ავტორი:

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის არაიკ არუთუნიანის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი აზერბაიჯანული მხარის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, არუთუნიანი მძიმედ დაიჭრა.

„ეს აბსოლუტური დეზინფორმაციაა. პრეზიდენტი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, ის სრულყოფილად ასრულებს თავის მოვალეობებს. ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. გვესმის, რომ პრეზიდენტის წინდახედული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანში პანიკას იწვევს, მაგრამ ისინი უნდა დავამწუხროთ“, - განაცხადა პოღოსიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწემ დღეს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი არაიკ არუთუნიანი მძიმედ დაიჭრა.

ამასთან, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ განჯას სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვების შედეგად, 32 ადამიანი დაიჭრა.

„ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, დაჭრილია 32 ადამიანი. გარდაიცვალა ქალაქის მკვიდრი თუნარ ალიევი“, - ნათქვამია გენერალური პროკურორის ქიამრან ალიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანელი დეპუტატის ნაგიფ გამზაევის ინფორმაციით კი, გარდაცვლილია ორი ადამიანი, დაჭრილები კი მძიმე მდგომარეობაში არიან.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული ხელისუფლების განცხადებით, სტეპანაკერტის დაბომბვის საპასუხოდ, დარტყმები განხორციელდა აზერბაიჯანის ქალაქების სამხედრო ობიექტებზე, განადგურებულია ქალაქ განჯას სამხედრო აეროდრომი.

აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ზონაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, 24 ადამიანი გარდაიცვალა და 111 დაიჭრა. ამის შესახებ დღეს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მძიმე ტექნიკის გამოყენებით, აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, 27 სექტემბრიდან დღეს 15:30 საათამდე პერიოდში დაღუპულია 24 და დაჭრილია 111 სამოქალაქო პირი“ , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ზარალი მიადგა 49 სამოქალაქო ობიექტსა და 248 საცხოვრებელ სახლს.

ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირება 27 სექტემბრიდან განახლდა.

აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები

"სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს... 13 სოფელი გავათავისუფლეთ" - რას წერს ალიევი და რა ვითარებაა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 2 დღეში