ზურაბ აბაშიძე თბილისის მერიას დედაქალაქის ბიუჯეტის 79%-ის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს , - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 2010 წლის დედაქალაქის ბიუეტის შემოსავლები და ხარჯები შეგნებულად იყო არაპროპორციულად დაგეგმილი, რის შედეგადაც 6 თვეში დახარჯულია მთელი ბიუჯეტის 70%.
აბაშიძის ინფორმაციით, თბილისის 2010 წლის ბიუჯეტის 6 თვეში დახარჯა სულ 459 მილიონი ლარი. აქედან, როგორც აბაშიძე მიუთითებს, წარმოდგენილი არადასაბუთებული და არადაწვრილებითი ანგარიშით, ჯანდაცვაზე 13 მილიონი, სოციალურ დაცვაზე 73 მილიონი, ხოლო განათლებაზე 21 მილიონი დახარჯულა.
"არაპრიორიტეტული ხარჯვის ნიმუშია საბინაო-კომუნალურ მეურნეობებში არაკლასიფიცირებული, ანუ გაუშიფრავ მუხლებში დახარჯული 48,9 მილიონი ლარი, რომელიც 6 თვეში გაიზარდა 12 მილიონი ლარით. ამავე პერიოდში კი, სოციალური ბიუჯეტი შემცირდა 11 მილიონი ლარით. გიგი უგულავას დაპირების მიუხედავად, დედაქალაქის ბიუჯეტი არა თბილისელების კეთილდღეობაზე, არამედ ბუნდოვან პროექტებზე იხარჯება, რომლის არსი და მიზანი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია", - განაცხადა აბაშიძემ.
მან დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ამ მილიონების გადასროლა მოხდა გიგი უგულავას საარჩევნო ფონდში, რომელიც ახლა გაუგებარ პროექტებშია გაწერილი.
აბაშიძე, ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის მერიამ ამ დრომდე ვერ წარმოადგინა ქალაქის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გეგმა.
"უგულავას 120-დღიანი პროგრამაც მხოლოდ სიტყვიერად არსებობს. აქედან გამომდინარე, ვთავაზობ მერიასა და საკრებულოს, 2011 წელს მაინც გამოიყენონ ირაკლი ალასანიას ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მოითხოვენ, ბოლომდე გაიშიფროს ბიუჯეტის ხარჯები, რათა თითოეულმა თბილისელმა იცოდეს, რამდენად მიზნობრივად ხარჯავს ფულს თბილისის მერია.