ავტორი:

"კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა" - ლევან გოფოძე დეტალებზე

"კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა" - ლევან გოფოძე დეტალებზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს, რომელიც მათ კლინიკაში მკურნალობდა, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პაციენტს კოვიდ 19-თან ერთად, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

„დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი, რომლის გარდაცვალების მიზეზი გახდა თანმხლები დაავადებებიც კოვიდ 19-თან ერთად. პაციენტს დიალიზი უტარდებოდა, რადგან ჰქონდა თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი. ეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ შემოვიდა, მაშინ გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის პალატაში, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მაინც რჩებოდა ორმხრივი პნევმონია. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ აგრძელებდა მკურნალობას და ორი დღის წინ კვლავ გამოიხატა სუნთქვის მოშლა. ამის გამო, ისევ დაბრუნდა ინტენსიური თერაპიის პალატაში. ამ დილით თავისი სუნთქვის კომპონენტი აღარ ჰყოფნიდა და რამდენიმე საათშიც გული გაჩერდა. დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი 60 წლამდე ასაკის იყო.

როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, ეს 7 თვის განმავლობაში მესამე პაციენტია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი განმარტებით, ყველა შემთხვევაში პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„რაც უფრო მეტი შემთხვევა იქნება, მით მეტი შანსია იმისა, რომ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გამოჩნდება. თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები კოვიდ ინფექციის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან და მათში ეს ინფექცია ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა პაციენტებში“, - განაცხადა გოფოძემ.

"გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა" - კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს