ავტორი:

განგაშის მაქსიმალური დონე და საყოველთაო კარანტინი - ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ დაწესდა

განგაშის მაქსიმალური დონე და საყოველთაო კარანტინი - ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ დაწესდა

შემოდგომიდან მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა და ამიტომაც, ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის პრევენციის გამო შეზღუდვები ისევ დააწესეს. მაგალითად, ისრაელში სრული კარანტინი გამოცხადდა, ხოლო ჩეხეთი დღეიდან საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა.

ვნახოთ, როგორია ეპიდვითარება იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები თავიდან დაწესდა:

  • ჩეხეთი

ჩეხეთში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოცხადდა. "დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო მიიღო.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში იზღუდება შენობაში 10 ადამიანზე მეტის, გარეთ კი 20-ზე მეტის შეკრება. იკრძალება სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება. გარდა ამისა, რესტორნებში ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6-ზე მეტი ადამიანის დაჯდომა ნებადართული არ იქნება. იმ რაიონებში კი, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია, საშუალო სკოლები იხურება.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება.

დაავადების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ჩეხეთში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 303.3 შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 82 446 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 44 149 და დაღუპულია 727 ადამიანი.

  • ისრაელი

ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე 25 სექტემბრიდან გადავიდა. შეზღუდვები ითვალისწინებს: დახურულ სივრცეებში 10-ზე, ღიაში კი-20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სკოლებისა და დიდი სავაჭრო ცენტრების დახურვას. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება, გამონაკლისი მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში დაიშვება.

გარდა ამისა, არასამთავრობო ოფისებსა და ბიზნესებს შეუძლიათ კარანტინის პერიოდში ღია დარჩნენ, თუმცა მომხმარებლების მიღების უფლება არ ექნებათ.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში 268 175 ადამიანი დაინფიცირდა, 1 719 გარდაიცვალა, ხოლო 201 392 გამოჯანმრთელდა.

  • საფრანგეთი

კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. სამშაბათიდან ბარები 2 კვირით იხურება, რესტორნებმა კი იმისთვის, რომ მუშაობის უფლება ჰქონდეთ, ახალი სანიტარული ნორმები უნდა დაიცვან.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარიზში სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში, უნივერსიტეტების აუდიტორიები მხოლოდ ნახევრად უნდა იყოს შევსებული.

აღსანიშნავია, რომ პარიზში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის მაქსიმალური დონე ცხადდება. განგაშის მაქსიმალური დონე ამა თუ იმ ქალაქში მაშინ ცხადდება, როდესაც დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 ხანდაზმულ მოსახლეზე 100-ს, ზოგად მოსახლეობაში კი 250-ს აღემატება,

ცნობისათვის, გუშინ საფრანგეთში კორონავირუსის 12 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო კვირის განმავლობაში კი რეანიმაციულ განყოფილებებში 893 პაციენტი შეიყვანეს.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 619 190 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 32 230 პაციენტი, ხოლო 97 778 გამოჯანმრთელდა.

"აზერბაიჯანის არმიამ ​ჯებრაილის რაიონის სოფლები და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე გაათავისუფლა" - რას წერს ალიევი "ტვიტერზე"

"მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით" - ფაშინიანის მოწოდება ჯარისკაცებს

"ვდარდობ მოხუცზე, სახლიდან რომ ვერ გაასწრო და დედაზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილთან რომ დარჩა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ყარაბაღის ვითარებაზე