ავტორი:

გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"

გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"

ქართული ანბანი თავისი 33 ასო-ბგერით მსოფლიოს ანბანთა შორის საპატიო ადგილს რომ იკავებს, ეს დიდი ხანია, ვიცით. ისიც ვიცით, რომ თითოეული ასო-ბგერა საოცრად მჟღერი და მეტყველია, თუმცა 11 წლის გაგა ჯანხოთელმა ის სრულიად სხვაგვარად დაინახა. ბიჭუნა სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ მეექვსეკლასელია, ერთ დღესაც სკოლაში საშინაო დავალებად კლდისა და თუთის ხის გასაუბრებაზე (რომელიც ერთ-ერთ ლექსში იყო მოცემული), თემა უნდა დაეწერა. ''წერისას უეცრად ხელი გამეკრა და ასო ადამიანის სახეს დაემსგავსა ისე, რომ მეგონა, ცოცხალი იყო'', - ამბობს გაგა. მერე თვალები, ხელები, ფეხებიც მიახატა და მთელი ანბანი ასე გაასულიერა. მოკლედ, ბუნების გასულიერება ანბანის გასულიერებით დასრულდა ისე, რომ ასო-ბგერები ცალ-ცალკე პერსონაჟებად აქცია. ამბობს, რომ ზოგი მათგანი ნამდვილი პერსონაჟია, ზოგი - გამოგონილი, - მისი ფანტაზიით შექმნილი. გაგას ნამუშევრებს, რომელიც დედამ სოციალურ ქსელში განათავსა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიჭუნას ნამუშვარი და იდეა მოუწონეს. ახლა თითოეულზე მოთხრობას ქმნის, რაც ძალიან უნდა, რომ ანიმაციად იქცეს. ბავშვის მშობლებთან საუბრისას ირკვევა, რომ ბიჭუნას ხატვის ნიჭი აქვს და ხატავს, ამასთან, ბაბუც მხატვარ-მოქანდაკე ყოლია, - მაგრამ ამ კონკრეტულ ნამუშევრებში ისინი იდეას უფრო ხედავენ, ვიდრე თავად ხატვის ტექნიკას... გაგას მუსიკაც უყვარს, დადის ფორტეპიანოზე, გიტარაზე. იტაცებს სპორტიც - ცურვა, ჩოგბურთი, „როლიკები“... სკოლაშიც კარგი მოსწავლეა...

თუ გაგას მიერ გაცოცხლებულ ანბანს მივუბრუნდებით, გეტყვით, რომ ზოგი ასო-ბგერა გურმანია, ზოგი მომღერალი, პოლიციელი, სპორტსმენი, ჩოგბურთელი... დიახ, მის პერსონაჟებში იპოვით სპორტსმენ როზას, მხატვარ ხოსეს, პოლიციელ ჩაპს. მეგობარი, თანაკლასელი ცოტნეც პერსონაჟად აქცია და ის ასო-ბგერა „ც“ გახლავთ. „ქ“ კი მისი ბებო ქეთინოა, ეზოში პომადის გარეშე არ გადის და პრანჭია ქეთინოაო... „დ“ წელში მოხრილია და ბაბუს მივამსგავსე, „ძ“ მამაჩემის მეგობარია, ელექტრიკოსი - გურულია და ძამას ეძახიან, იტალიაში რომ ვცხოვრობდით, ჩვენს ქვემოთ რესტორანი იყო, სადაც მზარეულს ენსო ერქვა, ამიტომ „ე“ ბგერა ის კაცია,“ - აღნიშნავს გაგა, რომლის ანბანის პერსონაჟებს თავისი ამბები, ისტორიები აქვთ და მათ შესახებ სწორედ თავის მოთხრობებშიც თანდათან მოგვიყვება. საბოლოოდ კი, როგორც აღვნიშნეთ, უნდა, რომ ყველაფერი ანიმაციად იქცეს.

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა