ავტორი:

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი

უმუშევრობა, რომელიც დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი გადაუწყვეტი სოციალური პრობლემაა, კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის დროს კიდევ უფრო გაიზარდა. Euronews.com-ის ცნობით, ევროპაში სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევები საავიაციო და საავტომობილო სექტორში დაფიქსირდა. ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ ივლისში 336 000 ადამიანით გაიზარდა, ივნისში - 281 000-ით, მაისში - 253 000-ით და აპრილში 397 000-ით. Eurostat-ის თანახმად კი, უმუშევრობის მაჩვენებელი 7.2% გახდა ივლისში, რაც რეკორდული მაჩვენებელია 1995 წლის შემდეგ.

ახლა წარმოგიდგენთ რამდენიმე კომპანიას, რომელმაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა:

  • BP (დიდი ბრიტანეთი) – 10 000 ადამიანი
  • Rolls Royce (დიდი ბრიტანეთი) – 9 000 ადამიანი
  • British Airways (დიდი ბრიტანეთი) – 12 000 ადამიანი
  • Renault (საფრანგეთი) -15 000 ადამიანი
  • Lufthansa (გერმანია) – 22 000 ადამიანი

ეს ჩამონათვალი შეიძლება ძალიან ვრცელი აღმოჩნდეს, მაგრამ აქვე მეტად აქტუალურია ერთი საკითხი - რამდენად აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების სამართლებრივი უფლება და ასეთ დროს სამართლებრივი ხომ არ უპირისპირდება მორალურს? მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები კადრების შემცირების დროს საკმაოდ ემოციურ განცხადებებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნდათ, საზოგადოება მათ ქმედებას ხშირად უწოდებდა სამარცხვინოსა და გაუმართლებელს.

რადგან ეს საკითხი საქართველოშიც მეტად პრობლემურია და აქ უმუშევრობა იმაზე უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში, კითხვებით, თუ რა უფლებები აქვს დამსაქმებელსა და დასაქმებულს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დისტანციურ რეჟიმზე მუშაობის დროს, საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამფუძნებელს ოთარ კაჭკაჭაშვილს მივმართეთ.

საგანგებო მდგომარეობის დროს, რა შემთხვევაში აქვს კომპანიას თანამშრომლის გათავისუფლების უფლება და ამ დროს უნდა გადაუხადოს თუ არა კომპენსაცია მას?

კომპანიას თანამშრომლების გათავისუფლების უფლება ნამდვილად აქვთ. ამ დროს პრობლემატური არის ხოლმე კომპენსაციის გადახდის საკითხი. შრომითი კანონმდებლობის თანახმად, კომპანია დაუსაბუთებელი გათავისუფლების შემთხვევაში ვალდებულია კომპენსაცია გადაუხადოს თანამშრომელს. ეს კი უკვე შეფასების საკითხია, თუ რამდენად გადაუდებელი და აუცილებელი იყო ამ ადამიანის გათავისუფლება და ამით რა სარგებელი მიიღო დამსაქმებელმა. სწორედ ამიტომ არსებობს ამ საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომა და როგორც წესი, საქმეს სასამართლო ინდივიდუალური ჩვენებებიდან გამომდინარე წყვეტს ხოლმე. კომპანიები, რომლებსაც რეალურად კადრების შენარჩუნების საშუალება გააჩნდათ და გათავისუფლების გარდაუვალობას ვერ დაასაბუთებენ, აუცილებლად მოუწევთ კომპენსაციის გადახდა. კომპანიებს კი, რომლებიც ამ ფაქტს დაასაბუთებენ, სასამართლო კომპენსაციის გადახდას არ დააკისრებს.

რამდენად სამართლებრივია ფინანსების ოპტიმიზაცია თანამშრომლების ხელფასების შემცირებით?

ესეც არის ძალიან სუბიექტური საკითხი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს სამართლებრივად დასაბუთებული და გამართლებულია თანამშრომლების შემცირება ფინანსური ოპტიმიზაციის მიზნით. ხელფასების შემცირების აკრძალვა კომერციულ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ. მათ ოპტიმიზაცია შეუძლიათ მოახდინონ როგორც ხელფასების, ისე სხვა ნებისმიერი დანახარჯების შემცირებით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელფასების შემცირება იყოს ბოლო და უკიდურესი ნაბიჯი ფინანსების შემცირების დროს.

დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის დროს, დამსაქმებელს აქვს თუ არა უფლება, რომ თანამშრომელს ხელფასი შეუმციროს?

დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის დროს დამსაქმებელს უფლება აქვს ცვლილებები შეიტანოს შრომით კონტრაქტში იმ შემთხვევაში, თუ ის სატრანსპორტი ხარჯებსაც ითვალისწინებდა. არის შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებაში აღნიშნული გრაფა არ გვხვდება, თუმცა ეს საკითხი ზეპირი შეთანხმების ნაწილია. ამ შემთხვევაშიც აქვს დამსაქმებელს უფლება, რომ დასაქმებულს ხელფასი შეუმციროს და ანაზღაურების საერთო ოდენობას ტრანსპორტირების თანხა გამოაკლოს. სხვა შემთხვევაში, როდესაც ასეთი წერილობითი თუ სიტყვიერი შეთანხმება არ არსებობს, ხელფასების შემცირება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის დროს დაუშვებელია.

როგორ უნდა მოიქცეს თანამშრომელი თუ ფიქრობს, რომ კარანტინის დროს სამსახურში მისი უფლებები ირღვევა?

თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი უფლებები ირღვევა და არ არის აუცილებელი, რომ იყოს კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს. ყველა დასაქმებულმა უნდა შეძლოს მისი შრომითი უფლებების დაცვა. მათ შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენი იურისტები საკითხის დეტალურად გარკვევაში დაეხმარებიან. ჩვენთან პირველადი კონსულტაცია უფასოა, რითიც ვცდილობთ ადამიანის უფლებების და მათ შორის შრომითი უფლებების დაცვას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. საკითხში კარგად გარკვეულმა ადამიანმა იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი უფლებები, რაც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება. საკუთარი უფლებების დაცვისთვის უნდა იბრძოლოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც თვლის რომ დამსაქმებელი მის უფლებებს არღვევს.

განსაკუთრებული სოსისები, რომლებიც მსოფლიომ შეიყვარა

როგორ არის შესაძლებელი ebay-ის მილიარდზე მეტი პროდუქტის განვადებით გამოწერა?

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ბიზნესის ზრუნვა გარემოზე