ავტორი:

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებს შორის დაპირისპირება და საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

სომხური მხარის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია. საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ფრონტის ხაზზე დაძაბულობა შენარჩუნებულია. ტაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მოწინააღმდეგემ სცადა გარკვეული გადაჯგუფების განხორციელება და სამხედროების გადაყვანა, რაც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ნაწილებმა დროულად აღმოაჩინეს და აღკვეთეს", - წერს ჰოვანისიანი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხური მხარე პოზიციებს კარგავს და უკან იხევს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი, 110 ერთეული სამხედრო ავტომობილი, 30 ერთეული ანტისარაკეტო სისტემა, 228 საარტილერიო დანადგარი და ნაღმტყორცნი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი აცხადებს, რომ სომხეთი ვერ შეაჩერა საერთაშორისო საზოგადოებამ, თუმცა მას აზერბაიჯანელი ჯარისკაცები შეაჩერებენ.

აღსანიშავია, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

„შეხვედრაზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გამო. ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტისკენ, დაძაბულობის დეესკალაციისა და მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდეს," - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა და საბრძოლო მოქმედებები განახლდა. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.

წყალდიდობა, დანგრეული ხიდები და სახლები - საფრანგეთსა და იტალიაში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთმა თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა

"მომდევნო რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპის მდგომარეობა