ავტორი:

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთის გარშემო სკანდალი გრძელდება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნია რუკა, რომლითაც საქართველოს პოზიცია დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში გაცილებით უფრო დამაჯერებელი და მტკიცე იქნება, მოგეხსენებათ, პროკურატურამ საქმე აღძრა და ძიება დაიწყო, 7 ოქტომბერს კი დააკავეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ისინი საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები იყვნენ. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის - დავითგარეჯასთან. ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და არ აღიარებენ.

გაზეთი "კვირის პალიტრა" წლების განმავლობაში აქტიურად აშუქებდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, არქივში იძებნება არაერთი საინტერესო სტატია, რომლის მიხედვითაც ცხადად ჩანს, რომ როგორც აზერბაიჯანის მონაკვეთზე, ისე სხვა მოსაზღვრე ქვეყნებთან პრობლემები გამუდმებით იჩენდა თავს.

გაზეთის 2009 წლის 29 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ხელისუფლების მძიმე შეცდომებს საკუთარი მიწებით ვზღავთ", რომელშიც სწორედ იმჟამად საზღვარზე შექმნილ ვითარებაზეა ლაპარაკი.

"საქართველომ 1920 წლიდან დღემდე ხელისუფლების უგერგილობისა და უხეში პოლიტიკური შეცდომების გამო დაკარგა 18507 კვკმ ტერიტორია. ეს მხოლოდ 2004 წლის მონაცემებია და სამწუხაროდ, პროცესი გრძელდება. ამას მხოლოდ უცხო, მესამე ძალას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ჩვენ ჩვენივე უპასუხისმგებლობის მწარე მოსავალსაც ვიმკით. მამისონის უღელტეხილის სკანდალი ორ კვირაზე მეტია გრძელდება, მაგრამ პასუხი კითხვაზე, რატომ ააფეთქეს ხიდი, საზოგადოებას არა აქვს. საუბრობენ, რომ ხიდი ხელისუფლების მითითებით ააფეთქეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ახალ ომში ჩათრევას ცდილობს და საბაბს ეძებს, რისთვისაც სწორედ მამისონის უღელტეხილი შეიძლება გამოდგეს", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელის ერთ-ერთი რესპoნდენტიც ჯანსუღ კეკელიაა - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, კარტოგრაფი, პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი და როგორც ირკვევა, ის იყო საზღვრების დელიმიტაციის საექსპერტო კომისიის წევრი, რომელიც დატოვა.

  • ამონარიდი სტატიიდან:

"- თქვენ საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის საექსპერტო კომისიის წევრი იყავით. რატომ დატოვეთ კომისია?

ჯანსუღ კეკელია:

- ბევრი რამის გამო. საზოგადოებამ არ იცის, რა უბნებია შეთანხმებული და დელიმიტირებული და ეს არ მომწონს. სახელმწიფო კი მოსახლეობას არაფერს ეუბნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია მისი ქვეყნის მიწის ყველა გოჯი.

არაპროფესიონალიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა. ჯერ იყო და, კონსტიტუციით დააკანონეს საზღვრები, რომლებიც არც დელიმიტირებული იყო და არც დემარკირებული. ახლა რა უნდა ვქნათ? კუ ბაკნიდან ხომ ვერ ამოხტება, არა?

სომხებთან მოლაპარაკების დროს კონსტიტუციაში შეტანილი ასეთი წინდაუხედავი მუხლის გამო ვერაფერი გავაკეთე. ისტორია ვერ მოვიშველიე, ეს კანონი მეღობებოდა წინ. როგორ შეიძლება საზღვრები მეზობლებთან დელიმიტირებულიც კი არ გქონდეს და კონსტიტუციაში საზღვრები გქონდეს განსაზღვრული? საქმის გაფუჭება ამით დაიწყეს, თორემ ეს ხელის შემშლელი გარემოება რომ არ ყოფილიყო, თავისუფლად ვიდავებდით ბევრ ჩვენთვის სასარგებლო საკითხზე. ჩვენს ოპონენტებს ძველ რუკებს დავუწყობდით წინ და დავას მაინც მოვახერხებდით. საქმის მცოდნე კაცისთვის იოლია იმის დასაბუთება, რა იყო ჩვენი და რა - არა. სომხებს კონსტიტუციაში არც თავისი ტერიტორია უწერიათ და არც საზღვრები. როცა ვკითხეთ, გაუკვირდათ, მეზობლებთან საზღვრები არც დელიმიტირებული გვაქვს და არც დემარკირებული და კონსტიტუციაში რას ჩავწერდითო.

სამხედრო გეოგრაფიაშიც ვმუშაობ. გამზადებული მაქვს წიგნები სააქართველოს ტერიტორიის, საზღვრებისა და დასახლებული პუნქტების შესახებ. აქ აღწერილია ყველა კუთხე-კუნჭული, გაკეთებულია შეფასებები. ხომ არ დავაწერ ზედ, ეს სამხედრო გეოგრაფია არის-მეთქი? არადა სწორედ რომ სამხედრო გეოგრაფიის მასალაა. მინდოდა, მიმეწოდებინა შესაბამისი სტრუქტურების ჩინოვნიკებისთვის, ჩაეხედათ მაინც შიგ. მინდოდა, მეჩვენებინა, რა რას ნიშნავს, რომელი სტრატეგიული ობიექტი სად მდებარეობს, რისი პატრონი ვართ, როგორ უნდა მოვიქცეთ 2000 მეტრს ზემოთ, როდის რომელ უღელტეხილზე შეიძლება გადასვლა. ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ ამის ცოდნა აუცილებელია. იქით გამიხდა სახვეწარი... უვიცების დოღია ქვეყანაში. პროფესიონალების კეთროვანებივით ეშინიათ! ჰოდა, რაც ახლა საზღვრებთან ხდება, უვიცობის კანონზომიერი შედეგია.

კომისიიდან კიდევ იმიტომ გამოვედი, რომ საქმის გაკეთების ნება არ იყო. ყველაფერი ჯანჯლდებოდა, ხან უფულობას იმიზეზებდნენ, ხან რას და ხან რას. რამდენადაც ვიცი, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცის. საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში. ვის უმალავენ ან რატომ? სამწუხაროდ, არც პოლიტიკური ნებაა, რომ საზღვრების საქმე მოგვარდეს. (იხილეთ სტატია სრულად)

კიდევ ერთი სტატია, სათაურით: "ვის რას ვუმალავთ? ხომ არ არის ეს ტერიტორიები აზერბაიჯანთან სხვა თემებზე ვაჭრობის საკითხი?" 2011 წლის წლის 25 აპრილით თარიღდება.

  • ნაწყვეტი სტატიიდან:

"სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაცვაა. თუმცა საქართველოში მოვალეობებსა და რეალობას შორის დიდი ხანია ჩატყდა ხიდი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანა ტერიტორიებს ხან ომით კარგავს, ხან - "უნებურად". მდინარე ალაზანს ტერიტორიები ყოველწლიურად მიაქვს, გაზაფხულზე, როცა ხშირად წვიმს, დღეში თითქმის 25-30 მეტრ მიწას გლეჯს ხოლმე. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია Genn-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგმა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 297 ჰექტარი შეადგინა.

ნინო ფხოველიშვილი, ფერმერი:

"როცა ფერმა ავაშენეთ, მდინარე ალაზნიდან 300 მეტრით ვიყავით დაშორებული, ახლა კი 80 მეტრიღაა დარჩენილი. მაგალითად, მილარის ტერიტორიაზე არის ყურე, რომლის სიგანეც 180 მეტრი იყო, დღეს კი მხოლოდ 30 მეტრია. ორი

ყურე ალაზანმა უკვე გაარღვია და 70 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაღმა დარჩა. იქით ვერ გადავდივართ ვერც ფერმერები და ვერც ქართველი მესაზღვრეები. იმ ტერიტორიებით აზერბაიჯანელები სარგებლობენ და იმათი მესაზღვრეები აკონტროლებენ".

ნინო ფხოველიშვილთან საუბრის შემდგომ საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლა გადავწყვიტეთ. საზღვრისპირა სოფლებისკენ ტრანსპორტი არ დადის, ტაქსის მძღოლებიც კი უარს ამბობენ. წნორში ჩასულს, ბოლოს და ბოლოს, ერთი დანჯღრეული გაზ-31-ის მძღოლი დამთანხმდა ერისიმედში წასვლაზე. ჩემი მეგზური, თამაზ ჭაბაშვილი, წნორელია, საზღვრისპირა სოფელ მილარში კი ფერმა აქვს.

გიორგი ჭაბაშვილი:

"ზედ საზღვართან მაქვს მიწა აღებული იჯარით. მდინარე ალაზანი ჭამს მიწასა, გადმოიწია ალაზანმა 30-40 მეტრითა. თანდათან რეცხავს ნაპირებს და თუ არ გამაგრდა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს გადავა. ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, თუ სახელმწიფომ არ გამაიღო ხელი. ისინი ამაგრებენ ნაპირებს და ჩვენ არა! რამდენიმე წლის წინ იგივე საფრთხე ემუქრებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიასაც, მდინარეს უნდა გადაეჭრა ყუნწი და ჩვენკენ დარჩენილიყო მათი მიწა, მაგრამ აზერბაიჯანელებმა მთელი ოთხი წელიწადი ზიდეს ქვა-ღორღი და ტერიტორია ისე გაამაგრეს, არაფერი ემუქრება. არ კარგავენ ერთ გოჯსაც...

სოფელი ერისიმედი, თუ სიმართლე გინდათ, კომუნისტებმა დაინარჩუნეს. ეგ ტერიტორია ალაზანგაღმა იყო დარჩენილი, ან ბორანით გადავდიოდით, ან ზაქათალიდან შევდიოდით. ერისიმედთან დასაკავშირებელი ხიდი 80-იან წლებში ააშენეს. მაშინ უფრო გვპატრონობდნენ. ჩვენს მთავრობას კიდე სიმართლეს რო ეტყვი, სწყინს, ეგრე არ არიო! თავიანთ ლეშსაც კი პატრონობენ აზერბაიჯანელები. შარშან ტყეში მივდიოდი, ხელში ნაჯახითა. აქ რასა შვრებიო, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დამიჭირეს.

წამიყვანეს და სამი დღე ვყავდი დაკავებული. უკან რომ დამაბრუნეს, იმათი წარმომადგენელი გამომყვა. ცხენი მოჰკვდომოდათ საზღვარზე. ჩვენმა მესაზღვრეებმა მკვდარიც კი შეუნახეს და ისინი კიდე ცოცხალსაც არ უნახავენ ქართველობასა". (იხილეთ სტატია სრულად)

ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 79-ს ტაქსის მძღოლს და 56 ბაზრის მოვაჭრეს დაუდასტურდა - როგორია ბოლო მონაცემები

"მოემატა შეკვეთები, მაგრამ ჩვენ ხელფასები მოგვაკლდა..." - "გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ

"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები