ავტორი:

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

2020 წლის 15 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, ქუთაისი პირველად მასპინძლობს მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST. ფესტივალის ინიციატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და განმახორციელებელი ორგანიზაცია „Tbilisi Mural Fest”. საქართველოს უკვე მეორე კვირაა სტუმრობს მსოფლიოში ცნობილი მხატვართა ჯგუფი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე შენობების მოხატვას ახორციელებს.

მოწვეულ მხატვართა შორის არიან არტისტები გერმანიიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, რომლებმაც წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი და არაერთი ცნობილი კედელი მოხატეს. ფესტივალის ფარგლებში, სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ უკვე შეიქმნა ოთხი უნიკალური ნამუშევარი, მათ შორის ისეთი ცნობილი მხატვრების მიერ, როგორიცაა INO საბერძნეთიდან, ARTZE სერბეთიდან, გერმანული ჯგუფი INNERFIELDS. ამ სფეროში ცნობილი გერმანელი არტისტი CASE MACLAIM კი საქართველოს 1 ოქტომბერს ეწვევა და მხატვრების ჯგუფთან ერთად 7 ოქტომბრამდე იმუშავებს და შექმნის მიურალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის კედელზე. KIU MURAL FEST-ის საბოლოო ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს უკვე კამპუსში სწავლის დაწყების დროიდან შეეძლებათ.

KIU MURAL FEST ქუთაისში პირველად იმართება. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის პოპულარიზებას. ცნობილი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზე გაჩნდება და უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის ქალაქსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისედაც უნიკალურ კამპუსს და გარემოს. სტრიტ არტი არის ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თანამედროვე მიმდინარეობა, რომელიც ასოცირდება თავისუფლებასთან, ახალგაზრდობასთან, ახალ ტექნოლოგიებთან. გარდა ამისა, ფესტივალის მიზანია ასევე, რომ ხელი შეუწყოს სტრიტ არტის პოპულარიზაციას საქართველოში.

განსხვავებული და ინოვაციური ხელოვნების ნიმუშები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე მცხოვრებ სტუდენტებს შეუქმნის სწავლისთვისა და დასვენებისთვის გამორჩეულ გარემოს - სივრცეს, სადაც ტექნოლოგიები და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთს ხვდება.

ორგანიზატორების შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით.

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები მიიღო. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით, KIU ნომერი პირველი საჯარო (სახელმწიფო) უნივერსიტეტია დღეს საქართველოში.

Tbilisi Mural Fest (თბილისი მიურალ ფესტივალი) გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ევროპაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილია, რომელიც 2012 წლიდან ცხოვრობს ბერლინში და სხვადასხვა ფესტივალის იდეის ავტორია. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს მრავალ გალერეაში. ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში კი მაზიაშვილის ნამუშევრები მუზეუმის მუდმივ კოლექციაში ინახება.

"თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში, ის რჩება "ოცნების" მხარდამჭერად" - პრესსამსახური

"ვეცადოთ, სწავლის პროცესი არ გახდეს ინფექციის გავრცელებისთვის სტიმული - თუ ინფექციის კერა დაგვიფიქსირდება, პანიკას არ მივეცეთ" - გამყრელიძე

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება - ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის განცხადება