ავტორი:

"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

"მასტერშეფის“ მეოთხე სეზონი მოულოდნელობებით არის სავსე. ჯერ იყო და ძალიან გამოცდილმა მზარეულმა ლადო დანელიამ დატოვა პროექტი, გასულ გადაცემაში კი პროექტს ოქროს წინსაფრის მფლობელი მარიამ კობახიძე დაემშვიდობა. როგორც მარიამი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, არ ელოდა მოვლენების ასე განვითარებას და წუხს, რომ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ მიეცა.

მარიამი ჯერ მხოლოდ 21 წლის არის. როგორც ამბობს, კულინარიით ბავშვობაშივე დაინტერესდა:

"დედაჩემი რომ ამზადებდა, დახმარებას ვთავაზობდი და ჩემთვის რაღაცებს ვამზადებდი. დედა არაფერს არ მიშლიდა, სამზარეულო ყირაზეც რომ დამეყენებინა, პრობლემა არ ჰქონდა: როგორც გინდა გააკეთე და ასე ისწავლიო. დედაჩემის ასეთმა მიდგომამ უფრო წამახალისა, რომ ექსპერიმენტებიც ჩამეტარებინა.

როცა დაინახეს, რომ კულინარია მაინტერესებდა, ყველანაირად გვერდში დამიდგნენ: კულინარიის აკადემიაში ჩამაბარებინეს, ხელი შემიწყვეს. დანარჩენი უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული - რამდენად სერიოზულად მივუდგებოდი ამ სფეროს. ვფიქრობ, მათი იმედები გავამართლე.“

- როგორ შეაფასებდით თქვენს მონაწილეობას "მასტერშეფში“?

- ამ პროექტში მოსვლა იმიტომ მინდოდა, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა, დამოუკიდებლად მუშაობა მესწავლა. ვფიქრობ, ჩემი მაქსიმუმი ვერ დავანახე ჟიურის, ამის შესაძლებლობა ნაკლებად მომეცა. საკმაოდ რთული დავალებები იყო, განსაკუთრებით ბოლო, რომელმაც პროექტი დამატოვებინა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ ისე მოგემზადებინათ, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, არ დატოვებდით პროექტს?

- არა, არ დავტოვებდი. სულ სხვა რაღაც მქონდა ჩაფიქრებული და ადგილების გაცვლის შემდეგ სულ სხვა რაღაც დამახვედრა მირიანმა. ჩემს კერძში რაღაც ნაწილი მისი იყო, მისაში - ჩემი. გამოდის, რომ საერთო კერძები იყო, რომლებიც არც მე ამსახავს და არც მირიანს. ასე რომ, ნამდვილად რთული დავალება იყო, თუმცა, ალბათ, მზარეულს სხვისი კერძის გადაკეთებაც უნდა შეეძლოს.

- ჟიურიმ ოქროს წინსაფარი გადმოგცათ. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?

- დიდი პასუხისმგებლობა იყო. ვფიქრობ, დამსახურებულად მომანიჭეს. ოქროს წინსაფარი რომ არ ამეღო, ვინანებდი პროექტში მონაწილეობას. თავიდან არ ველოდი, თუკი პროექტს ამ ეტაპზე გამოვეთიშებოდი, მაგრამ მეორედ რომ შეგვიცვალეს ადგილები და კვლავ ჩვენს კერძებთან დაგვაბრუნეს, მაშინ ძალიან ავნერვიულდი, ისტერიკა დამეწყო. ის არ გამოვიდა, რაც ჩაფიქრებული იყო.

- დარჩენილ კონკურსანტებზე რას ფიქრობთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი და ვინ - სუსტი?

- არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ნატალია სხვებთან შედარებით სუსტია. ვიცი, რომ ძალიან კარგი დიასახლისია, სახლში უგემრიელეს კერძებს აკეთებს და კარგი ხელი აქვს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ის დარჩებოდა პროექტში და ლადოს გაუშვებდნენ, რადგან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან ნიჭიერია. იმასაც კი ვფიქრობდი: მე როგორ დავრჩი და ლადო როგორ გაუშვეს-მეთქი, ძალიან მოულოდნელი იყო.

- იგივე შეგრძნება გქონდათ, როცა თქვენ დატოვეთ პროექტი?

- დიახ, მქონდა უსამართლობის განცდა. შეიძლება ახლა ეს ისე ჟღერს, თითქოს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ როცა ხედავ, რომ ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ და ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან, უსამართლობის განცდა გრჩება.

- მთავარ კონკურენტად ვინ მიგაჩნდათ?

- მირიანი. ყოველთვის ვეუბნებოდი: შენი ყველაზე მეტად მეშინია-მეთქი. ასევე ლუკაც ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ლუკა და მირიანი ფინალში აუცილებლად უნდა იყვნენ.

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები

ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე და როგორ ცხოვრობს ქართული სამეფო ოჯახი