მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, კახა მიქაიას ზუგდიდის ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან და მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ დატოვოს ქალაქი.
- ზუგდიდის ხელისუფლება მოითხოვს ჩვენი, ანუ ოპოზიციისა და სიმართლის მთქმელი ჟურნალისტების ქალაქიდან ოჯახებით გაძევებას. მას შემდეგ, რაც ყოფილი განათლების მინისტრის, კახა ლომაიას მამის, ბატონი ბორისის მიერ მექალთანე-მეწისქვილე ჭიჭიკოს სახლ-მუზეუმის პრეზენტაციის ამბები გამოვააშკარავეთ, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ვიტალი თოფურიამ ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მიქაიას და ვიღაც მწერლებს, რომლებსაც ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებ, სასამართლოში ვუჩივლებ. ამ ამბავს უსისხლოდ არ დავტოვებ, მოვითხოვ, კახა მიქაიამ სახლ-კარი გაყიდოს და ზუგდიდი დატოვოსო.
აგერ ნახავთ, მიქაიას ჩემი ხელით თუ არ დავმარხავ, ბორის ლომაიას ნაბოდვარს როგორ უჯერებთ, მას ასანთსაც აღარ აძლევენ, სკლეროზიანია და შეიძლება სახლ-კარი გადაწვასო. ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ზუგდიდელმა ბუკა შენგელიამ განაცხადა, რომ მიქაია არის ჩამშვები, კაცთმოძულე, ბოროტი ადამიანი და ზუგდიდში აღარ დაედგომებაო. დაიმუქრა, ცხვირ-პირს დავუნაყავ, ეს კაცი ქუჩაში კი არა, ქვეყანაზეც არ უნდა დადიოდესო.
- ამ ყველაფრის შემდეგ მაინც თავისუფლად დადიხართ ზუგდიდის ქუჩებში?
- მე მათი არ მეშინია.
- ჭიჭიკოს წისქვილი კვლავ მუშაობს?
- დიახ. შემატყობინეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ წისქვილის დაწვა ჰქონდა განზრახული, მერე ჩვენთვის რომ გადმოებრალებინათ. მაგრამ ამ ტერიტორიაზე მოსახლეობას ყანები აქვს დათესილი და წისქვილისთვის ცეცხლი რომ მოეკიდებინათ, ყანებიც გადაიწვებოდა. ისე, ეს წისქვილი მართლა დასაწვავია!..
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)