საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის მტკიცებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ერთიანი გუნდით გავა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გოკა გაბაშვილმა განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ყველაზე მწყობრად ჩამოყალიბებული ძალაა, რომელსაც ბევრი ინიციატივა აქვს განხორციელებული და კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. მისი თქმით, ეს პოლიტიკური ძალა საკუთარი მოქმედების და რეალური რეფორმების გაგრძელებას აპირებს, მათ შორის, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის და გამარჯვების გზით.
რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის ვარაუდს, რომ მომავალ არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება, გაბაშვილი ამბობს, რომ ასეთი შეფასებები მას რამდენიმე წელია ესმის. "რამდენიმე წელია მესმის, რომ ჩვენ დავიშლებით, თუმცა მხოლოდ ოპოზიციის რღვევას ვხედავ", - განაცხადა გაბაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი კი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობა" თუნდაც ფორმალურად მაინც დაიშლება და ცალ-ცალკე პარტიებად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მომავალ პარლამენტში კი კოალიციას შექმნიან. ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც ვარაუდობს და ფიქრობს, რომ ეს "ფორმალური რღვევა ნაციონალებში", უკვე წლის ბოლომდე დაიწყება.