ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილები შიმშილობენ.
ოთხ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ერთ-ერთი დევნილის, რამაზ არონიას განცხადებით, მოშიმშილეები მოითხოვენ მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის გაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციას არ შეწყვეტენ.
"მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ტუღუშმა მითხრა, რომ ბინას დაგვიქირავებდნენ და 5 სექტემბრამდე თბილისში ფართს გამოგვინახავდნენ, მაგრამ გვსურს, მივიღოთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ ღია ცის ქვეშ არ დავრჩებით. წლების განმავლობაში ჩვენს მიმართ ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ ამგვარი ზეპირი დაპირებების უკვე აღარ გვჯერა", - განაცხადა რამაზ არონიამ.
არონია, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ისნის ჰოსპიტლის შენობიდან 13 აგვისტოდან გამოასახლეს, აცხადებს, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უფრო მკაცრ ფორმას მიმართავს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხელს მიიჭედებს.
სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, ვალერი კოპალეიშვილის განმარტებით კი, სახელმწიფო მზად არის, დევნილებს საცხოვრებელი ფართი რეგიონებში მისცეს, თუმცა, მისი თქმით, მოშიმშილეები ფართს თბილისში მოითხოვენ.
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა ადამიანმა პირი გუშინ ამოიკერა.