ავტორი:

დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე

დაჭრილი ჟურნალისტები და განადგურებული სამეთაურო პუნქტი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები? პუტინი მხარეებს მოსკოვში იწვევს: ყარაბაღის ომის მე-13 დღე

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლებიდან, დღეს მე-13 დღეა. საომარი მოქმედებები კი კვლავ არ წყდება.

  • აზერბაიჯანული მხარე

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი გაანადგურა. მათივე ინფორმაციით, ზუსტი სროლა კამიკაძე დრონების საშუალებით განხორციელდა.

"თავდასხმის დროს სომხეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები შტაბში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სამეთაურო პუნქტი განადგურდა და მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა,“- წერს აზერბაიჯანული მედია. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი არმან დერმეიანი

  • სომხური მხარე

რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანის ცნობით, ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია, ორმხრივი ცეცხლი და საარტილერიო ბრძოლები ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით ახორციელებდა.

ამასთან, გუშინ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელებმა შეტევა განახორციელეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არსებულ ქრისტიანულ ტაძარზე. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვასიანის ცნობით, ქალაქ შუშის ეკლესიის დაბომბვის შედეგად, რუსი ჟურნალისტი დაიჭრა.

"რუსი ჟურნალისტი, რომელიც ქალაქ შუშში მდებარე მაცხოვრის ეკლესიასთან მუშაობდა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ეკლესიის ხელმეორედ დაბომბვის შედეგად დაიჭრა“, - განაცხადა ჰოვანისიანმა.

სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ოვანეს მოვსესიანის განცხადებით კი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ტაძრის დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ჟურნალისტი დაიჭრა. მისივე თქმით, რუსი ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.

  • ფაშინიანი საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების მოლოდინში

ყოველივეს პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებას ელოდება.

"მსურს, ხაზი გავუსვა სომეხი ხალხის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის კმაყოფილებას საფრანგეთის პრეზიდენტის გულწრფელი, სიმართლეზე დაფუძნებული პოზიციის გამო. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტიდან, საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ველოდები. ჩემი მოლოდინი ნამდვილად არის ის, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა Tv5Monde-სთან ინტერვიუში.

  • პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს რუსეთში ელის

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მთელი რიგი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეაჩერონ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ცხედრებისა და პატიმრების გაცვლის მიზნით.

ამ საკითხებზე კონსულტაციების გასამართად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან მოსკოვში 9 ოქტომბერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაღდალიანმა "ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში შესაძლო ვიზიტზე კი აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. საომარი მოქმედებები ამ დრომდე არ წყდება.

სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკაზე მიიტანეს იერიში