ავტორი:

ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან

ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან

ადამიანების გაუჩინარების შესახებ მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. ეს ყოველ წელს და ყოველ ქვეყანაში ხდება, ერთხელაც ვიღაც გადაწყვეტს რომ გაქრეს, გაუჩნარდეს. უეცარი გაუჩინარების მიზეზი ხან პირად ცხოვრებას, ხან წარსულს და ხან სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება... როგორც აღმოჩნდა, იაპონიაში არსებობს სპეციალური კომპანიები, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან.

იაპონიაში თავიანთი ნებით გაუჩინარებულ ადამიანებს ძუჰაცუს ეძახიან. უფრო ზუსტად ეს ტერმინი ამოუხსნელ გაუჩნარებას, "აორთქლებას" ნიშნავს.

"ყელში ამომივიდა ადამიანებთან ურთიერთობა. უბრალოდ, ავიღე ჩანთა და გავუჩინარდი, გავიქეცი", - იხსენებს 42 წლის მამაკაცი, რომელიც ჟურნალისტს სუგიმოტოს სახელით გაეცნო.

მამაკაცის თქმით, იმ ქალაქში, სადაც ადრე ცხოვრობდა, მას ყველა იცნობდა, რადგან საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ოჯახიდან იყო. მათ საოჯახო ბიზნესი ჰქონდათ, რომელიც მემკვიდრეობით სუგიმოტოს უნდა მიეღო და ემართა კიდეც. ამაზე ფიქრიც კი ცუდად ხდიდა სუგიმოტოს, ამიტომ ერთ დღესაც, მოულოდნელად დატოვა ქალაქი და გაუჩინარდა ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს.

რა თქმა უნდა, სუგიმოტოს ისტორია საინტერესოა, თუმცა ძირითადად, ადამიანები გაუჩინარებისთვის კომპანიებს დიდი ვალების ან წარუმატებელი ქორწინების გამო მიმართავენ.

მსგავს ოპერაციებს ხშირად "ღამით გადასახლების მომსახურებას" ეძახიან. ვინც გაუჩნარებას მოისურვებს, კომპანია მათ საიდუმლო საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება.

"ყოველდღიურ ცხოვრებაში, საცხოვრებლის შეცვლა და სხვაგან გადასვლა, უმეტესად, პოზიტიურ ამბებს უკავშირდება, ეს იქნება უნივერსიტეტში ჩაბარება, ახალი სამსახური, ქორწინება თუ სხვა. თუმცა, არსებობს საცხოვრებლის დატოვების უარყოფითი მიზეზებიც, მაგალითად: როცა უნივერსიტეტიდან გრიცხავენ, კარგავთ სამსახურს, ან ცდილობ თავი დააღწიო იმ ადამიანს რომელიც გითვალთალებს", - ამბობს კომპანია "ღამით გადასახლების" დამაარსებელი სიო ჰატორი, რომელმაც კომპანია ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დააარსა, მაშინ როცა იაპონიაში მწვავე ეკონომიკური კრიზისი იყო.

"ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ახალი ცხოვრების დაწყება სურთ", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, კომპანიის დაარსებისას, ისინი ფიქრობდნენ, რომ ხალხს ახალი ცხოვრების დაწყება და გაუჩინარება ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ფინანსური მდგომარეობის გამო სურდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაუჩინარების სხვა ბევრი მიზეზი არსებობდა.

"იაპონიაში გაუჩინარება ყველაზე მარტივია", - აღნიშნავს სოციოლოგი ჰიროკი ნაკამორი, რომელიც ძუჰაცუს, ანუ ხალხის გაუჩინარების ფენომენს იკვლევს. როგორც სოციოლოგი ამბობს, ეს ტერმინი 1960-იანი წლებიდან გამოიყენება. იაპონიაში განქორწინების პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის დაბალი იყო. როგორც სოციოლოგი აღნიშნავს, განქორწინების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და ჭიანურდება, ამიტომ ყველაზე მარტივი მეუღლის მოულოდნელი მიტოვება და გაუჩინარებაა. როგორც ის ამბობს, იაპონიაში პირად ცხოვრებას დიდ პატივს სცემენ და კანონით მკაცრად იცავენ. ადამიანმა შეიძლება ნებისმიერი ოდენობის თანხა მოხსნას ბანკომატიდან და ამას ვერავინ შეამჩნევს. ოჯახის წევრებს არ ექნებათ წვდომა ამ ვიდეოჩანაწერებზე.

"პოლიცია ასეთ საქმეში არ ერთვება, თუ კრიმინალური ქმედება ან ავარია არ დაფიქსირდა. გაუჩინარებული ადამიანის ოჯახს კი შეუძლია დიდი თანხის სანაცვლოდ კერძო დეტექტივი დაიქირაოს ან დაელოდოს, როდის გამოჩნდება დაკარგული ცოლი ან ქმარი", - ამბობს ნაკამორი.

  • "გაუჩინარებული შვილი"

მათ, რომელთა ოჯახის წევრი, მშობელი, შვილი თუ მეუღლე უჩინარდება, ხშირად უშედეგოდ დასრულებული გამოძიება გაუსაძლის ტკივილს აყენებს. სწორედ ასე მოხდა ერთი ქალბატონის ცხოვრებაშიც, რომლის 22 წლის ვაჟი უეცრად დაიკარგა.

"გაოცებული ვიყავი, მან ორჯერ დაკარგა სამსახური და როგორც ჩანს, ამის გამო მომავალი ძალიან ცუდად წარმოედგინა... მესმის, რომ პირადი ცხოვრების დაცვის შესახებ კანონი ძალიან კარგია და ის ადამიანებს დამნაშავეებისგან იცავს, მაგრამ როგორ შეიძლება ერთნაირად მიუდგე დამნაშავესაც და მშობელსაც, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს? ამ კანონების მიხედვით, უფულობის შემთხვევაში - თუ ჩემით ვერ გამოვიძიებ საქმეს, უნდა დაველოდო და დავადასტურო, რომ რომელიმე ნაპოვნი გვამი ჩემს ვაჟს არ ეკუთვნის".

როგორც შვილდაკარგულმა ქალმა განაცხადა, მას სამართალდამცავებმა უარი განუცხადეს და უთხრეს, იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდნენ, თუ საქმეში თვითმკვლელობის კვალი იქნებოდა, საბოლოო წერილი კი გაუჩინარებულ ბიჭს არ დაუტოვებია.

  • "დაკარგულები"

როგორც ჩანს, გაუჩინარებისა და პრობლემებისაგან გაქცევის შემდეგაც არ ყოფილა ცხოვრება მარტივი. გაქცევის მიუხედავად, ბევრ ძუჰაცუს უწევს ცხოვრება სინანულში და დეპრესიაში.

"ყოველთვის მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ რაღაც არასწორი გავაკეთე - ამბობს ბიზნესმენი სუგიმოტო, რომელმაც მეუღლე და შვილები მიატოვა. უკვე ერთი წელია, რაც ჩემი შვილები არ მინახავს. წასვლისას მათ ვუთხარი, რომ მივლინებაში მივდიოდი".

ამჟამად ის ტოკიოში ცხოვრობს, თუმცა ბავშების მიტოვებას ძალიან განიცდის. კომპანიის ხელმძღვანელი კი, რომელმაც სუგიმოტოს გაუჩნარებას გაუკეთა ორგანიზება, ქალია და თავადაც 17 წელია, რაც ძუჰაცუა. "ამ დრომდე დაკარგულად ვითვლები", - ამბობს ქალი, რომელმაც ძალადობით სავსე ცხოვრებას დააღწია თავი.

"ჩვენ სხვადასხვა მიზეზით მოგვმართავენ. არიან ისეთები, ვინც ოჯახურ ძალადობას გაურბიან, ზოგიერთს ეგოიზმი ამოძრავებს. არავის განვსჯი, არავის ვეუბნები: "თქვენი შემთხვევა არც ისე სერიოზულია გასაუჩინარებლად".

გაუჩნარების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ადამიანთა პრობლემები არ ქრება და შესაძლოა ერთ დღეს ისინი ისევ ამ პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, ამიტომ კომპანიები მათ პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარება.

"მხოლოდ ჩემმა უფროსმა ვაჟმა იცის სიმართლე. ის ახლა 13 წლისაა, - ამბობს სუგიმოტო. - არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები: "რაც მამამ გადაწყვიტა, ეს მისი ცხოვრებაა და მე ამის შეცვლა არ შემიძლია". ის ჩემზე პატარაა, თუმცა უფრო ზრდასრული ადამიანივით აზროვნებს, ვიდრე მე"... წყარო

ავტორი ეკა გადახაბაძე

ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები ოქროს ენით - რას უკავშირებენ მეცნიერები ფაქტს და კიდევ რა ინახებოდა უნიკალურ სამარხში

ილონ მასკის დედამ ანუკის კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს მეი მასკი "ინსტაგრამზე"

უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები ქალების მოხიბვლას მაკიაჟითა და ვარცხნილობით ცდილობენ