ავტორი:

"მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა..." - რას ამბობს პროფესორი, რომელმაც, ფურცხვანიძის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი "დაავერბოვკა"

"მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა..." - რას ამბობს პროფესორი, რომელმაც, ფურცხვანიძის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი "დაავერბოვკა"

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახლადგამოჩენილმა ფიგურანტმა დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტური ფოტომასალა გადასცა, ambebi.ge-სთან ინტერვიუში თემურ ზარქუა ახსენა. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, პროფესორი თემურ ზარქუა თამარ ბაჩალიაშვილის პედაგოგი იყო და ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი სემესტრის განმავლობაში ასწავლიდა. ფურცხვანიძის თქმით, “ყველაფერი ჯერ კვლევის პროცესშია, მაგრამ თამარ ბაჩალიაშვილი რომ სპეცსამსახურის მიერ იყო “დავერბოვკებული”, ამის თაობაზე ტელევიზიით განაცხადა ერთმა ბატონმა, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავებული. გოგონა შსს-ს კადრში იყო აყვანილი მისი “დამვერბოვკებელი” თემურ ზარქუას რეკომენდაციით. ამის კვლევა არ არის ჩემი პრეროგატივა, ამ პიროვნებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს”... (იხილეთ სტატია სრულად)

ambebi.ge თემურ (თეოდორე) ზარქუას დაუკავშირდა და ჩვენი ინტერვიუც ფურცხვანიძის ბრალდებაზე პასუხით დაიწყო:

- ეს ვერსია ფურცხვანიძისგან არ მოდის, სულ არ ვიცი, ვინ არის ეს კაცი. ზარქუა დასაკითხიაო, ეს ღიად განაცხადა ბატონმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, რადგან მას არ მოეწონა ის ამბავი, რომ ვერ გავიხსენე, გავუწიე თუ არა გოგონას რეკომენდაცია რომელიმე სტრუქტურაში. სიმართლე გითხრათ, ეს მე თვითონაც არ მომეწონა.

- მართლა ვერ გაიხსენეთ?

- შეკითხვის დასმის მომენტში მართლაც ვერ გავიხსენე, თუმცა როდესაც ჩემს სამუშაო ადგილს დავუბრუნდი და ავწიე ჩემი მიმოწერა, დავრწმუნდი, რომ თამუნასთვის რომელიმე ძალოვან სტრუქტურაში რეკომენდაცია მართლაც არ გამიწევია. რომ ვთქვი, ვერ ვიხსენებ-მეთქი, მართლაც ვერ ვიხსენებ. მე, უბრალოდ, კი არ ვაძლევ რეკომენდაციას ამ ბავშვებს, მერე თვალ-ყურს ვადევნებ რას აკეთებენ იმ სამსახურში, როგორ ვითარდებიან... მე ხომ პასუხისმგებლობა მაქვს ორივე მხარის მიმართ - ბავშვის მიმართაც, რომ ის ნორმალურ ადგილზე მოხვდეს და იმ სამსახურის მიმართაც, რომ ბავშვმა იქ გაამართლოს. თამარისთვის მისი თხოვნით, მართლაც მქონდა გაცემული რეკომენდაცია, ოღონდ, არა შსს-ში, ან სუს-ში, არამედ მას "ერასმუსის" პროგრამით უნდოდა განაცხადის გაკეთება, მთხოვა და მივეცი რეკომენდაცია, ვინაიდან ბავშვი იმსახურებდა ამას.

- თამარის ოჯახს და ადვოკატს აქვთ ეჭვი, გოგონა კონფიდენციალურად მუშაობდა ძალოვან უწყებაში, ვინაიდან ხშირად დადიოდა ორთაჭალაშიო...

- ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურები, როგორც წესი, როცა მთხოვენ ვინმეს რეკომენდაცია გავუწიო, მათივე მოთხოვნაა, რომ ეს იყოს ვაჟი. რა არის იცით? შსს-ში მუშაობს რამდენიმე ჩემგან რეკომენდებული ყმაწვილი და ვიცი, კარგად მუშაობენ და ყველაფერი ნორმალურადაა. ზოგიერთი მუშაობდა და წამოვიდა იქედან. რატომღაც ხაზი გასმულია იმაზე, რომ თურმე მე მეკითხება ყველა სპეცსამსახური რაღაცას. კარგით, რა! - არ არის ასე. კარგი სპეციალისტი ბრძანდებით და თქვენს გამოზრდილ კადრებზე რომ მოთხოვნა იყოს, ან მათზე აზრი გკითხონ, რა გასაკვირია?

ახლა, ისეც არ არის საქმე, ჩემს იქით გზა არ იყოს. უამრავი სპეციალისტია ჩემს გარდა, ვისაც აზრს ეკითხებიან. რა თქმა უნდა, კარგი სპეციალისტები (და კარგი პიროვნებებიც) თუ აინტერესებთ, დარგის სპეციალისტს უნდა ეკითხებოდნენ, რატომაც არა? და რა არის ამაში საკვირველი და საეჭვო? ჩემი ყოფილი სტუდენტები თითქმის ყველგან არიან - ბანკებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სატელეკომუნიკაციო კომპანიებში, სადაც სერიოზულად იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ჩემს ყოფილ სტუდენტებს, რომლებიც შსს-ში მუშაობენ, ვკითხე თამარზე და მითხრეს, ჩვენთან არ ყოფილაო, ამიტომ ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, მას შსს-ს რომელიმე დანაყოფში ემუშავა.

- არც სხვა ძალოვან სტრუქტურაში?

- მოდით, მეც ძალიან ბევრს ვერ ავიღებ საკუთარ თავზე, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემის აზრით, ამ ბავშვს ძალოვან სტრუქტურებში არ უმუშავია.

- თქვენი რეკომენდაციის გარეშე, ან ისე, რომ არ გცოდნოდათ, შეიძლება სადმე ასეთ უწყებაში ემუშავა?

- ძალიან პატარა შანსია. ბავშვი, რომელიც CV-ს ადგენს, ერთ-ერთ პუნქტად შეიძლება ჩაწეროს, ვინ არის მისი რეკომენდატორი. ასეთი ბავშვი თუ მკითხავს, შეიძლება თქვენ ჩაგწეროთ რეკომენდატორადო, ვეტყვი - რატომაც არა.

- რას იტყვით, იყო გოგონა იმ შესაძლებლობის და უნარების, რომ მსგავს სერიოზულ უწყებებს დაესაქმებინათ?

- ეს ბავშვი იყო საკმაოდ სტაბილური, კარგი სტუდენტი და მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა წარმატებულად, მათ შორის - ძალოვან სტრუქტურაში. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის არ იყო რაღაც ექსტრაკლასი, ისეთი, რომელიც რაღაც ახალს შექმნის. იქ, სადაც საჭიროა სტაბილურობა, ცნობილი ალგორითმის მიხედვით რაღაცის გაკეთება და ა.შ. კარგი შემსრულებელი იქნებოდა. თამუნას სამი სემესტრი ვასწავლიდი და სადღაც 2 წელზე მეტია, ამ ბავშვთან მჭიდრო ურთიერთობა აღარ მქონია. ვერ ავიღებ თავზე ვთქვა, რომ ჩემი მონაწილეობის გარეშე სადმე არ დაიწყებდა მუშაობას. ნორმალური გოგონა იყო, არ ჰქონდა უარყოფითი მიდრეკილებები, იყო წესიერი და კეთილსინდისიერი და უბოროტო ბავშვი. გასული წლის დეკემბერში თამარმა უნივერსიტეტის ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტის გუნდის შემადგენლობაში, უმაღლეს სასწავლებელთა შორის პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მიიღო მონაწილეობა. ხაზგასმის ღირსია მისი პასუხისმგებლიანობა - თამარს ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ახლობელი, თუ არ ვცდები - ბებია და მიუხედავად ამისა, ის გამოცხადდა ღონისძიებაზე და არ დააღალატა თავისი გუნდი (წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი მოიხსნებოდა შეჯიბრებიდან). ეს ძალიან ლამაზი ეპიზოდი იყო.

- ანუ არ ადასტურებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი რეკომენდაციის საფუძველზე იღებენ თანამშრომლებს ძალოვან სტრუქტურებში?

- ეს იმათ სინდისზე იყოს, ვინც ამას ამბობს. მაშინ აქედან ის დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ მეც მათი, იქაური თანამშრომელი ვარ.

- კი, მათი ამ ლოგიკით, ასე გამოდის...

- არა, ბატონო, არაფერი მაგის მსგავსი. უბრალოდ, მე შეიძლება ზოგიერთებზე შედარებით უკეთ ვიცნობ მართლა ძალიან მაღალი დონის სტუდენტებს იმიტომ, რომ გახლავართ პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი და ეს ბავშვები ყველანი, ვინც რამეს წარმოადგენენ, ჩემს თვალწინ ტრიალებენ. საქართველოში ჩემზე არანაკლებ წარჩინებული სპეციალისტები არიან. ცხოვრებაში ისეთი არაფერი მაქვს ჩადენილი, რისიც შემრცხვებოდა. ჩემი ნაკლი შეიძლება ის იყოს, რომ ვიღაცას დაუმსახურებლად ნიშანი არ დავუწერე და ამის გამო ნაწყენი იყოს ჩემზე. ერთი სიტყვით, დასამალი არაფერი მაქვს. ამ ამბავში ყველაზე საწყენია ის, რომ თამარს ვერ დავიბრუნებთ. არა და, სწორედ მისთანა ახალგაზრდებს ეკუთვნით ლამაზი ოჯახების შექმნა და კარგი შვილების გაზრდა. ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებას დააკლდა.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული