ავტორი:

„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე

„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე

„ვინილომაგია - ვინილომანია“ - ასე ეწოდება წიგნს, რომელიც გიამბობთ ყველაფერს მე-20 საუკუნის 50-იანი წლების მნიშვნელოვანი მოვლენის - ვინილის ფირფიტის შესახებ.

ვინილის ფირფიტამ მუსიკა კიდევ უფრო საყოველთაო გახადა; განაპირობა ახალი კულტურული ტენდენციების, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის დამკვიდრება.

მიუხედავად იმისა, რომ ვინილის ფირფიტის მთავარი ღირსება მისი საყოველთაოობა იყო, მასზე ხელი ყველას არ მიუწვდებოდა. მასზე ჩაწერილი მეოცე საუკუნის როკ თუ პოპ მუსიკის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები საბჭოთა კავშირში აკრძალულ ხილს წარმოადგენდა და მხოლოდ იატაკქვეშეთში ვრცელდებოდა. თვით ბევრი მუსიკათმცოდნეც ისე კვდებოდა, იმ დროინდელ მუსიკალურ ტენდენციებს ვერ ეცნობოდა, რადგან საბჭოთა ცენზურა ამის საშუალებას არ აძლევდა.

წლების შემდეგ, ვინილის ფირფიტა კიდევ უფრო დაფასდა. ის ბევრი მელომანისთვის დღესაც უმნიშვნელოვანეს შენაძენს წარმოადგენს, რის მიზეზებზეც თემურ ტონიამ თავის წიგნში „ვინილომაგია - ვინილომანია“ ისაუბრა.

თავად ავტორი თემურ ტონია აღნიშნავს, რომ წიგნში ვინილის ფირფიტის შესახებ, ყველაფერია განხილული, როგორც მისი შექმნის, ისე გავრცელების, მისი გავლენების, ცენზურისა და ტექნიკური დეტალების შესახებ.

„როცა მე ნამუშევარს დასრულების შემდეგ გადავხედე, ყველაზე ღირებული ჩემთვის ის არის, რომ ამ წიგნმა უნებურად მოახერხა, შეეხოს იმ პრობლემას, რასაც პოსტკომუნისტურ სივრცეში და განსაკუთრებით, საქართველოში დასავლეთთან ადაპტაციის სირთულეები ჰქვია. ეს არ არის ჩემ მიერ ხელოვნურად შექმნილი ნააზრევი. ვინილის განვითარების ისტორიას თუ გადახედავთ, დავინახავთ, 60-იან წლებში ვინილის მეშვეობითმუსიკის გავრცელება როგორ ხდებოდა, მთელი ეს კულტურული რევოლუცია კი ჩვენ საბჭოთა კავშირის სივრცეში მცხოვრები ხალხისთვის შეზღუდული იყო. ვინილის ფირფიტებზე ჩაწერილი როკენროლი თუ სხვა საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკა არ შემოდიოდა არათუ მოსახლეობაში, არამედ თვითონ კულტუროლოგებიც და მუსიკათმცოდნეებიც მოწყვეტილები იყვნენ ამას. საქართველოშიც, რუსეთშიც და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებშიც იყვნენ ახალგაზრდების მცირე ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ, აკრძალული ხილი მოეპოვებინათ“, - განმარტავს თემურ ტონია.

რას მიიღებს მკითხველი წიგნისგან? – „ვინილომაგია - ვინილომანიის“ შესახებ წიგნის რედაქტორსაც ვესაუბრეთ. გამომცემლობა “პალიტრა L”-ის რედაქტორი ლადო იოსებაძე აღნიშნავს, რომ წიგნი მისთვის, როგორც მკითხველისთვის ძალზე ინფორმაციული და საინტერესო იყო.

„წიგნში გასული საუკუნის 60-70-80-იანი წლების თბილისის მელომანთა ისტორიებია მოთხრობილი, თუ როგორ შოულობდნენ იმ დროისთვის საბჭოთა კავშირში აკრძალულ, უცხოეთიდან სხვადასხვა ხერხებით შემოტანილ ვინილის ფირფიტებს, მსოფლიოს უდიდესი ჯაზისა და როკის ვარსკვლავების ჩანაწერებით. ასევე, ახერხებდნენ საუკეთესო მუსიკალური აპარატურის შოვნასაც. რაც მთავარია , მასში არაფერია გამოგონილი, ყველა `გმირი~ თავისი ნამდვილი სახელითა და გვარითაა მოხსენიებული, მოკლედ, იმ დროის თბილისური ყოფის ძალზე საინტერესო მხარეა გაცოცხლებული“, - აღნიშნავს ის.

ლადო იოსებაძის განმარტებით, წიგნში პროფესიულ დონეზეა მოცემული ინფორმაცია ყველა დროის საუკეთესო ჯაზმენებსა და როკის ვარსკვლავებზე, საუბარია იმ ტექნოლოგიებზე, რომელთა საშუალებითაც ვისმენდით მათ მიერ შექმნილ საოცარ მუსიკას. ეს ის ღირებულებებია, ყავლი რომ არ გასდის, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, თუ, რა თქმა უნდა, მუსიკა გიყვარს.

„მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მოთხრობილი ბევრი რამ ჩემთვის ნაცნობი იყო, მაინც უამრავი საინტერესო, პირადად ჩემთვის გასაოცარი ფაქტის შესახებ შევიტყვე. მაგალითად, თბილისში ცხოვრობს `ვინილომანი~, ბატონი თამაზ გოშაძე, რომლის კოლექციაც 10 000-ზე მეტ, დიახ, არ მეშლება, 10 000-ზე მეტ უნიკალურ ვინილის ფირფიტას ითვლის. კიდევ ბევრი ასეთი საინტერესო ფაქტის შესახებ შეიტყობთ, თუ ამ წიგნს წაიკითხავთ“, - აღნიშნავს ის.

დღეს, ვინილი არათუ გაქრა, არამედ პოპულარობასაც იხვეჭს. მის მოსასმენად სპეციალური აპარატურაც მზადდება და იყიდება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. როგორც წიგნშია აღნიშნული, ვინილის ფირფიტა უფრო მეტად ქმნის ცოცხალი შესრულების შთაბეჭდილებას, ვიდრე ინტერნეტში ან CD-ზე მოსმენილი მუსიკა. სწორედ ამიტომ, ბრუნდება 50-იანი წლების ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი უკან. თემურ ტონიას წიგნი„ვინილომაგია - ვინილომანია“ კი ლიტერატურული პრემია „საბა 2020-ის“ ფინალისტია ნომინაციაში „საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“.

ვისთვის არის „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“?

რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"

"პალიტრა L" 15 წლისაა - როგორ ულოცავს გამომცემლობას იუბილეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე