ავტორი:

"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა

"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ქალ მეცნიერებს, ემანუელ შარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას გენომის ცვლილების მეთოდის აღმოჩენისა და განვითარებისთვის გადასცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნობელის პრემია ქიმიაში მხოლოდ ქალებმა მიიღეს. ქალ მეცნიერებს პრიზი აქამდეც მიუღიათ, თუმცა მამაკაც მეცნიერთან კოლაბორაციული საქმიანობით.

როგორც BBC წერს, შარპანტიესა და დუდნას აღმოჩენა ცნობილია, როგორც Crispr-Cas9 "გენეტიკური მაკრატელი“ და წარმოადგენს ცოცხალი უჯრედების დნმ-ში სპეციფიკური ცვლილებების შეტანის გზას. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ყოველივე 2012 წელს აღმოაჩინეს. აღიარება კი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გარღვევიდან 8 წლის შემდეგ მოიპოვეს. გავიცნოთ უკეთ ნობელიანტი ქალები:

  • ემანუელ შარპენტიე

ის 1968 წელს, საფრანგეთში დაიბადა. დოქტორის ხარისხი პარიზის Pasteur-ის ინსტიტუტში მიიღო. მუშაობდა აშშ-ის, ავსტრიის, შვედეთისა და გერმანიის სამეცნიერო ინსტიტუტებში, ისევე როგორც საფრანგეთის სამეცნიერო ინსტიტუტში. აქვს უამრავი ჯილდო მიღებული, თუმცა ნობელის პრემია მისი ყველაზე დიდი აღიარებაა.

ემანუელ შარპანტიე მთელ თავის ცხოვრებას სამეცნიერო მოღვაწეობას უძღვნის და მთლიანად ამ საქმეშია ჩაფლული.

ნობელის პრემიის მიღების შემდეგ მას ასეთი კითხვა დაუსვეს - ის ფაქტი, რომ პრიზი ქალებმა მიიღეთ, დანარჩენი ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია? - რაზეც შარპანტიემ უპასუხა:

"იცით, პირველ რიგში, მე მეცნიერი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გოგონები, ახალგაზრდა ქალები ირჩევენ მეცნიერებას და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია მათთვის, რომ ისინი საბოლოოდ მიიღებენ აღიარებას. მე ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიური მესიჯია გოგონებისთვის, რომლებსაც სურთ მეცნიერება აირჩიონ, ნამდვილად მკაფიო მესიჯია, რომ შენ გაღიარებენ მაშინაც კი, თუ ხარ ქალი. როგორც გავიგე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს პრიზი მხოლოდ ქალმა მეცნიერებმა მიიღეს“, - ამბობს ემანუელ შარპანტიე.

  • ჯენიფერ დუდნა

ჯენიფერ დუდნა ამერიკელი მეცნიერია. ის 1964 წელს ვაშინგტონში დაიბადა. არის ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ჯილდოს მფლობელი. ნობელის პრემიის მიღების შემდეგ კი თქვა, რომ ეს პრიზი ახალგაზრდა ქალი მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შესაძლოა, შთამაგონებელიც კი აღმოჩნდეს.

“ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალი მეცნიერებისთვის, მიუთითებს, რომ ქალის შრომაც შესაძლებელია ისე დაფასდეს, როგორც მამაკაცის. ვფიქრობ, ბევრ ქალს აქვს განცდა, რომ რაც უნდა გააკეთონ, მათ არ აღიარებენ ისე, როგორც მამაკაცების მიერ გაკეთებულ საქმეს.

მიხარია, როცა ვხედავ, რომ ასეთი დამოკიდებულება თანდათან იცვლება და ვთვლი, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, ჩვენ შთამაგონებლები ვიქნებით დანარჩენი მეცნიერი ქალებისთვის", - ამბობს დუდნა. ის იხსენებს ბავშვობის პერიოდსაც, როდესაც ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მეცნიერება მისი საქმე არ იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია.

"ქალი ხარ და მეცნიერება შენი საქმე არ არის, ხშირად მეუბნებოდნენ ბავშვობაში", - იხსენებს ჯენიფერ დუდნა.

მისი მეუღლე, ჯეიმი კეითი ბიოქიმიკოსია. წყვილმა ერთმანეთი კოლორადოს უნივერსიტეტში 1990 წელს გაიცნო. 2002 წელს დუდნას ვაჟი, ენდრიუ შეეძინა. მეცნიერი ამბობს, რომ ენდრიუ მისი "ყველაზე დიდი ექსპერიმენტია".

  • რისთვის მიიღეს ნობელის პრემია?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ე.წ. გენეტიკური მაკრატელი, სახელად CRISPR/Cas9, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება შეცვალონ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დნმ. ეს არის რევოლუციური აღმოჩენა, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების საშუალებას იძლევა, ასევე მისი დახმარებით, სამომავლოდ, მოსალოდნელია, რომ გენეტიკურ დაავადებებსაც განკურნავენ.

ნობელის ქიმიის კომიტეტის თავმჯდომარის, კლაეს გუსტაფონის თქმით, ეს არის უზარმაზარი აღმოჩენა, რომელიც დასაბამს აძლევს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შექმნას.

შარპანტიესა და დუდნას აღმოჩენა უკვე დანერგილია მეცნიერებაში. მასზე დაყრდნობით კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდები შეიმუშავეს და ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს. მეცნიერები თვლიან, რომ მალე შესაძლოა, ნობელიანტი ქალების აღმოჩენამ მედიცინაში გადატრიალება მოახდინოს.

სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკაზე მიიტანეს იერიში