ავტორი:

აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. მხარეები კი ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ მათმა “თავდაცვის არმიამ“ 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განადგურებული საფრენი აპარატებისგან მინიმუმ ერთი თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში რეგიონში დაძაბული ვითარება იყო. რამდენიმე ადგილას საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურდა.

მათივე ცნობით, განადგურებულია ორი T-72 ტიპის ტანკი, ოთხი - BM-21 "Grad" YARS-ის სარაკეტო სისტემა, D-30 ტიპის ქვემეხი და 5 ჯავშანმანქანა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი ჯარი ოპერატიულ ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს.

საომარი მოქმედებების ფონზე აქტიურად საუბრობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მოსკოვში შესაძლო შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებისთვის ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდეს და ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც მზადყოფნას გამოთქვამს სომხურ მხარესთან შესახვედრად.

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ადასტურებს ბაქოს წარმომადგენლების სომხეთთან მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ მზადყოფნას. ამის შესახებ მან "ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით შეხვედრისთვის როგორც მოსკოვში, ისე ნებისმიერ ადგილზე იმისთვის, რომ დავასრულოთ წინააღმდეგობა და ვიპოვოთ დარეგულირების გზები“, - განაცხადა ალიევმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გაგრძელება მოჰყვება ორი ქვეყნის ლიდერთა განცხადებებს და გაიმართება თუ არა შეხვედრა.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანი ადასტურებს ინფორმაციას  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ - "შეცდომა მოხდა"

"სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია" - ილჰამ ალიევი

"ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ უნდა მოგვეჭრას თავი?!" - აფხაზ "მაღალჩინოსანს" რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ