ავტორი:

"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს

"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს

ხადას ხეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეში, ულამაზესი და ისტორიულ ადგილია, რომელიც მთიულეთის არაგვის სათავეებთან მდებარეობს. გასაოცარი ბუნების გარდა, ხეობა მდიდარია ისტორიული კოშკებით (რამდენიმე ათეული), ბუნებრივი მჟავე წყლებით. ადგილობრივების განმარტებით, „ხადა“ მთიან ადგილსაც ნიშნავს... ხეობაში საცხოვრებლად თანამედროვე ადამიანისთვის მძიმე პირობებია (უგზოობა, ინფრასტრუქტურის არარსებობა...), რის გამოც იქაურობა მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხეობას უმკაცრეს ზამთარშიც არ ტოვებენ და ეს მაშინ, როცა ხადა თოვლში პრაქტიკულად იძირება და ზვავის რეალური საფრთხეც სულ არსებობს...

მაყვალა წიკლაური უკვე წლებია, სოფელ წკერეში (ზღვის დონიდან 1880 მ) ზამთარ-ზაფხულს ატარებს, ზამთარში კი მარტო რჩება... ქალბატონ მაყვალას გასულ კვირას თბილისიდან ჟურნალისტები ვესტუმრეთ და ძალიან გავახარეთ. მან გულწრფელად გაგვიზიარა საკუთარი გულისწუხილი და გასაჭირი... ხეობის სოფლების დაცლის მიზეზად უმეტესად უგზოობა მიაჩნია.

როგორც გვითხრა, ხადას ხეობაში გუდამაყრიდან ყოფილა გამოთხოვილი, "აქ რომ მოვედი, სოფელი ხალხით იყო სავსე - 30 კომლი ცხოვრობდა... ისე მოხდა, რომ ბოლო 10 წელია, ზამთარში აქ სულ მარტოს მიწევს ყოფნა. ზაფხულში კი ხალხი ამოდის (5-6 ოჯახი)... ოქტომბერში თოვლი რომ მოვა და გზა ჩაიკეტება, ზოგჯერ გზა მაისამდე არ არის. თან, ეს ტერიტორია სულ საზვავეა"...

ამ ქალბატონისთვის, როგორც 21-ე საუკუნეში ყველა ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების მიღება, თუმცა ხეობაში ამის საშუალება არ არსებობს... მაყვალა წიკლაური ისეთ ამბებს იხსენებს, როცა ადგილობრივები ავად გამხდარან და ექიმთან მისვლა უგზოობის გამო ვერ მოუხერხებიათ.

აქედან ხალხი იმიტომაც წავიდა, რომ სკოლა არ იყო, ცუდად გახდებოდა ვინმე და გზა არ იყო, ერთხელ ბიჭს ბრმა ნაწლავი გაუსკდა და გზა ვერ გააკეთეს (ვერც სამარხილე), არადა, ბავშვს ისეთი ტკივლი ჰქონდა, რომ ბოლოს „ვერტალიოტით“ გადააფრინეს

სულ თავიდან კი ასე გაგვეცნო ადამიანი, რომელსაც ზამთრის გატარება უმძიმეს პირობებში, ზვავისა და მგლების პირისპირ უწევს - „ორი სახელი მაქვს - მაყვალა პირადობაში ვარ და ამ სოფელში თამარას მეძახიან, მაგრამ ახლა მგონი, აღარც ერთი ვარ, თქვენ რაც გინდათ, ის დამიძახეთ... აქ ვინც მოდის, ყველას ამას ვეუბნები - „საზოვეში“ ვარ და მომხედეთ-მეთქი... ზამთარში წკერეში ორი მოხუცი ვრჩებით, - ერთ ზამთარს არც წყალი იყო, არც გაზი, არც შუქი, ჩემს მეზობელს წასასვლელი აქვს და წავიდა, მე მარტო დავრჩი და ვაი, იმ ყოფნას, ღამე დაძინება მეშინოდა, ზვავი არ წამოვიდეს და არ მომიტანოს-მეთქი. მერე კიდევ, ტურები ისე ჩხავიან, მკვდარს არავინ დაიტირებს ისე... გარეთ სულ ხელ-ფეხის კანკალით გამოვდივარ... ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა ვინმეს გულითაც რომ უნდოდეს, აქ ვერც ექიმი მოვა და ვერც ვერავინ... არ ვიცი, ასე ყოფნას სადამდე შევძლებ... ნუთუ ძნელია, მთავრობამ რომ რაღაცნაირად მომხედოს, განა რა გაუჭირდათ ასეთი?!. თბილისში ბინა მქონდა, იქ ვმუშაობდი კიდეც, ჩემი ზარმაცობა ვის გაუგონია, სულ გაზეთებში წერდნენ, როგორი ყოჩაღი ვიყავი, მაგრამ მერე გაჭირვების გამო ის ოთახი დავაგირავე და ბოლოს დავკარგე კიდეც...

- როგორც მთის მოსახლე არანაირ დახმარებას არ იღებთ?

- ზამთარში გაზი უფასოა, 700 კუბი უნდა დაწვაო, ვერ ვწვავდი და გამომირთეს. ზაფხულში კიდევ დავალიანებას ვერ ვიხდი. საპენსიო არ ვარ, ორი წელი მიკლია. სოციალური დახმარება მაქვს 30 ლარი - მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ბიჭი ვიღებთ... ჩემი რძალი გუდაურში ინტერნატში ცხოვრობს, იქ თუ არ იმუშავებს, გამოუშვებენ, შვილიშვილი სკოლაში დადის და იქიდან დედამისი თუ წამოვა, მაშინ ბავშვიც აქ უნდა მოვიდეს, სადაც, როგორც გითხარით, სკოლა არ არის, არც ექიმი და გზა, რა უნდა გააკეთოს?!

- „მიჭირს, მაგრამ შიმშილით კი არ ვკვდებიო“ - გვითხარით, აქ რას საქმიანობთ?

- სხვის ძროხებს ვიბარებთ, ხან გავთიბავთ რამეს, მოვხვეტავთ... ჩემი მეუღლე, სასმელმა დაჩაგრა. ახლა კი აღარ სვამს, მაგრამ ბევრს ვერაფერს აკეთებს, სასმელმა თავის კვალი დაუტოვა... ჩემი მოხუცი მეზობელი ზამთარში თოვლი რომ მოვა, მთხოვს ხოლმე, - არაფერი დამემართოს, ხანდახან გამომხედეო. გავალ, კარზე გუნდას ვესვრი, თუ ხმა გამცა, - მოდი, რომელი ხარო? - მიხარია. ისე, რომელი უნდა ვიყო? სოფელში მარტო მეღა ვარ... ახლა კორონაა და უცხოელი დამსვენებლები აღარ არიან. ადრე აი, იმ მთიდან თხილამურებით ჩამოდიოდნენ. შორიდან რომ მიყურებდნენ, ალბათ ზოგჯერ დათვიც კი ვეგონე, მარტო რომ დავდიოდი. ჩემ ენას რას გაიგებდნენ, მაგრამ აქედან მაინც გავძახებდი - არაფერი ისროლოთ, ადამიანი ვარ-მეთქი... ისე, დათვი ერთხელ კი ვნახე ფერმაში, ძროხას ვწველიდი. ძროხა გაიქცა და ჩემ წინ არ იდგა ნაბადმოხურული კაცივით?! მეც გავიქეცი... მერე მწყემსმა მითხრა, - დათვმა თავზე დადგომა ეგრე იცის, ეტყობა, ძროხას ეპარებოდა და ბედი შენი, რომ ძროხა ვერ დაიჭირა, თორემ შენც მიგაყოლებდაო. მე რომ გავიქეცი, ის ისევ იქ იდგა...

- აი, იმ მთაზე რა არის, სულ ზემოთ?

- სალოცავია დაბრძანებული, შეგეწიოთ მაგის მადლი, ქალების მისვლა ახლოს არ შეიძლება. დღეობა რომ არის, დეკანოზთან ერთად ადიან... ჩემს ახალგაზრდობაში სულ დავდიოდი... ქალი თუ ავა, ახლოს არ უნდა მივიდეს, შორიდან უნდა შეეხვეწოს, რაც უნდა... ადრე ისტორიკოსები იყვნენ, აქაურ ციხე-ძეგლებს იკვლევდნენ, აი, ამ კოშკზეც რაღაცეებს მომიყვნენ..

- ახლა ქვეშეთი-კობის ახალი გზის გაყვანას რომ აპირებენ. ამაზე რას ფიქრობთ. მხარს უჭერთ?

- ვიღაცები ეწინააღმდეგებიან მაგას. მე მომწონს და მხარს ვუჭერ. მეუბნებოდნენ, - ტრაილერების ხმაური გირჩევნია, თუ ამ ბუნების სილამაზეო. ამ სილამაზეს სიცოცხლე მირჩევნია და მგლების ყმუილს ტრაილერების ხმა-მეთქი... მოკლედ, ეგ გზა ზოგს უნდა, ზოგს - არა, - ადამიანებს ხელებზე ერთნაირი თითები არ გვაქვს და აზრი როგორ იქნება ერთნაირი?! არადა, რაც მე ვიცი და ზამთარში აქ რაც შიში, სიცივე, გაჭირვება გამომიცდია, - ეგ ახალი გზა ამ ყველაფერს ნამდვილად ჯობია და ველოდები მაგის მშენებლობის დაწყებას.

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

"ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს" - როგორ ხსნიან ექიმები Covid 19-ით სიკვდილის შემთხვევების მატებას

უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს - რა ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეიდან