ავტორი:

ბავშვების მეურვე დედას  ქონების ნახევარზე მეტის მიღება შეუძლია - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, რომელიც უნდა იცოდეთ

ბავშვების მეურვე დედას  ქონების ნახევარზე მეტის მიღება შეუძლია - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, რომელიც უნდა იცოდეთ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2019 წელს საქართველოში განქორწინების 11 205 ფაქტი დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით განქორწინების კოეფიცინტი 1000 კაცზე არის 3.0. უკანსასკნელ წლებს თუ გადავხედავთ, განქორწინების რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითად, 5 წლის წინ ეს ციფრი 9 112 იყო, კოეფიციენტი – 2.4. 10 წლის წინ კი კოეფიციენტი მხოლოდ 1.1–ს უდრიდა.

2019 წლის მონაცემებით განქორწინების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 0–4 წლამდე ხანგრძლივობის ოჯახებში იყო. მაღალია მაჩვენებელი 20 და მეტი წლის ხანგრძლივობის ოჯახებშიც, ყველაზე დაბალი კი 15–19 წლიან ოჯახებში ფიქსირდება.

განქორწინების რიცხვის მატებასთან ერთად, იზრდება განქორწინებასთან დაკავშირებული სასამართლო დავებიც. ამ დროს მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიცური იურისტის ჩართულობა, რომ სწორად მოხდეს საქმის გადაწყვეტა, ქონების გაყოფა, მეურვეობის დაკისრება და სხვა საკითხები. თემებზე, თუ როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ და რას ნიშნავს თანამესაკუთრეობა, საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭაშვილი საუბრობს.

ზოგადად, როგორ ხდება საქართველოში განქორწინების გაფორმება?

საქართველოში განქორწინების ორი ფორმა არსებობს. ერთი, როდესაც მხარეებს შორის არის შეთანხმება, მათ არ აქვთ დავა ბავშვებთან ან ქონების გაყოფასთან დაკავშირებით და ყველაფერზე შეთანხმებული არიან. ამ შემთხვევაში, ისინი იუსტიციის სახლში მიდიან და განქორწინების ხელშეკრულებას აფორმებენ. ეს ისევე ხდება, როგორც ქორწინების გაფორმება.

თუმცა არის მეორე ვარიანტიც, როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე და განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართავენ. ამ დავას, როგორც წესი, 4 კომპონენტი ახლავს თან: ქორწინების შეწყვეტა ანუ რეგისტრაციის გაუქმება, ქონების გაყოფა, შვილებთან დაკავშირებული მზრუნველობის წესის განსაზღვრა და საალიმენტო ვალდებულებების განსაზღვრა. სწორედ ამ 4 საკითხს წყვეტს სასამართლო. თუმცა, ყველაზე პრიორიტეტული, როგორც წესი, ორი საკითხია ხოლმე. ეს არის ქონების გაყოფა და ბავშვებთან დაკავშირებული ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

როგორ ხდება ქონების გაყოფა განქორწინების შემდეგ?

საქართველოს კანონმდებლობით, ქონების გაყოფის კლასიკური წესი არის ქორწინების გამავლობაში შეძენილი ქონების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, თუ რამდენი შემოსავალი ჰქონდა თითოეულ მეუღლეს ცალ–ცალკე და რომელი იყო მეტად დაკავებული საოჯახო საქმეებით. სასამართლო ყველაფერს ჰყოფს ორად, თუ ამის შესახებ მხარეები პრეტენზიას არ აცხადებენ. აქ საუბარია როგორც უძარავ ქონებაზე, მაგალითად, სახლსა და მიწაზე, ისე მოძრავ ქონებაზე, ავტომობილსა და საოჯახო ძვირფას ნივთებზე. რისი გაყოფაც ვერ ხერხდება, მას სასამართლო ფულადი სახით აკომპენსირებს.

რას ნიშნავს თანასაკუთრება და რა ითვლება მეუღლეების თანასაკუთრებად?

თანასაკუთრების მცნება წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებს შორის არსებობს რეგისტრირებული ქორწინება. ამიტომ ჩვენ ყველას ვურჩევთ ქორწინების დროს აუცილებლად გააფორმონ სამოქალაქო რეგისტრაციაც, რომ მათ შორის წარმოიშვას თანასაკუთრების ფორმა. არასდროს ვიცით, რა მოხდება მომავალში, ამიტომ უმჯობესია ყველაფერი თავიდანვე დოკუმენტურად გამართული იყოს.

ჩვენს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მეუღლეებს შორის არ არის სამოქალაქო ქორწინება, მაგრამ ისინი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ, ერთად ეწევიან საოჯახო მეურნეობას, ჰყავთ შვილები. თითოეული ამ ფაქტორის მიუხედავად, მათ შორის თანამესაკუთრეობა არ წარმოიშვება და შესაბამისად, განქორწინების დროს ქონების გაყოფა პრობლემური და სადავოა. სამოქალაქო რეგისტრაცა ერთადერთი საფუძველია იმისა, რომ ორ ადამიანს შორის წარმოიშვას თანასაკუთრება.

სამოქალაქო ქორწინების დროს შეძენილი ნებისმიერი ქონება არის თანასაკუთრება და მასზე უფლება ორივე მხარეს თანაბრად აქვს მიუხედავად იმისა, თუ ქონება ერთ მეუღლეზე ფორმდება. მის თანამესაკუთრედ მეორე მეუღლეც თანაბრად ითვლება და ამის პრეზუმცია გვაქვს.

რა ხდება მაშინ, როდესაც მეუღლეებიდან მხოლოდ ერთია დასაქმებული? ამ შემთხვევაში ქონება როგორ იყოფა?

სამოქალაქო რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა დასაქმებულია თუ არა ორივე მეუღლე ან რამდენად თანაბარი შემოსავალი აქვთ. მათი ქონება ნებისმიერ შემთხვევაში თანაბრად იყოფა. შემოსავლის არ მქონე მეუღლეც კი, რომელიც საოჯახო საქმეებს უძღვება, სრულუფლებიან თანამესაკუთრედ ითვლება. საქართველოს კანონმდებლობით, ქონების თანასაკუთრებაზე ამ მიზეზით გამონაკლისები არ დაიშვება.

რამდენად ხშირია სასამართლო დავები ქონების გაყოფის საქმეზე? როგორ სრულდება ხოლმე მათი უმეტესობა?

სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ასეთი დავები. როდესაც მეუღლეები ვერ ახერხებენ თანასაკუთრების გაყოფას, მათ სასამართლოსთვის მიმართვა უწევთ. სასამართლო პროცესების უმეტესობა სრულდება ისე, რომ მეუღლეები ქონების ½–ს იღებენ.

თუმცა კანონში გვაქვს ერთი გამონაკლისი ნორმა, რომელსაც მხარეები ხშირად არ ითვალისიწინებენმ, რადგან მის შესახებ არ იციან. რეალურად კი ძალიან საჭირო დებულებაა. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბარობის პრინციპს და ერთ–ერთ მეუღლეს მიკაუთვნოს მეტი იმის გათვალისწინებით, თუ რომელ მშობელთან რჩებიან არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა, ყურადღება და ფინანსური რესურსი სჭირდებათ. ეს ძალიან სასარგებლო გამონაკლისი ფორმაა. როგორც წესი, ეს მხარე არის ხოლმე დედა, რომელსაც მიეკუთვნება ბავშვების მეურვეობა და მოვლა. ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს სასამართლოსთვის ამ მოთხოვნით, რადგან საალიმენტო დანაკისრი, რომელიც მამას ეკისრება, ხშირად არასაკმარისია ბავშვების მოვლისთვის და ამიტომ ვცდილობთ, მისი კომპენსირება ქონებით მოვახდინოთ. სასამართლო, როგორც წესი, ამ მოთხოვნას გვიკმაყოფილების ხოლმე, რადგან მისი სწორი არგუმენტირება ხდება.

რამდენად მნიშვნელოვანია საქორწინო ხელშეკრულება და რამდენად ცვლის საქმის ვითარებას ქონების გაყოფის დროს?

საქორწინო კონტრაქტი მიუხედავავდ იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემოღებისთანავე იურიდიული ძალის მქონეა, საქართველოში ძალიან არაპოპულარულია. მე ვფიქრობ, ეს კარგი არ არის. ამ დროისთვის, საქორწინო კონტრაქტს ძირითად ისეთი მეუღლეები აფორმებენ ხოლმე, რომელთაგანაც ერთ–ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ამის კულტურა თავისი ქვეყნიდან მოსდევს.

სასამართლო დავების დროს საქორწინო კონტრაქტის არსებობა რადიკალურად ცვლის საქმის ვითარებას და ამ დროს სასამართლო ყველაფერს ხელშეკრულებაში არსებული პირობების მიხედვით წყვეტს. სწორედ ამიტომ სასურველია, რომ პრაქტიკაში საქორწინო კონტრაქტი ხშირად გვხვდებოდეს. ამ დროს წყვილი ქონების გაყოფისას უსიამოვნო სიურპრიზებისა და გაურკვევლობისგან დაცული იქნებიან.

"კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული, თუმცა დახურული ბაღები ეტაპობრივად იხსნება" - კახაბერ გვანცელაძე

"გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას" - ბადრი ესებუას მამა მიმართავს

რამდენი ადამიანია თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროში და რამდენი პაციენტი გადის მკურნალობას ბინაზე - უახლესი მონაცემები