროექტი „ომებსა და ადამიანებზე“  - რომლის ფარგლებში 1 ოქტომბერს ჟურნალ გზასთან ერთად თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოვა