ოპოზიცია კვლავ ისვენებს. რაიმე სერიოზული პრობლემის წარმოჩენა კი არა, უკვე ოპოზიციონერი რესპონდენტებიც სანთლით გვყავს საძებარი. ეს იმის ფონზე, როდესაც საკმაოდ გააქტიურდა სახელისუფლებო ძალა და ინიციატივას ინიციატივაზე გვთავაზობს.
ოპოზიციის ნაწილი 29 სექტემბერს საერთო-სახალხო კრების მოსამზადებელი სხდომის ჩატარებას გეგმავს, თუმცა ოპოზიციის სხვა ნაწილი ამ აქციაში მონაწილეობას არ აპირებს. ვესაუბრებით რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ დავით ზურაბიშვილს.
- ბატონო დავით, რას ფიქრობთ საერთო-სახალხო კრების შესახებ?
- ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ, რადგან არ ვფიქრობთ, რომ ამ გზით მოხერხდება ოპოზიციური განწყობების კოორდინაცია და ორგანიზება. სახალხო წარმომადგენლობისთვის არსებობს პარლამენტი, თუ ეს კეთდება ალტენატიული ორგანოს შესაქმენლად, არც ეს მიგვაჩნია სწორად. არა მგონია, ამისთვის ან საზოგადოება იყოს მომზადებული, ან ვითარება ითხოვდეს რაიმე მსგავსი ორგანოს შექმნას. მეორეც, სრულიად გაუგებარია რის საფუძველზე უნდა შეიქმნას ეს სახალხო წარმომადგენლობა, ვინ უნდა შეიკრიბოს და, რის საფუძველზე?
ამ ეტაპზე არც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა მგონია გამართლებული, არ ვიცი, იქნებ რაიმე საიდუმლო იარაღი აქვთ ან ჯადოსნობის უნარს ფლობენ. რომ არ გადადგეს, მერე? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ უცებ მთელი საქართველო ფეხზე დადგება და აიძულებს გადადგომას? ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. ვფიქრობ, ოპოზიციაში ეტაპობრივად უნდა მოხდეს პოზიციების გაძლიერება, ამისთვის იქნებ აქციებიც გახდეს საჭირო, მაგრამ უფრო კონკრეტული მიზნებით და მოთხოვნებით.
- ოპოზიციის ბოლოდროინდელ ინერტულობაზე რას იტყვით, ერთგვარი ქილიკის საგნადაც კი იქცა, რომ საქართველოში ოპოზიციონერობა მხოლოდ სეზონურია...
- რაც უნდა აქტიური იყო, ძნელია იმოქმედო, თუ მხარდაჭერას არ გრძნობ... კონკრეტულად ჩვენს აქტიურობას რაც შეეხება, ჩვენზე დიდი გავლენა იქონია ალიანსის დაშლამ, ჩვენ სტრატეგია აწყობილი გვქონდა ალიანსზე, ბუნებრივია, გადასაწყობად გარკვეული დრო გვჭირდება.
- რას იტყვით საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ბევრი მიიჩნევს, რომ ამით სააკაშვილი ცდილობს, ხელისუფლებაში 2012 წლის შემდეგაც დარჩეს...
- მოგახსენებთ მხოლოდ ჩემს აზრს, პარტიის პოზიციას კი უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. აქ ასე მარტივად და პრიმიტიულად არ უნდა იყოს საქმე. ვგულისხმობ იმას, რომ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილება და სააკაშვილი აუცილებლად პრემიერ-მინისტრად მოგვევლინება, კვლავ იქნება ხელისუფლებაში. საქმე ისაა, რომ სააკაშვილს პრობლემა აქვს გარე სამყაროსთან. კრემლი აცხადებს, რომ საქართველოსთან არ დაილაპარაკებენ, ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში.
დასავლეთის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის მიხედვით, აუცილებელია რუსეთთან მოგვარდეს ურთიერთობა და ასეთ კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნა აღარ შეიძლება, ეს მათაც უქმნის პრობლემებს, ამ პრობლემების სათავე კი არის სააკაშვილი როგორც პიროვნება და არა როგორც პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი.
დასავლეთის პოზიცია ასეთია: მას არ სურს სააკაშვილზე ზემოქმედება, რომ ის ვადაზე ადრე წავიდეს ხელისუფლებიდან, ამით გამოვა, რომ რუსეთს დაუთმეს და რომ თურმე ამ რეგიონში რუსეთის პოზიცია ყოფილა მთავარი. მეორე მხრივ, იმავე დასავლეთში ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ 2012 წლის შემდეგ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში.
თუ ის მაინც დარჩება ხელისუფლებაში ქვეყნის რეალური მმართველი აღარ უნდა იყოს. სააკაშვილმა ეს მშვენივრად იცის და ის მანიპულაციები, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებით ატარებს, არის ბოლო გაფართხალება, იქნებ რამე გამოუვიდეს... ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ მის გარდა შეუძლებელია, ვინმე იყოს აქ მმართველი.
თუ დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ის უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ სააკაშვილი საქმეს გაიიოლებდა და მესამედ იყრიდა კენჭს პრეზიდენტობაზე. სააკაშვილისთვის თუნდაც ნომინალურად მასზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი გარკვეულწილად რისკი და საფრთხეა.
- ბრძანეთ, რომ დასავლეთისთვის მიუღებელია სააკაშვილი, რას იტყვით დანარჩენ სახელისუფლებო გუნდზე, სადაც რამდენიმე დაჯგუფება არსებობს, რომელთაც შესაძლოა გაუჩნდეთ ძალაუფლების ხელში აღების სურვილი...
- ასეთი ტიპის რეჟიმებში დაჯგუფებები და მათ შორის დაპირისპირებები არის და იქნება, თანაც, საკმაოდ მწვავეც. ამ ხელისუფლებაშიც არსებობს ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრი, მაგრამ სააკაშვილის გარეშე ისინი, უბრალოდ, ვერ იარსებებენ.
ამიტომაც ეს დაპირისპირებები სააკაშვილს საფრთხეს ვერ შეუქმნის. თუმცა ბოლო ხანს სააკაშვილი ცდილობს, რომ თანამდებობებზე ისეთი ხალხი წამოსწიოს, რომელიც მისი ერთგული იქნება. ამის მაგალითია ვერა ქობალიას სკანდალური დანიშვნა.
- ამბობენ, რომ ეს ქალბატონი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრის სავარძელშიც ვიხილოთ...
- თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ სააკაშვილი ცდილობს, მერაბიშვილისა და ადეიშვილის სახელისუფლებო დაჯგუფებები დააბალანსოს და წინ წამოსწიოს პიროვნულად თავისი ერთგული ხალხი, მაშინ შეიძლება სააკაშვილმა ახალი სამთავრობო ცვლილებებიც განახორციელოს, რა, ჭკუა დაუშლის, თუ?..
- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკვე დაიწყო მუშაობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, ბოლო ხანს ლაპარაკია იმაზე, რომ ამ პროცესს შეიძლება თურქეთიც შეუერთდეს...
- პრეზიდენტი რომ სისულელეებს ლაპარაკობს, რა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვერ იტყვის უარეს სისულელეს? არ მინდა, ასეთი სიდებილის კომენტირება. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარი რამ, ამაზე არც თურქეთი დათანხმდება და არც აზერბაიჯანი. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეეძლო და მაინც საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობს.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)